დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით შატილს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.
„ჩვენ დავპირდით საქართველოს მოსახლეობას, რომ შატილს ელექტრომომარაგება 23 ნოემბრისთვის აღუდგებოდა, კოორდინირებული მუშაობით კი შევძელით 2 ნოემბრისათვის დაგვესრულებინა სამუშაოები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შატილში შეწყვეტილი ელექტრომომარაგების აღსადგენად დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ერთად დროული და თანმიმდევრული ქმედებები განახორციელა.
„შატილს დაპირებული 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგა. ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას" კოორდინირებული მუშაობით 3-თვიანი სამუშაოების დასრულება 1 თვეზე ნაკლებ დროში შევძელით. პრობლემებზე მყისიერი რეაგირება ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებაა და შატილის საკითხი შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა, თუ რა იგულისხმება ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. აგრეგატის რეაბილიტაცია 2 ცვლად მიმდინარეობდა და უკვე განხორციელდა მისი ტრანსპორტირება-ადგილზე დამონტაჟების და ტესტირება-გაშვების სამუშაოები, რის შედეგადაც შატილის მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.