თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით საბავშვო ბაგა-ბაღებში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ბევრი არაკვალიფიციური თანამშრომელი იყო დანიშნული, რაზეც მუშაობა ამჟამად გრძელდება.
„წლების წინ, ათეულობით ბაღში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არაკვალიფიციური თანამშრომლები დანიშნეს. მათ უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ და კანონის შესაბამისად გათავისუფლდნენ. დღეს, სააგენტო კადრებს კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ნიშნავს და არა პოლიტიკური ნიშნით. 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე 20-მდე დირექტორი და 50-მდე სხვა თანამშრომელი გათავისუფლდა." - განაცხადა თემურ თორდინავამ და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში განსაკუთრებული კონტროლი მიმდინარეობს.
„მინდა განვაცხადო, რომ ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებსა და სათამაშოებს გადამალავს, მკაცრი ღონისძიებები გატარდება. სააგენტოს ახალი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, რომ წლების მანძილზე არსებული მანკიერი პრაქტიკა დასრულდეს და ვფიქრობ, ამგვარ ფაქტებს წერტილი მალე დაესმება. ნებისმიერი ასეთი დარღვევის მიმართ პრინციპულები ვიქნებით."