BBC"-ის ცნობით, პაკისტანის სასამართლომ ცნობილი „ავღანელი გოგონას" შარბათ გულას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, თუმცა საბოლოო განაჩენი ჯერ არ დაფიქსირებულა.
პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით, შარბათ გულა ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობს და მისი დაკავების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
გულა პაკისტანში, საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად დააკავეს, სადაც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა.
დაკავებისას მას პაკისტანური და ავღანური პასპორტები აღმოაჩნდა.
შარბათ გულას, რომელიც ახლა 44 წლის არის, 14-წლიანი პატიმრობა და 3-იდან 5 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
სამართალდამცავები ასევე 3 პაკისტანელ ჩინოვნიკს ეძებენ, რომლებმაც ავღანელ ქალს ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუმზადეს.
შარბათ გულა ერთ-ერთი ავღანელი აღმოჩნდა, რომელმაც ნაომარ ქვეყანაში დაბრუნებას პაკისტანში დარჩენა ამჯობინა. როგორც გაირკვა, სამართალდამცავები მას 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
შარბათ გულამ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1985 წელს ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ მისი ფოტო „National Geographic"-ის ყდაზე დაბეჭდა.
1984 წელს, ომის თემაზე მუშაობისას, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ 12 წლის გოგონა, გულა გადაიღო და ფოტოს „ავღანელი გოგონა" უწოდა. გოგონას ფოტო მალევე შერაცხეს „ავღანელ მონა ლიზად".
17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, გულა მოეძებნა. შარბათ გულას ავღანურ ტომში მიაკვლია და ქმრის ნებართვით, ფოტო ისევ გადაუღო.
„ავღანელი გოგონას" ფოტო „National Geographic"-ის ისტორიაში, ყველაზე წარმატებულ ფოტოდ ითვლება.