იურიდიული ფირმა GLCC -ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი სასამართლო საქმეების გაჭიანურების მთავარ მიზეზებსა და დღეს არსებულ პრობლმებზე საუბრობს
იურიდიული ფირმა GLCC თითქმის 10 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. დაარსების დღიდან კომპანია პროფესიული კუთხით დინამიურად ვითარდება და ძლიერდება. პარალელურად წლიდან წლამდე იზრდება ფირმის საწესდებო კაპიტალიც. „დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო, სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას ვთავაზობთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კლიენტებს", - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ გეგმებიც ამჯერადაც ამბიციური აქვთ.
10 პროფესიონალი იურისტისა და ადვოკატისგან შემდგარ გუნდს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია. „ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სრულ იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. მომსახურების გაწევისას კომპანია ორიენტირებულია კლიენტის დროისა და თანხის ოპტიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღებაზე. ჩვენთან კლიენტი თავს გრძნობს კომფორტულად, დაცულად და საიმედოდ", - განმარტავს იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.
ფირმის მიზანია, კორპორაციული განვითარება და გაფართოება, რაც გამოიწვევს მომსახურების ხელმისაწვდომობას საქართველოს ყველა რეგიონში, წარმომადგენლებისა და ფილიალების მეშვეობით.
ბაზარზე დღეს არსებულ პრობლემებზე, მის დარეგულირების გზებზე, კომპანიის მიზნებზე, საქმიანობასა და სამომვალო გეგმებზე საუბრობს იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.
- ბ-ნო, ირაკლი, რამდენად შესაძლებელია, არსებულ გარემოში მიაღწიო სამართალს?
- „სამართლის პოვნა" ყოველთვის იყო და დღესაც რჩება პრობლემურ და რიტორიკულ საკითხად. ზოგადად, როდესაც სასამართლო დავაზეა საუბარი, უმეტეს შემთხვევაში (იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც მხარეები მორიგებით ასრულებენ დავას), ყოველთვის არსებობს უკმაყოფილო მხარე, რომლისთვისაც სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია და უსამართლოდაც შესაძლოა ეჩვენებოდეს. კონკრეტულ საქმეებს არ შევეხები, ზოგადად გიპასუხებთ, რომ არის საქმეები, რომლებმაც შეიძლება „სამართალი ნახოს". ზოგჯერ კლიენტი მხოლოდ იმიტომ ვერ აღწევს სამართლიანობას, რომ უბრალოდ დაგვიანებულია დავის წამოწყება, ზოგ შემთხვევაში არ არსებობს იმის წერილობითი მტკიცებულება, რაც რეალურად მოხდა და რისი დამტკიცებაც საქმეს შემოაბრუნებდა. დგას საჭიროება საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დანერგვისა და ამაღლების, რაც ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. შესაბამისად, სამართლიანობის მიღწევაც უფრო მეტად იქნება შესაძლებელი.
- რას შეცვლიდით, რას დაარეგულირებდით თქვენს სფეროში, რა პრობლემებს, ბარიერებს აწყდებით „სამართლის ძიებისას"?
- ქვეყანაში შექმნილი ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა. სახელმწიფო პრაქტიკულად არ ზრუნავს, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და აღსრულდეს სამართლიანად და დროულად. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი პრობლემა დღეს. სამართლის მიღწევა გულისხმობს მართლმსაჯულების აღსრულებას. დღესდღეობით, სასამართლოში საქმის დაწყება, საქმის მოგება და ასეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაც კი, შესაძლოა, საქმის წაგების ტოლფასი იყოს, რადგან პროცესი შეიძლება 2-3 წელი გაგრძელდეს და ის ეფექტი, რაც მას უნდა ჰქონოდა, სრულებით დაიკარგოს. შემდეგ კი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ისეთი შეცვლილი მდგომარეობა გამოიკვეთოს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩეს.
ეს არის სწორედ ის მთავარი, რაც ძირეულად უნდა შეიცვალოს: მართლმსაჯულება, პირველ რიგში, ეფექტიანი უნდა იყოს, რაც, თავის თავში მოიაზრებს როგორც დროულობას, ასევე აღსრულებადობას, ანუ სასამართლომ გონივრულ ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, სხვა შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა აზრს უკარგავს მოსარჩელე მხარეს, რადგან მისი შედეგი იმდენად შორეული და ბუნდოვანია, რომ მის ეფექტზე საუბარი ძალზედ რთულდება.
- და მაინც, რატომ ჭიანურდება სასამართლო პროცესები?
- სასამართლოებში საქმეების გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა მცირე რაოდენობა და მათ მიერ განსახილველი საქმეების სიმრავლეა, ასევე მოსამართლეთა როტაცია (ვადის გასვლა). ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვა და სრულმასშტაბიანად ამოქმედებაა. კერძო არბიტრაჟების ინსტიტუტი დღეს საზოგადოებაში უნდობლობით სარგებლობს, რაც გასული წლების მანკიერი პრაქტიკიდან მოდის. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს გავრცელებული დამოკიდებულების შეცვლისთვის და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
- გაგვიმხილეთ ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც მოიგეთ და კმაყოფილი ხართ...
- გახმაურებული რამდენიმე იყო, ბოლოს რაც მახსენდება, არის შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა, რომლის შედეგადაც ჩვენს კლიენტს სრულად მოეხსნა დამატებით დარიცხული გადასახადი დაახლოებით 2,4 მილიონი ლარის ოდენობით. ეს იყო წარმატებით დასრულებული სასამართლო პროცესი და კლიენტისთვის მილიონობით შემცირებული გადასახადი. ნამდვილად კმაყოფილი ვარ!
- საკმაოდ რთულია, საჯარო უწყებას მოუგო სასამართლო, მითუმეტეს, როცა ბიზნესკომპანიის დამცველი ხარ...
- გეთანხმებით, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. საკმაოდ ხშირია ამ ბოლო პერიოდში სასამართლოს მხრიდან ისეთი თამამი და რაც მთავარია სამართლიანი ნაბიჯები, როგორიც ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითია. ხშირად ხდება, რომ სასამართლო უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისა თუ გამოცემის პროცესში, ვიდრე ადრე ხდებოდა, რაც თავისთავად მისასალმებელია.
- უარი თუ გითქვამთ საქმეზე?
- რა თქმა უნდა! ალბათ შეუძლებელია ყველა საქმის აღება. უფრო მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში უარის თქმას პროფესიული ეთიკის ნორმები გვავალდებულებენ. მაგალითად, მახსენდება შარშან, ჩვენს ფირმაში გამოაგზავნეს პიროვნება, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, სასამართლოში საქმე წამოეწყო მისი ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ფირმის კლიენტი იყო. ეს არის აშკარა ინტერესთა კონფლიქტი და ასეთი ტიპის საქმეების აღება დაუშვებელია. არის უფრო მსუბუქი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად, ჩვენი ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ საქმის აღებას გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ კლიენტზეა საუბარი, აქაც იკვეთება გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი და ასეთი საქმეებისთვის ხელის მოკიდებისგანაც თავს ვიკავებთ. არის შემთხვევები, როდესაც ისეთი საქმე მოაქვთ, რომლის მოგების პრაქტიკული შანსი არ არსებობს და ეს თავისთავად არ უნდა დაუმალო კლიენტს, ტყუილად არც შენი დრო უნდა დახარჯო და არც კლიენტის ფინანსები.
- რამდენად კორექტულია კლიენტის ხსენება, ან თუ თვლით საჭიროდ თქვენი კონკრეტული საქმეების გასაჯაროებას...
- იცით, კლიენტის და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისის გასაჯაროება, კლიენტის წინასწარი თანხმობის გარეშე, არაეთიკურია. ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება სწორედ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვაა. ასეთი ისტორიაც არის, რომ ერთ-ერთ ქალაქში საკმაოდ ხნიერი იურისტი გარდაიცვალა და მის გარდაცვალებას მთელი ქალაქი ზეიმობდა, რადგან ამ ქალაქის მცხოვრებთა ყველა საიდუმლო გაუმჟღავნებელი დარჩა. ეს საკითხები ზოგადად კონფიდენციალურია და კონკრეტული საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი, თუ ამის შესახებ თანხმობა არ გაცემულა, მიზანშეუწონლად მიმაჩნია.