logo_geo
eng_logo
ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები
- +

2 ნოემბერი. 2016. 19:18



დიპლომატიაში დამკვიდრებული წესია, რომ ახლად დანიშნული ელჩი პირველად იმ ქვეყანაში ყველაზე სტაჟიან ელჩს უნდა შეხვდეს. ასეთი სიერა-ლეონეს ელჩი აღმოჩნდა და მე ტრადიციის დასაცავად მასთან წავედი. მოგვიანებით ჩვენმა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა და საპარლამენტო კომისიაზე ჩვენების მიცემისას დეპუტატებმაც, გამაკრიტიკეს, რა გესაქმებოდა სიერა-ლეონეს ელჩთანო. სხვებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მინისტრის მხრიდან ეს, უბრალოდ, იმას ნიშნავდა, რომ საერთოდ ვერ ერკვეოდა, რა სფეროში მუშაობდა - ჩვენდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ელჩებთან შეხვედრები რანგის და მნიშვნელობის მიხედვით დავგეგმე. პროამერიკული კურსის დემონსტრირება რომ არ გამომსვლოდა, პირველი ვიზიტით ამერიკის ნაცვლად, საფრანგეთის ელჩს ვესტუმრე. საფრანგეთის საელჩოში საკმაოდ ცივად დამხვდნენ. მიღებული წესია, როდესაც ელჩის მანქანა დროშით მოდის, ჭიშკარი იხსნება და საელჩოს ეზოში პირდაპირ გიშვებენ. ამათ ჯერ ქუჩაში მალოდინეს, შემდეგ ეზოში შესვლისას - კიდევ 5 წუთი, შესახვედრად არავინ გამოვიდა, შემდეგ ამიყვანეს და ფოიეში გამაჩერეს. სამივე ეს ფაქტი დიპლომატიის ენაზე არაკეთილგანწყობას ნიშნავს. სხვანაირად არ შეიძლება იყოს - ქვეყანა, რომელმაც დიპლომატია მეცნიერებად აქცია, არის საფრანგეთი. საელჩოს კედელზე გამოფენილია რუსეთში მოღვაწე ფრანგი დიპლომატების სურათები დაწყებული მე-16 საუკუნიდან.


საფრანგეთის ელჩთან თბილი საუბარი მქონდა, მაგრამ მთლიანად ეს ქცევები მიჩვენებდა, რომ რაღაცით გაღიზიანებულები იყვნენ. ანუ საფრანგეთი თავს რუსეთის მთავარ ევროპულ მოკავშირედ განიხილავს და შენი მოქმედებები მისი მთავარი მოკავშირის მიმართ მისთვის სასიხარულოარაა.


მეორე შეხვედრა გერმანიის ელჩთან მინდოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მას მოგვიანებით შევხვდი. რატომ არის ამერიკა ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ქვეყანა? - იმიტომ, რომ ხალხი ჰყავს „სმარტი" და აქტიური! ამერიკელები თვითონ მესტუმრნენ! მათ ამ დროს ელჩი დანიშნული არ ჰყავდათ და ელჩის მოადგილე და პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოვიდნენ. ამით ამერიკელებმა აჩვენეს, რომ მეგობარი ქვეყნები ვართ და მეორეც, დაინტერესებულები არიან, როგორ განვითარდება ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა. ამის შემდეგ შევხვდი გერმანიის ელჩსაც, სადაც ასევე ცუდად მიმიღეს. ესეც დამკვიდრებული წესია, როცა მანქანაში ელჩი ზის, ამ მანქანის ანტიტერორისტული შემოწმება არ შეიძლება. ჩემმა მძღოლმა მითხრა, რომელიც თხუთმეტი წელია მძღოლია, ასეთი შემოწმება აქამდე არასოდეს ყოფილაო. ესეც ჩვენს მიმართ გარკვეული გაღიზიანების და უნდობლობის ნაწილი იყო. ყველა ელჩს, ვისაც მე შევხვდი, მთავარი, რაც იყო, ვეუბნებოდი, რომ პრეზიდენტისგან მქონდა დავალება, რამენაირად დაგველაგებინა რუსეთთან ურთიერთობა. დაახლოებით 15-20 ვიზიტი გავაკეთე სხვადასხვა საელჩოში. თვე-ნახევრის განმავლობაში, გარდა ძირითადი საქმიანობებისა, ანუ უშუალო შეხვედრებისა რუსეთის პოლიტიკურ თუ სხვა მნიშვნელოვან წრეებთან, ყოველდღიურად ერთ ან ორ ელჩს ვხვდებოდი იმიტომ, რომ დრო გვქონდა დაკარგული და ვნერვიულობდი, რომ დაკარგულის ანაზღაურება მომესწრო.


ჩვენ საუბრისას ვცვლიდით ინფორმაციას რუსეთის შიდა სიტუაციასთან დაკავშირებით. თუ არა შენი კოლეგისაგან, ვისგან შეიძლება გაიგო, რას ფიქრობენ საქართველოზე რუსეთში და შენი და მათი ხედვები შეადარო.


ბუნებრივია, 200-ვე ელჩთან ვერ იმეგობრებ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლათინური, აზიური, არაბული ან აფრიკული ქვეყნების და ჩვენი ინტერესები რუსეთისადმი აბსოლუტურად განსხვავებულია, და შესაბამისად, მათთან შეხვედრა ჩემთვის, გარდა ადამიანური ურთიერთობისა, არაფრის მომცემი არ იქნებოდა.


ჩემი ინტერესის წრეს წარმოადგენდნენ ის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ჩვენთვის საჭირო პროცესებში, ანუ მეგობარი ქვეყნები, ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნები. დსთ-ის ქვეყნები და მათი ელჩების უზარმაზარი გამოცდილება კიდევ ცალკე თემაა.


რუსეთი არ არის მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, შესაბამისად, დსთ-ის ქვეყნებიდან მოსკოვში ძალიან გავლენიან ხალხს ნიშნავენ, რომლებიც ე.წ „ტოპ ელჩები" არიან. მაგ. ძალიან გავლენიანი იყო უკრაინის ელჩი; ყაზახეთის ელჩი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა, რომელზეც საუბრობდნენ, რომ რაღაც დროებითი პრობლემა შეექმნა, თორემ ნაზარბაევის შემდეგ ყაზახეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია. მის სახის გამომეტყველებაზე და ურთიერთობებშიც უმალ იგრძნობდი, რომ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანთან გქონდა საქმე. ასევე ფოლად ბულბულ-ოღლი, აზერბაიჯანის ყოფილი კულტურის მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტის პირადი მეგობარია. ძალიან საინტერესო ელჩი ჰყავდა ლიტვას, ლატვიის ელჩი, საკადრო დიპლომატი და ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად განწყობილი ადამიანი ჩვენს მიმართ. ფანტასტიკური ქალი იყო ესტონეთის ელჩი, რომელმაც თავის კისერზე გადაიტანა რუსეთ-ესტონეთის კრიზისი. მე როცა ჩავედი, მას ვადა უმთავრდებოდა, ერთხელ შევხვდით მის გაცილებაზე. ჩათვალე, რომ მოსკოვში ჩადიან ტოპ-დიპლომატები და გავლენიანი ადამიანები, ეს არ არის რომელიღაც მესამეხარისხოვანი ქვეყანა. შესაბამისად, ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, შევხვდი ევროკავშირისა და სლოვაკეთის ელჩებს, რადგან მაშინ სლოვაკეთი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მათგან მივიღე ინფორმაცია, რაც ამ სამიტზე საქართველოს უკავშირდებოდა.


გერმანიის ელჩი გეუბნება, რა იყო ფრანკ შტაინმაიერისა და ლავროვის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი, ის, რაც შენს ქვეყანას ეხება. ეს არის კლასიკური ურთიერთობა, შენ აძლევ ინფორმაციას, ის გაძლევს რაღაცას და სურათი იქმნება. მე ამ ინფორმაციას მაშინვე თბილისში ვაგზავნიდი. გიორგი ზაქარაშვილი, ჩემი მთავარი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, დღეში წერდა სამ-ოთხ მოხსენებით ბარათს. ვინ კითხულობდა ამ ბარათებს - ეს კიდევ ცალკე საკითხია.


ეკა ტყეშელაშვილმა მინისტრად დანიშვნიდან უმოკლეს დროში კვალიფიციურ კადრებს სამსახურები დაატოვებინა. მისი დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ სამსახური დატოვა მინისტრის მოადგილემ და ერთ-ერთმა საუკეთესო დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. მან ამ ქალბატონისგან შეურაცხყოფა ვერ აიტანა და წავიდა უწყებიდან. ასევე წავიდა ბევრი ადამიანი, სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტის უფროსები იმის გამო, რომ მოვიდა ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა დიპლომატიაზე. 


კიდევ ერთი კომიკური ისტორია: მან მინისტრის მისაღებში რკინის კარი დაკიდა. კარი შეცვალა მისაღებში, თავისი კაბინეტის წინ. ამ კარს დაუყენა ვიდეოთვალი და ზარი და კარის გაღებაზე თანხმობას ან მდივანი იძლეოდა, ან თვითონ მინისტრი. ეს იყო საოცარი შოკი დიპლომატებისთვის. მთელი სამინისტრო გაოგნებული დადიოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის ადგილი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ხალხი დადის. ეს არ არის სოფლის მეურნეობის, ან შინაგან საქმეთა, ან ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც მართლა ბევრი ადამიანი მიდი-მოდის. აქ ურთიერთობენ მხოლოდ ქართული და უცხოური დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან, რომლებსაც პროტოკოლის შესაბამისად იღებენ და ეს ურთიერთობები ყოველთვის დარეგულირებულია. ამასთან, მინისტრი სამსახურში, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში მიდის. მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია სამსახურში 8-9 საათზე ერთი საათით შეირბენს, კაბინეტში სიგარეტს მოწევს, მეგობარს დაელაპარაკება და ისევ გარეთ გაიქცევა. მისთვის ეს არ არის სამსახური, ეს ე.წ „პერევალოჩნი" პუნქტია. ნიკოლოზ ვაშაკიძის ნაცვლად მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ნინო კალანდაძე. აქ რა დამსახურებისთვის დანიშნეს, მარტო თვითონ და სააკაშვილმა იციან. ადამიანი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, სად არის, მით უმეტეს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ე.წ. „სინუსსერვისზე", ანუ როგორ მიდის საქმის წარმოება, ნოტა როგორ უნდა დაიწეროს ან წერილი როგორ უნდა დაიგზავნოს, ფაქტობრივად, სამინისტრო დანგრეულია.


აქედან გამომდინარე, სამინისტროს ეფექტურობა ძალიან დაბალია. ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანდა. ამის მაგალითია ისიც, რომ ბოლო წლებში 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეს საელჩო საერთოდ არ აღნიშნავდა. მე გადავწყვიტე აუცილებლად აღმენიშნა ეს დღე. მე შემეძლებოდა მომეწვია რუსეთის ელიტა, გავლენიანი ხალხი, ერთი, შეიძლება ვთქვათ მათ დასამეგობრებლად და მეორეც, მათთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენ მაგარი ქვეყანა ვართ, წინ მივდივართ და ეს ღონისძიება ამის დემონსტრირებაც უნდა ყოფილიყო.


ვიკითხე, სად ტარდებოდა ხოლმე მსგავსი სადღესასწაულო ღონისძიებები და გავარკვიე, რომ მნიშვნელოვან მიღებებს ზურა წერეთელთან აწყობდნენ. მეც მირჩიეს, თუ რამეს აკეთებ, ზურასთან გააკეთე, თორემ ეწყინებაო. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ იყო ორი გარემოება, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლიდი: პირველი წერეთლის დარბაზი ძალიან დიდია და ასეთი მიღებისთვის შეუფერებელი, სივრცეში ჩაიკარგები, შუა დარბაზში ძალიან დიდი ქანდაკება დგას, დარბაზის ბოლოში კიდევ დეკაბრისტთა ცოლების დიდი კომპოზიცია. ეს დარბაზი კამერული საღამოსთვის ნამდვილად არ გამომადგებოდა. მეორეც, რუსეთის ელიტა დისტანცირებულია საზოგადოების სხვა ფენებისგან და თუკი საქართველოში შესაძლებელია, რომელიმე მიღებაზე პრეზიდენტთან ერთად მოხვდე, რუსეთში ეს გამორიცხულია. გადავწყვიტე, ორი მიღება ჩამეტარებინა, 25 მაისს საელჩოში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქართველებისთვის და 26 მაისს სასტუმრო „სლავიანსკაიაში" რუსეთის ბომონდისა და დიპლომატებისათვის. ამ ღონისძიებისთვის საელჩოს სულ 20 ათასი დოლარი ჰქონდა, რითიც მოსკოვში ვერაფერს გააკეთებ, უბრალო დარბაზის ქირაობას არ ეყოფა. სპონსორები გამოვძებნე, რუსეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ საელჩოში ჩასატარებელი მიღება დააფინანსა, „მადნეულმა" - სატუმრო „სლავიანსკაიას" მიღება. სასტუმროს დირექტორი ქართველი მჟავანაძეა, რომელმაც დარბაზი მინიმალურ ფასად მოგვაქირავა. 25 მაისს საელჩოში 350 ქართველი მოვიდა. საქართველოს გარეთ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას განსხვავებული ემოცია ახლავს, ამათაც გაიხარეს ტრადიციის აღდგენით, ერთმანეთის ნახვით. იყო ჰიმნი, აღვმართეთ სახელმწიფო დროშა, უკრავდა შესანიშნავი ახალგაზრდა პიანისტი, რომელსაც მოსკოვში ხუბუტია პატრონობს და კინაღამ მოვკვდი: ოთხი საათი გაღრეჯილი ვიდექი და სხვადასხვა ხალხთან სურათებს ვიღებდი, რომლებიც გაცნობის შემდეგ სათითაოდ მთავაზობდნენ ქვეყნის გადარჩენის გზებს, მიყვებოდნენ რუსეთ-საქართველოს და საკუთარ პრობლემებზე.


26 მაისს ჩვენს მიღებაზე მივიყვანე მოსკოვის საუკეთესო ჯაზ-ბენდი, რომელიც ამერიკის საელჩოს მიღებებზე უკრავს ხოლმე, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან, როგორც დიპლომატიური ტვირთი, უნიკალური ქართული ღვინო „ქისი" და ხუთი წლის დაძველებული საფერავი ჩავიტანე. აკრძალულ თითო ბოთლ ქართულ ღვინოზე, შესაძლოა ჯარიმად 700 რუბლი გადაგვეხადა, მაგრამ ჩვენს მიღებაზე ქართული ღვინო უნდა ყოფილიყო, ემბარგოს პირობებშიც. მოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი, მე და მან სცენიდან მივმართეთ შეკრებილ საზოგადოებას. „გვინდა მეგობრობა და კეთილმეზობლობა", - ვუთხარი სტუმრებს.


გვესტუმრნენ კინორეჟისორები ელდარ რიაზანოვი და გიორგი დანელია, ჟურნალისტები კისელიოვი, ვენედიქტოვი, ბიზნესმენები, მათ შორის ბათუმელი აფხაზი თენგიზ აჩბა, ასევე ზელიმხან მუცოევი და ყველა „ტოპ" სახელმწიფოს ელჩი. იმღერეს ნანი ბრეგვაძემ და ბუბა კიკაბიძემ. ზურა წერეთელი მალე წავიდა, პარიზში მივფრინავო...


თითოეულ სტუმარი დავასაჩუქრე: საქართველოს დროშიან ჩანთებში ეწყო: ორი ბოთლი ღვინო და ერთიც ჭაჭა, ლამაზად დასურათებული წიგნები „საქართველო" და „თბილისი", ქართულდროშიანი „ბრელოკი".


ასეთი მასშტაბური მიღება იმ წელს რუსეთში არც ერთ საელჩოს არ ჰქონია. ძალიან დიდი და კარგი რეზონანსიც გამოიწვია. ყველა ჩვენს მიღებაზე საუბრობდა. არსად ასე მასობრივად საჩუქრებს არ არიგებენ, მხოლოდ „ბრელოკებს" და ყვავილებსაც კი. მე კიდევ ამ საღამოს შემდეგ მქონდა განცდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა „დათბებოდა" და აღარასოდეს გაცივდებოდა.


ეს ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. ამ სურვილის განსახორციელებლად კი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეიძლება, რომ ერთმა ელჩმა გააკეთოს. ვიფიქრე, რომ, მართალია, სააკაშვილს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მეზობელთან ურთიერთობას ვეღარ გამოვასწორებდით. ახალი იმედები რუსეთის ახალ პრეზიდენტს, ვლადიმერ მედვედევს დავუკავშირე. ალბათ, ყველას ახსოვს, პუტინის მიმართ სააკაშვილის ოდიოზური გამოსვლები და ფრაზეოლოგია. ამის გათვალისწინებით, ერთადერთ რამეს ვითხოვდი, სანამ ჩემი მუშაობა, რაიმე შედეგს მოიტანდა, სააკაშვილს რუსეთის ახალი პრეზიდენტი არ გაელანძღა.


„თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი" ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რუსეთის პრეზიდენტი მედვედევია. ეს ორგანიზაცია რუსეთში მედვედევის ერთ-ერთ დასაყრდენად მოიაზრება. ახალი რუსეთის გაჩენის რესურსი ამ ხალხთანაც არის დაკავშირებული. ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ბანკ „რენესანს კაპიტალის" ვიცე-პრეზიდენტი იგორ იურგენსი. ამავე დროს, იგი მეცნიერიცაა და ერთ-ერთი ადამიანია მათ შორის, ვინც ბიზნესმენ ხადარკოვსკის დაპატიმრებას მხარი არ დაუჭირა და ეს გააპროტესტა.


იურგენსი მალე გამოსცემს ძალიან სერიოზულ ნაშრომს „დემოკრატია - განვითარების რუსული მოდელი", რომელიც მედვედევის სამოქმედო პროგრამად მოიაზრებოდა. ეს არის ძალიან პროგრესული იდეების კრებული, სადაც საუბარია სიტყვის თავისუფლების დაცვასა და თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებზე, ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციაზე და ა.შ.


მედვედევს გარემოცვაში მრავლად ჰყავს ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ხალხი, რომლებიც რუსეთის ლიბერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნას ესწრაფვიან. ეს არის თანამედროვე თაობა, რომლებმაც განათლება ევროპაში მიიღეს, ევროპაშივე სწავლობენ მათი შვილები, აქვთ დიდი ბიზნესამბიციები და დიდ ქონებასაც ფლობენ ევროპის ქვეყნებში. მათი მიზანია ევროპასთან ინტეგრაციია. უფრო მეტიც, ისინი შაბათ-კვირას ევროპაში ატარებენ. მაგალითად, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი პარასკევს თავისი თვითმფრინავით რივიერაზე ან სადღაც მიფრინავს და კვირას ღამე ბრუნდება.


იგორ იურგენსს ივნისის შუა რიცხვებში შევხვდი და შევთავაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე კონფერენცია ჩაგვეტარებინა.


მე და იგორ იურგენსი ადვილად შევთანხმდით, რომ კონფერენციის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო, სად იკვეთებოდა და სად განსხვავდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და პოზიციები. გაგვერკვია ათვლის წერტილი, საიდანაც ჩვენი ხელისუფლებები კონფრონტაციული რეჟიმიდან გამოსვლას მოახერხებდნენ.


კონფერენცია მოსკოვში 19 ივნისს დაინიშნა, ჩვენი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ. ვფიქრობდი, ჩვენი მხრიდან ვინ წამეყვანა ამ კონფერენციაზე. მხოლოდ ის ხალხი რომ წამეყვანა, ვისზეც ვფიქრობდი, რომ სასარგებლო საქმეს გააკეთებდნენ, ვთქვათ ზურაბ აბაშიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, ვშიშობდი, კონტრპოდუქტიულ შედეგს მივიღებდი, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ამ ხალხს არ სწყალობდა და ეჭვითაც უყურებდა. ამიტომ, მერე რომ არ ეთქვათ, ეროსიმ მოსკოვში სააკაშვილის მტრები შეკრიბაო, უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლომაიას შევთავაზე, თავიანთი კანდიდატები დაესახელებინა. საბოლოოდ, წავედით მე, ზურა აბაშიძე, ამათი მხრიდან წამოვიდა დათო აფრასიძე, რომელიც საინტერესო ადამიანია, მას უბრალოდ ცუდი მეგობრები ჰყავს, თორნიკე გორგაძე, დიპლომატი, საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ძალიან კარგად იცნობს აქაურ სიტუაციასაც და სხვა რომ ვეღარ მოვიფიქრე, წავიყვანე თემურ იაკობაშვილი, კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი. ფაქტიურად, შეხვედრის ფორმატი დავარღვიეთ, ვინაიდან დელეგაციაში მოქმედი მინისტრი გვყავდა.


შეხვედრა შედგა მოსკოვის ცენტრში, ამ ინსტიტუტის სუპერგარემონტებულ შენობაში. თავად შენობა უზარმაზარი ბაღის შუაშია განთავსებული. ამ ნიუანსებს ვიხსენებ იმიტომ, რომ იოლად ვრწმუნდებოდი, რომ „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი" - არ არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან დაგვხვდნენ თავად იგორ იურგენსი, რუსეთის ყოფილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის წევრი მარგელოვი და კიდევ ორი გავლენიანი პოლიტოლოგი.


გვქონდა დიდი დისკუსია, ოღონდ ძალიან მეგობრული. მოგვიანებით, იურგენსმა მითხრა, კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად სპეციალურად შევარჩიე ეს შემადგენლობაო. საინტერესო იყო ამ შეხვედრაზე იგორ ივანოვის გამოჩენა. ვფიქრობდი და მიმანიშნეს კიდეც, რომ იგი პრეზიდენტ მედვედევის დავალებით შემოგვიერთდა. მისი დონის ფიგურები, როგორც წესი, ასეთ არაფორმალურ შეხვედრებს არ ესწრებიან.


პირველად მოხსენებით ივანოვი გამოვიდა. მან ხელისუფლებების ურთიერთობები ოთხმოცდაათიანი წლებიდან მიმოიხილა, ძირითადად პრეტენზია ჰქონდა, რომ ჩვენ მათ ხშირად ვატყუებდით. სიტყვა „გადაგდება" არ უთქვამს, მაგრამ ამას გულისხმობდა. მეორე, რუსეთის მხრიდან დათმობებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ წარმატებად და რუსეთის მარცხად განიხილავდა, რაც რუსეთს მომავალში დათმობებზე წასვლის სურვილს უკარგავდა.


სხვათა შორის, რუსები ამას ხშირად მეუბნებოდნენ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, გადავწყვიტოთ რაღაც პრობლემები, მაგალითად, ღვინის თემა, რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვა პოპულარული ნაბიჯი არ აღმოჩნდა, მაგრამ „გამოხტება" თქვენი პრეზიდენტი და იტყვის, აი, დედა ვუტირეთ რუსეთს. საკითხებს წყნარად, მიზანმიმართული მუშაობით გადავწყვეტთო.


ივანოვის ხედვა - ეს იყო რუსეთის პატრიოტის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თვალსაზრისი. ის ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ რეაქციულად განწყობილი.


ჩვენი მთავარი პრეტენზია კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდებოდა. გასული წლის 16 აპრილს, პუტინის ბრძანებით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს იურისდიქციას გვერდი აუარა და პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაიწყო როგორც აფხაზ, ისე ოს სეპარატისტებთან. აფხაზეთში რკინიგზის სარეაბილიტაციოდ სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. ამას პოლიტოლოგები ხსნიდნენ ვითომდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის სურვილით, მოგეხსენებათ, რომ მანამდე კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს პირდაპირ ჩამოურიგეს რუსული პასპორტები. ბუნებრივია, ამაზე ვაფიქსირებდით, რომ რუსეთი მოქმედებდა, როგორც აგრესორი. მათი მთავარი არგუმენტი იყო, რომ თქვენ გინდათ აფხაზები და ოსები მშივრები დახოცოთ, გყავდეთ ისინი ბლოკადაში და იარაღის ჟღარუნით ეს ხალხი მუდმივად თავდასხმის მოლოდინში გყავდეთ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ.


ყველაზე ცუდად იაკობაშვილი გამოვიდა, რომელიც იყო აგრესიული და მას პერიოდულად ვაწყნარებდი. თუმცა, ჩვენ დიალოგი დავიწყეთ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვიმუშავეთ და მას გავაგრძელებდით, რომ არა აგვისტოს ომი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოგვიწევს რუსებთან დიალოგის გაგრძელება, სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა. ჩვენ მეზობლად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომელთანაც საერთო ენის გამოძებნა აწი უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ მუდმივად ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.


აი ეს კონფერენცია მოგვიანებით საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა კომპრომატად წამომიყენა, ეროსი კიწმარიშვილი არაკომპეტენტური ელჩი იყო, რაღაც ნჯო-ს შეხვდა მოსკოვშიო. ეს იმ ყაიდის ბრალდებაა, სიერა-ლეონეს ელჩს რატომ შეხვდაო.


სინამდვილეში ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდიოდა, მის კაბინეტში გეგმავდნენ, თუ რა წამოეძახებინათ ჩემთვის, რით მოეშალათ ნერვები, თუმცა დიდ სისულელეს ამბობდნენ და აი, რატომ: მე პრეზიდენტმა წარმადგინა ელჩის თანამდებობაზე, პარლამენტმა სრული უმრავლესობით დამამტკიცა და თუ არაკომპეტენტური ვიყავი, მაშინ სად იყვნენ ეს კომპეტენტური პირები ან სად გამოჩნდა მათი ჭკუა და გამჭრიახობა? ეს სამარცხვინო საქციელია, რომელსაც სააკაშვილის საამებლად სჩადიან და ამ მლიქვნელობას სახელმწიფოებრივ ქცევასთან საერთო არაფერი აქვს.


ელჩს ჰყავს აპარატი, რომლის შენახვა სახელმწიფოს იაფი არ უჯდება და ეს აპარატი მას ინფორმაციით ამარაგებს, რისთვისაც გვარიან სამუშაოს ასრულებს. ელჩი ფილტრავს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას და ამ დროს თუ სახელმწიფო არ გენდობა, მაშინ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? რატომ ხარჯავენ საელჩოს შენახვაზე ამდენ ფულს?


მინდა ვთქვა, რომ რუსეთში ჩვენს საელჩოში ნამდვილად არ არის კომპეტენტური და გონიერი დიპლომატების ნაკლებობა. ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ერთად საქართველოს ხელისუფლებას ვაწვდიდით, მალე გამოჩნდა, რომ სწორედაც კომპეტენტური იყო. ასე მაგალითად, ივნისის ბოლოს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სასაუბროდ მიიწვია საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში, მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების ნუსხა გადასცა. მე ვნახე ეს დოკუმენტი და იგივე ამოვიკითხე, რასაც ჩვენ ვწერდით - საქართველომ დაანებოს თავი აგრესიულ რიტორიკას და იმუშავეთ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან საერთო ენის გამოსანახად.


ამის წაკითხვა გამიხარდა და გულიც დამწყდა იმის გამო, რომ ხელისუფლება ჩინოვნიკებს არ აფასებს. დიპლომატიის სფერო საერთოდ მეორე და მეათეხარისხოვან სფეროდ გადააქციეს. დიპლომატების პერსპექტივა და სიხარული რა არის? წლობით ელოდებიან უცხოეთში დანიშვნას, რაც ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასს, სტატუსს, შვილების უკეთეს სკოლებში მოხვერას. დიპლომატებად ასაქმებენ „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტს გარეთ დარჩენილ პირებს, უბრალოდ, რომ დასაქმებულები ჰყავდეთ, ხელფასი აიღონ და საზღვარგარეთ იარონ. ამით გზას უღობავენ კვალიფიციურ ხალხს, რომლებმაც დიპლომატიას ნახევარი სიცოცხლე შეწირეს, ყველა საფეხური გაიარეს, მუშაობდნენ სამ-ხუთ კუპონად და ამაყები იყვნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს აშენებდნენ.


ასეთ ხალხს უფროსებად დაუნიშნეს დაქალები, მეგობრები, ნათესავები და გამოუცხადეს, რომ ამ სამსახურში ისინი უპერსპექტივოები არიან. წარმატებული კარიერა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე" გადის. პარტიული ნიშნით ლიტვაში ელჩად დანიშნეს სრულიად გაუგებარი ადამიანი. რუსეთის საელჩოს დახურვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ელჩის მანქანა „აუდი ა-80"~ გავლენიანი შვილის წყალობით გაუგზავნეს იტალიაში საქართველოს ელჩს კოტე გაბაშვილს. უფრო მეტად ეს მანქანა უკრაინაში საქართველოს ელჩს, მერაბ ანთაძეს ჭირდებოდა, რომელსაც ძველი, დანგრეული მანქანა ხშირად უფუჭდება ხოლმე. ნურას უკაცრავად, ეს არავის აინტერესებს. ეს ჩვეულებრივი ნეპოტიზმია, რომელსაც სააკაშვილი ვითომდა ებრძვის.


მედვედევის გარემოცვასთან დაკავშირების გარდა, აუცილებლად მიმაჩნდა პუტინის პოზიციების შერბილებაზეც მემოქმედა. მას სააკაშვილთან უკვე პირადი ანტიპათია ჰქონდა. ამის გამო უშუალოდ მასთან შეხვედრა ვერაფრით მოვახერხე და დასახმარებლად კვლავ ევგენი პრიმაკოვს მივაკითხე. იგი მაშინ რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად მუშაობდა, მაგრამ გაცილებით დიდი გავლენით სარგებლობდა. იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის უფროსი, მას ფსბ-ში პატივს სცემენ, ასევე პუტინის გარემოცვაც, და რუსეთს ერთგულად ემსახურება. მაგრამ იგი თბილისელია, უყვარს თბილისი, თავისი პლეხანოვის პროსპექტი, ჰყავს ქართველი სიძე, პირველი ცოლიც ქართველი ჰყავდა და თავის მემუარულ წიგნში სულ ამაზე წერს. - „ევგენი მაქსიმოვიჩ, წავიკითხე თქვენი წიგნი", - ძალიან უყვარს, როდესაც მის წიგნს წაიკითხავ, სულ გამოწმებს, ეს გახსოვს, ის როგორ მოგეწონა და ა.შ.


„შენი წიგნის ნახევარი საქართველოზეა", - მართლა ასეა, სულ თბილისზე ყვება. თუ ასე შეგტკივა თბილისზე გული, ამ სიბერის დროს ჩვენი ქვეყნისთვის კეთილი საქმე გააკეთე, დამეხმარე, დავარეგულიროთ იმ ქვეყნების ურთიერთობები, სადაც ახლა ცხოვრობ და რომელშიც გაიზარდე-მეთქი. არანორმალურია, ქართველებსა და რუსებს შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა რომ არის.


- მოვიფიქროთ რამე, შევკრიბოთ საქართველოში ცნობილი გამოჩენილი რუსები, ჩავიდეთ საქართველოში, ხალხს შევხვდეთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, რომ ქართველებიც დაარწმუნეთ, რომ თქვენც გსურთ ჩვენთან მეგობრობა, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც პროპაგანდა ქადაგებს. ეს ნამდვილად გვიშველის, - მას ეს აზრი მოეწონა.


- შეეშვით იმის თქმას, რომ სააკაშვილი არ მოგწონთ, იქამდე შევარდნაძე არ მოგწონდათ, მანამდე გამსახურდია. რუსეთის მოსაწონი საქართველოში, არასოდეს არ მოვა იმიტომ, რომ საქართველოს ყოველთვის თავისი ინტერესები ექნება. არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთს არასოდეს თავს არ დავანებებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ახლა გვაქვს კარგი შანსი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა, რომ ურთიერთობა გამოსწორდეს.


მისი არ მჯერაო, - მიპასუხა. - რუსეთის პოლიტიკურ ინსტებლიშმენტში აქვთ ჩამოყალიბებული აზრი - სააკაშვილი არის მატყუარა, გადამგდები, იმპულსური, არასერიოზული კაცი, რომელთან ურთიერთობაც უპერსპექტივოა.


- ევგენი მაქსიმოვიჩ, საქმე პრეზიდენტში ხომ არაა, მთავარი ხომ საქართველოა.


- იცი რა, ეროსი, მე ახლა საქმეს ჩამოშორებული ვარ, თანაც ეს არ არის ჩემი სფერო, - პაუზა გააკეთა. - მაგრამ თუ მიბრძანებენ, სიამოვნებით ჩავერთვები ამ საქმეში. მართლა ასეც კი არ არის, რომ საქმეებს ჩამოშორებული იყოს, მუშაობს ერაყის თემებზე, მოძრაობს ქურთისტანში, სულ მოვლინებებშია. 80 წლის კი არის, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებს.


კარგი, ეგებ პუტინთან კონტაქტის დამყარებაში მაინც დამეხმარო-მეთქი. შენი მოწაფე უშაკოვი, ამერიკაში რუსეთის ყოფილი ელჩი, მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს და მასთან როგორმე დამაკავშირეთ-მეთქი. კი, ბატონოო, - დამთანხმდა. უშაკოვმა მეორე დღესვე დამირეკა. მის ზარს ასე მალე ნამდვილად არ ველოდებოდი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისში გამოსაფრენად ვემზადებოდი. ბოდიში მოვუხადე, რომ მასთან შეხვედრას ვერ ვასწრებდი და ვუთხარი, მალე დავბრუნდები და აუცილებლად დაგირეკავთ-მეთქი. ივლისის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაფუჭდა. უშაკოვთან დამეგობრება ვერ მოვასწარი, ვფიქრობდი, რომ მას მალევე შევხვდებოდი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამოქმედოდ დრო იმაზე ბევრად ნაკლები მქონდა, ვიდრე ვფიქრობდი.


აგვისტოს კატასტროფა ახლოვდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ივნისის ბოლოს გრიგორი კარასინთან ერთად თბილისში გამოვემგზავრე. ქართველი და რუსი ბიზნესმენების ფორუმს დავესწარით. კარასინი პატრიარქს შევახვედრე. მერე პატრიარქთან მარტო მივედი და მის მიერ გატანებული ჯვრების ისტორია მოვუყევი. ამჯერად მას კიდევ ვთხოვე დახმარება. პრეზიდენტის და მისი მეუღლის მოძღვარი ეკლესიას არემონტებს და ქართული ხატი ხომ არ ვაჩუქოთ-მეთქი?მე ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ხუთი საათის განმავლობაში ეძებდა შესაფერის ხატს. ხან ერთი ხატი გამოითხოვა ერთი ეკლესიიდან, ხან მეორე. ათამდე ხატი მოატანინა და გასატანებლად არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს მისი მისაღები ოთახის კედლიდან 12 მოციქულის ულამაზესი ტიხრული მინანქრით შესრულებული ხატი ჩამოხსნა და ეს წაიღეო, მითხრა.


წარმოუდგენელია იმ სიხარულის აღწერა, რაც მამა ვლადიმერმა გამოხატა საქართველოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატის ნახვისას. ალბათ, იმ წუთში დედამიწაზე ერთ-ერთი უბედნიერეს ადამიანთაგანი იყო. მან მკითხა, შეიძლება ხატს სადმე დავაწეროთ, რომ საქართველოს პატრიარქის ნაჩუქარია?


რამდენიმე ხნის შემდეგ ილია მეორე მოსკოვში ჩასვლას აპირებდა და წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ ამ ეკლესიას ესტუმრებოდა.


რუსული ეკლესია რუსული დერჟავნიკური პოლიტიკის ნაწილია და მათი პატრიარქი ალექსი მეორე ძალიან ახლოს იყო პუტინთან. პუტინმა რუსეთის გაქრისტიანების 1020 წელთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე ჩვენი პატრიარქი არ მიიწვია. სპეციალურ შემაღლებულ ადგილას ისხდნენ პუტინი, რუსეთის და სომხეთის პატრიარქები.


არაერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსეთის სამღვდელოება ილია მეორეს ძალიან დიდ პატივს სცემს. პუტინისა და რუსეთის ეკლესიის სიახლოვის მიუხედავად, რუსეთის საპატრიარქომ აფხაზეთის და ოსეთის ეპარქიების ცნობაზე ხაზგასმულად უარი თქვა. ჩვენი პატრიარქი და ეკლესია არის ერთ-ერთი სერიოზული ხელმოსაჭიდი, რომელიც დღეს რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად და შემდგომ რაღაცის მისაღწევად გაგვაჩნია.


პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის გაქრისტიანების 1020 წლის იუბილეს არ დასწრებია, ის ამ დროს ხანტიმასიისკში (დსთ-ის პრეზიდენტების სამიტს ესწრებოდა.


ხანტიმასიისკის სამიტის შემდეგ ევროპელ დიპლომატებს მედვედევზე წარმოდგენა შეეცვალათ. მეგობარი ქვეყნების ყველა ელჩი მეუბნებოდა, რომ მედვედევმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პრეზიდენტის შთაბეჭდილება დატოვა. ის ყველა საკითხზე გვერდიდან ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად მსჯელობდა. მან საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს რამდენჯერმე დემონსტრაციულად შეაწყვეტინა საუბარი, რომელიც მის დახმარებას" ცდილობდა.


ერთადერთი საკითხი, რომელზეც ლავროვმა ისაუბრა, აფხაზეთის თემა იყო. მან თქვა, რომ კოდორის ხეობაში ქართველებს შეიარაღებული სამხედრო ნაწილები შეჰყავთ და აფხაზეთის საზღვარზე პროვოკაციებს აწყობენ.


მედვედევისთვის პრობლემური ივნისის თვე გახდა. მან დიდი შვიდეულის სხდომაზე მხარი დაუჭირა ზიმბაბვესთვის სანქციების დაწესებას, ვინაიდან ზიმბაბვეს მთავრობამ არჩევნები გააყალბა და დიდი შვიდეული და რუსეთი მას ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აიძულებდნენ.


დიდი შვიდეულის ამ გადაწყვეტილებიდან მესამე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ზიმბაბვესთვის სანქციების დაწესებას მხარი აღარ დაუჭირა და ვეტოს უფლებით ისარგებლა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერო-ში მათი ელჩი პრეზიდენტს შეეწინააღმდეგნენ.


ეს იყო პირველი სერიოზული ფაქტი, რამაც დასავლეთს აფიქრებინა, რომ მედვედევს რუსეთში ძალაუფლება არ ჰქონდა. მედვედევის და მისი ლიბერალური გარემოცვის იმიჯი სერიოზულად შეილახა. გამოჩნდა, რომ სიტუაციას კვლავ ვლადიმერ პუტინი აკონტროლებდა. პუტინს კი ომის დაწყება სააკაშვილზე ნაკლებად არ სურდა. ამის გათვალისწინებით, მე სააკაშვილს რეკომენდაციით მივმართე, ხელი მოეწერა კონფლიქტის ზონებში ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე გაეროში საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას და აფხაზ სეპარატისთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის შეთანხმებისთვის. სააკაშვილი მაშინ არ დამთანხმდა, თუმცა, მოგვიანებით, 20 სექტემბერს ამ შეთანხმებას, როგორც რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ნაწილს, ხელი  მოაწერა.



პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი


პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სააკაშვილი და მედვედევი პირველად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვიმედოვნებდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები ახალ ურთიერთობებს ჩაუყრიდნენ საფუძველს. სააკაშვილს შეხვედრის წინ მედვედევის ფსიქოლოგიური პორტრეტი მოვუმზადე.


შევხვდი მრავალ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით რაიმე ინფორმაციის მოწოდება შეეძლო. მათ შორის ცნობილ ჟურნალისტს, ნიკოლაი სვანიძეს, რომელიც მედვედევზე წიგნს წერდა. მედვედევი სამაღლით 162 სანტიმეტრია, მას ამის გამო კომპლექსი აქვს, სააკაშვილს დავუწერე, რაში გამოიხატებოდა მისი ეს ხასიათი. მივუთითე, როგორ ესაუბრა მასთან მეგობრულად ისე, რომ პრეზიდენტს ფამილარობად არ მიეღო. ყველაფერი ჩამოვუთვალე, რა მოსწონს რა აღიზიანებს, თუ როგორ საათს ატარებდა და რა მუსიკას უსმენდა. სააკაშვილმა, ბუნებრივია, ეს არ წაიკითხა, მისთვის ყოველდღიური მუშაობა უცხოა, ასეთი რამ არ იცის. თუ სადმე ლენტი არ აქვს გასაჭრელი, იმ დღეს ან მინისტრების გამოცვლას იწყებს, ანაც არაფერს აკეთებს. მას არასდროს ჰქონია მოქალაქეთა მიღების დღე ან საათი. პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს მთელი რუსეთი ეიფორიაში იმყოფებოდა. ამ დროს მათმა ჰოკეისტებმა ევროლიგა მოიგეს, რუსმა მომღერალმა დიმა ბილანმა ევროვიზიაზე გაიმარჯვა, ნავთობის ფასმა ბარელზე 140 დოლარს მიაღწია და აქედან კოლოსალური შემოსავლები ჰქონდათ. ამ ფორუმსაც დავოსის ალტერნატიულ აღმოსავლურ პროექტად განიხილავდნენ. აქტიურად აწარმოებდნენ პეტერბურგის, რუსეთის მეორე დედაქალაქის ე.წ. პრომოუშენს. პეტერბურგში ჩავიდა დსთ-ის ყველა ლიდერი და გავლენიანი ბიზნესმენი, რაც რუსებს ეამაყებოდათ.


ფორუმი ორი დღე გრძელდებოდა. პირველ დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი სათითაოდ ხვდებოდა მედვედევს. მეორე დღეს, უშუალოდ ფორუმზე, მედვედევს დიდი გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი „გაზპრომის სტენდთან" და ამის შემდეგაც პრეზიდენტები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავდნენ. ბუნებრივია, ეს ფორუმი ინვესტიციების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.


მე დანიშნულ დროს სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტისკენ გავემგზავრე. აეროპორტში მისული არ ვიყავი, პრეზიდენტმა თვითმფრინავიდან დამირეკა, სასწრაფოდ საქართველოს რუკა მჭირდებაო. ნუ, კაი, სჭირდება - სჭირდება. დავურეკე საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც მაშინ პეტერბურგში იყვნენ, სადღაც რაღაცას მიაგნეს და ინტერნეტიდან ამობეჭდეს რუკის ერთი ფურცელი ა-4 ფორმატზე. პროტოკოლითაა გათვალისწინებული, რომ მე პრეზიდენტს აეროპორტში უნდა დავხვდე და მასთან ერთად წამოვიდე სააკაშვილისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში. ჩემთვის ვფიქრობდი, მივალთ რეზიდენციაში და მიიღებს რუკას, ცაში სად მივადგე ან რა საქართველოს რუკა მოუნდა. ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა.


„პულკოვოს" აეროპორტში რიგრიგობით ეშვებიან პრეზიდენტების თვითმფრინავები. სხვებთან შედარებით ჩვენი თვითმფრინავი არის ყველაზე პატარა, ზოგს აქვს ტუ-154, ზოგს დიდი „ბოინგი", მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტის დელეგაცია დაახლოებით საათნახევარი იცლებოდა.


ჩვენი პრეზიდენტის თვითმფრინავი, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მოკრძალებულად გამოიყურება, სამაგიეროდ, მისი დელეგაცია არ გამოიყურებოდა მოკრძალებულად. მასთან ერთად ჩამოფრინდნენ: მისი თანაშემწე ნატო ყანჩელი, გაურკვეველი სტატუსის მქონე ალანა გაგლოევა - მისი პრესმდივანი თუ მდივანი, ასევე - სააკაშვილის გრიმიორი ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, მისი მოადგილე გია ვაშაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ელჩი სპეციალურად პრეზიდენტისთვის გამოყოფილ ავტომანქანაში უნდა ჩაჯდეს, რომელსაც დაცვის ესკორტი მიაცილებს. სააკაშვილმა კიდევ, დაადო თავი და გარბის მანქანისკენ. „მიშა, მე რა ვქნა, გამოგყვე?" - დავუძახე მას. „ჰო, ჰო, აბა რა უნდა ქნა", - მითხრა და მეც მის მანქანაში ჩავჯექი.

ბუნებრივია, ამ მანქანაში მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ისაუბრებ, შესაძლოა, საუბარი იწერებოდეს.


ფორმატით მედვედევთან შეხვედრაზე პრეზიდენტი და კიდევ ორი პირი უნდა წავიდეს. ვიცი, რომ, როგორც ელჩი, მე უნდა წავიდე, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვიცი, სააკაშვილთან ერთად კიდევ ვინ წამოვა, იმიტომ, რომ სააკაშვილი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს - ეს იმ ოპერიდან, რამდენად პროფესიულად მომზადებული საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს. წარმოიდგინეთ: პრეზიდენტი ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და მედვედევთან შეხვედრაზე მიჰყავს მისი მოადგილე - გრიგოლ ვაშაძე. რაც სერიოზული სკანდალია და ეს ნიშნავს და, რომ სააკაშვილი ამ გოგოს არ ენდობოდა.


წავედით მე, ვაშაძე და სააკაშვილი. შევდივართ დიდ სასახლეში, სადაც გველოდება 30-40 ჟურნალისტი, გაისმის ფოტოაპარატების ჩხაკუნი. ველოდებით ჩვენ რიგს. გრაფიკით, ჩვენ ბოლო პრეზიდენტის წინ უნდა შევხვედროდით მედვედევს. ბოლო იყო ნაზარბაევი თუ იუშენკო.


რამდენიმე წუთის შემდეგ პროტოკოლმა შეგვიყვანა დარბაზში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი შემოვიდა. მოგვესალმა ჯერ სააკაშვილს, მერე ვაშაძეს და მე. მათი მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში პრიხოდკო და პროტოკოლის წარმომადგენელი, რომელიც საუბრის ჩანაწერს აკეთებდა.


გარეგნულად მედვედევი დაძაბული არ ჩანდა, პრეზიდენტები საუბრობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩუმად ვართ. საუბარი მედვედევმა დაიწყო, მან თქვა, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ბევრი პრობლემაა და სურვილი მაქვს, ეს პრობლემები გადავწყვიტოთ. შემდეგ ცოტა ხნით კიდევ ისაუბრეს ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და მერე ძირითად თემაზე გადავიდნენ.


სააკაშვილმა აი ის რუკა ამოიღო და გაშალა. ახლა გავიგე, თურმე ეს რისთვის შჭირდებოდა და ამ ფურცელზე ხატავს, აი ეს არის ოსეთი, აქ ცხოვრობს რაღაცა 30 000 კაცი; აი ეს არის აფხაზეთი, აქ 60 ათასი კაცი ცხოვრობს. ოჩამჩირეში ცხოვრობს სულ 5 ათასი კაცი, - უხსნის მედვედევს. მედვედევს ეჭვი შეეპარა მიშას დასახელებული ციფრების სიზუსტესI და საუბარი შეაწყვეტინა მან საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილს ეს ციფრები ჩაუსწორა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ამ საკითხში დილეტანტიზმი გამოავლინა და გამოჩნდა, რომ მედვედევთან სასაუბროდ არ მომზადებულა. შემდეგ მან რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ ოჩამჩირეში რკინიგზის გაყვანაზე გამოთქვა პრეტენზია, რაზეც მედვედევმა უპასუხა, რომ ერთი თვის-თვენახევრის განმავლობაში გაიყვანდა ამ ჯარებს. მიშამ მზადყოფნა გამოთქვა აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო ინიციატივების გაღრმავებაზე, რაზეც მედვედევმა თქვა, რომ მიესალმებოდა ასეთი პროცესის დაწყებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა, შეასრულეთ საერთაშორისო ვალდებულებები, შეიარაღებული ძალები გამოიყვანეთ კოდორის ხეობიდან და სააკაშვილს ხელი უნდა მოეწერა ალასანია-ბაღაფშის შეთანხმებაზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს. მედვედევის თქმით, დაძაბულობის მოსახსნელად ეს ღონისძიებები საკმარისი იქნებოდა.


სააკაშვილმა კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე წამოიწყო საუბარი. მედვედევმა მას ჰკითხა, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი კეთილმეზობლობა, თუ თქვენს ტერიტორიაზე განლაგდება სამხედრო ბაზები, საიდანაც რუსეთს რაკეტებს დაუმიზნებენ? მას ნატო არ უხსენებია, მაგრამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ ჩვენს სწრაფვაზე მიგვანიშნა.   


საპასუხოდ სააკაშვილმა 3-4 წუთი გაურკვევლად ისაუბრა, პირდაპირ პასუხს ვერ ამბობდა, ბოლოს თქვა, რომ: კი, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გადავსინჯოთ, გადავსინჯოთ ჩვენი მიდგომები. ფაქტიურად, მიშამ ირიბად უთხრა, რომ მე მზად ვარ, ნატოზე უარი ვთქვა, თუ გადამაწყვეტინებ ჩემს პრობლემებს.


ისეთი განცდა მქონდა, რომ სააკაშვილი უმიზნოდ ბევრს ლაპარაკობდა. ის საერთოდ არ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის. საპირისპირო მხარეს იყო მედვედევი, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრამდე 4-5 პრეზიდენტს შეხვდა, ფურცლებში არც იყურებოდა, ჩახედვაც არ სჭირდებოდა, ყველაფერი გაზეპირებული ჰქონდა.


შეხვედრა დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად 55 წუთი გაგრძელდა. პროტოკოლის თანამშრომელმა ოთხჯერ შემოაღო კარი, შემდეგი პრეზიდენტი მედვედევთან შესახვედრად უნდა შემოსულიყო. სააკაშვილმა სთხოვა მედვედევს, რომ კიდევ შეხვედროდნენ სასაუბროდ. მედვედევი დათანხმდა - ოღონდ, ეს შეხვედრა მოვამზადოთ, ამისთვის კი შეასრულეთ ვალდებულებები.


სააკაშვილმა შეხვედრის ბოლოს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტისგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ გარღვევას ელოდებოდა. ამაზე პირდაპირი თანხმობა ვერ მიიღო. მან შეხვედრაზე ვერ მოისმინა, თუ როდის მოგვცემდა რუსეთი აფხაზეთს ან მოგვცემდა კი საერთოდ?


ასეთი გარღვევა ასე ერთბაშად რომ არ მოხდებოდა, ჩემთვის დღესავით ნათელი იყო. შეხვედრის შედეგად უკმაყოფილო არ ვიყავი. მედვედევმა თანხმობა გამოთქვა სააკაშვილთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, რაც, ჩემი აზრით, ომს თავიდან აგვაცილებდა.


რაც შეეხება პრობლემების გადაწყვეტას, ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით დაგვეწყო. სააკაშვილი დილა-საღამოს რუსეთს აგინებდა, ასევე იქცეოდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, საპასუხოდ - რუსებიც და დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მანამ პოლიტიკური კლიმატი არ დათბებოდა, მეტის მოლოდინი ცოტა არარეალურად მეჩვენებოდა.


მედვედევთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი გაღიზიანებული იყო და სულ იღრინებოდა. იმუქრებოდა, რომ კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამხედროებს სამშვიდობო მანდატს ცალმხრივად გაუუქმებდა და ოკუპანტებად გამოაცხადებდა.


მე მიშას ვარწმუნებდი, რომ ამის გასაკეთებლად აჩქარება არ ივარგებდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, მიშამ არ იცოდა ამაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია და შესაძლოა, ამ ნაბიჯს უფრო გაერთულებინა ჩვენი მდგომარეობა.


სააკაშვილს და ლომაიას ერთი სანერვიულო ჰქონდათ - თუკი რუსები მდინარე ენგურის გასწვრივ გამაგრდებოდნენ, ესენი სამხედრო მარშს ვეღარ განახორციელებდნენ.


რუსებმა დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ ჩვენ აფხაზეთში ომის დაწყებას ვაპირებდით. ამაზე გრიგორი კარასინმა პირდაპირ მითხრა, მანამ, სანამ იარაღის ჟრარუნს არ შეეშვებით, ნუ გვთხოვთ პასუხს, თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშს ან რატომ შევიყვანეთ კონფლიქტის ზონაში სარკინიგზო ჯარები.


მთავარი იყო ის, რომ რუსი პოლიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის პროვოცირებისთვის ფიქრობდა, მისთვის უნდა ეგრძნობებინათ: რომ რუსეთი ომში არ ჩაერეოდა, ხოლო მეორე ნაწილს საჭიროდ მიაჩნდა, მიშა გაეფრთხილებინა, რომ ომის დაწყება მისთვის საბედისწერო ნაბიჯი გახდებოდა.


მიშა ლომაიასთან მომავალ გეგმებს აწყობდა, რომელიც მშვიდობას არ უკავშირდებოდა.


მედვედევთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს მეთიუ ბრაიზამ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ დაურეკა. სააკაშვილმა ტელეფონის ზარს არ უპასუხა. ამ დროს ბრაიზაც პეტერბურგში იმყოფებოდა. მან შემდეგ მორიგეობით დაურეკა ლომაიას, ნატა ყანჩელს და არც ამათ უპასუხეს.


მიშა დაბრუნდა მისთვის გამოყოფილ რეზიდენციაში და გარემოცვის რომელიღაც წევრთან ორი საათით ჩაიკეტა.


შუაღამისას ყველანი ერთად ნევის პროსპექტზე, ვიღაც სომხის იტალიურ რესტორანში წავედით. აქ მთელი ორი საათი ვისხედით და ამ ხნის განმავლობაში მიშას დაცვა ქუჩაში იდგა, რაც საკმაოდ უსიამოვნო სანახავი იყო. ასეთი ფორმით ნევის პროსპექტზე, ქალაქის ცენტრში თითქმის აღარავინ დადის.


რესტორნიდან მე გვიან ღამით სპეციალურად ბრაიზასთან შესახვედრად წავედი. მას ვუთხარი, რომ მიშა რუსეთთან საბოლოო კონფრონტაციაზე წასვლას აპირებს, შენს ტელეფონს არ აიღებს და იქნებ, სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დაარეკინო-მეთქი.


ფორუმის მეორე დღისთვის ადრიანად მოვემზადე. დილით კი გავიგე, რომ სააკაშვილს ღამით რაღაცამ მოუარა, დაქოქა თვითმფრინავი და თბილისში გავარდა. ეს რუსებს, ბუნებრივია, ეწყინათ, რაც მითხრეს კიდეც.


მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ფორუმი უცერემონიოდ მიატოვა, რუსულმა ტელევიზიებმა მასზე დადებითი, საკმაოდ ნორმალური სიუჟეტები გაუშვეს. ხაზგასმულად კორექტული იყო „ოერტე".


მოგვიანებით, გავიგე, რომ მიშა ერთი კვირა რაისსაც ემალებოდა - მან რამდენჯერმე სახელმწიფო მდივნის ზარსაც არ უპასუხა.


ცოტა ხნის შემდეგ რაისი მას ბერლინში შეხვდა. ცოტა მოგვიანებით რაისი იძულებული გახადა, რომ თბილისში ჩამოსულიყო. მსოფლიოს აგიჟებდა და ყველას აქეთ-იქით დაარბენინებდა. ივნისის დასაწყისში სააკაშვილი ცოტა დამშვიდდა.


ივნისში გაჩნდა შანსი, რომ სააკაშვილი და მედვედევი კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავის დაბადების დღეზე დსთ-ის პრეზიდენტები მიიპატიჟა. მის დაბადების დღეს დაარსდა ასევე დედაქალაქი ასტანა და ნაზარბაევი ორივე მოვლენას აღნიშნავდა. წინასწარ ვიტყვი, რომ სააკაშვილი და მედვედევი ასტანაში შეხვდნენ და დისკოთეკაზეც ერთად წავიდნენ. ბრაიზა აღფრთოვანებული იყო, სააკაშვილს ფანტასტიკური შეხვედრა ჰქონდა მედვედევთანო.


ყაზახეთში წასვლამდე კი პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსმა, ზურა დარჩიაშვილმა დამირეკა და მთხოვა, ზურა წერეთელს დაურეკე, იქნებ, ნაზარბაევისთვის რაიმე საჩუქარი მოიფიქროს და ყაზახეთში გაგვატანოსო.


საჩუქრების თემა ცოტა რთულია, მიშას გემოვნებაში უჭირს და მისი საჩუქარი ყოველთვის უგემოვნობით გამოირჩევა, ანტიკური ხანის ოქროს ნაკეთობებს იღებს და მათ ასლებს აკეთებინებს. თავისთავად, ორიგინალი ძალიან ლამაზია, მაგრამ მიშას გემოვნებით შეფუთული მისი ასლები ძალიან უგემოვნოა.


მახსოვს, როცა ელდარ რიაზანოვი თბილისში ჩამოვიდა, მიშამ რესტორან „ძველ სახლში" დამპატიჟა. მაშინაც რიაზანოვისთვის რაღაც ამდაგვარი ფინთი რამის ჩუქებას აპირებდნენ, მე დავურეკე ჩემს მეგობარს და ელდარ რიაზანოვს კირილ ზდანევიჩის ნახატი ვაჩუქე. მახსოვს, სიხარულით გადაირივნენ ის და მისი მეუღლე.


მე დავურეკე ზურა წერეთელს და სააკაშვილის თხოვნა გადავეცი. წერეთელმა რომ გაიგო, საპრეზიდენტო საჩუქარს ითხოვდნენ, ცოტა უხერხული პაუზა გააკეთა. მერე, მოგვიანებით, გავიგე, რატომაც... მას ანალოგიური თხოვნით ადრეც მიმართავდნენ და არასდროს ამ საჩუქრებში გადახდილ თანხას არ უნაზღაურებდნენ. თანხა კი ასეულ ათასობით ჰქონიათ მისაცემი.


ზურაბ წერეთელმა მითხრა, საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს მოვიფიქრებ და დაგირეკავო. ის ამ დროს სამკურნალოდ იმყოფებოდა პარიზში. მანამ ბატონი ზურა მოიფიქრებდა, მე ერთი იდეა გამიჩნდა და დარჩიაშვილს ვუთხარი: „ყაზახეთის პრეზიდენტის შვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ყაზახეთის მომავალ პრეზიდენტად განიხილება, შესანიშნავად მღერის რუსულ რომანსებს. მან კონსერვატორია მოსკოვში დაამთავრა, მე დავესწარი მის კონცერტს და მომისმენია მისი შესანიშნავი სიმღერისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ნანი ბრეგვაძეს წაიყვანს ასტანაში და ის ნაზარბაევის პატივსაცემად დარიგასთან ერთად რუსულ რომანსს შეასრულებს".


ჩემი აზრით, ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდნენ, ვინაიდან ნანი ბრეგვაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია და ეს ნაზარბაევს მოეწონებოდა, გაუხარდებოდა მის შვილსაც, რომელიც ნანისთან ერთად რუსულ რომანსს იმღერებდა და რაც ასევე რუსეთის პრეზიდენტისთვისაც რევერანსი იქნებოდა.


არ ვიცი, რა არ მოეწონა და მიშამ ჩემი იდეა დაიწუნა. თვითონ რა მოიფიქრა, ვერ გეტყვით, პროტოკოლის სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, აღარც წერეთლის საჩუქარი გვჭირდებაო.


დაახლოებით ამ პერიოდში საელჩოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი პროკურორი, ამირან შამათავა მოვიდა. ის პეტერბურგში პუტინთან ერთად სწავლობდა, ჯგუფელები ყოფილან და ახლა ამის გამო შარში იყო გახვეული. მისი შვილი თბილისში, ყაზახეთის საკონსულოში მუშაობდა. დაზვერვის დეპარტამენტში დაიბარეს და უთხრეს, მამაშენი პუტინის ძმაკაცია, ჩვენი აგენტი გახდი, წადი რუსეთში და პუტინის დახმარებით კარიერას გაიკეთებ და ინფორმაციები მოგვაწოდეო. შამათავა არ თანხმდებოდა და ამის გამო ავიწროებდნენ. ეს ამირან შამათავა ყოველწლიურად ხვდებოდა პუტინს, როცა ჯგუფელები ტრადიციულად იკრიბებოდნენ. დავპირდი, დაგეხმარები-მეთქი, მაგრამ დაზვერვის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა შემომითვალა, ჩემი საქმეა და მე ვიცი, რასაც ვაკეთებო.


4 ივლისს რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ დამირეკა. მან მითხრა, რომ პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციის უფროსს ნარიშკინს ესაუბრა. ნარიშკინი თბილისში ვიზიტს გეგმავს, 17-19 ივლისს აქ დაგეგმილი იყო რუსული კულტურის დღეები და მისი ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ეს იყო, თუმცა მას პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა.


საქართველოში 1991 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი გამსახურდია ყაზბეგში პრეზიდენტ ელცინს შეხვდა, არც ოფიციალური, არც არაოფიციალური ვიზიტით ამხელა თანამდებობის პირი აღარ ჩამოსულა. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ადმინისტრაციის უფროსი ნებისმიერ მინისტრზე გავლენიან ფიგურად ითვლება. მე ამ პერსპექტივამ ძალიან გამახარა. შესაძლოა, ამ ვიზიტს ქვეყნებს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად შეემცირებინა და მხარეებს როგორმე ომზე ფიქრი თავიდან ამოეგდოთ.


ჩემზე არანაკლებ გახარებული იყო მიშა ხუბუტია - ქართველი ბიზნესმენი, რომლის ქონება რუსეთში მრავალ ასეულ მილიონად არის შეფასებული. იგი ფლობს სანადირო იარაღის მაღაზიების ქსელს. მე ხუბუტია პირველად მოსკოვში გავიცანი. თავის 10 წლის შვილთან ერთად რესტორანში შემხვდა და როგორც სათვისტომოს თავმჯდომარე, ელჩს გამეცნო. მანამდე მერაბიშვილთან ძმაკაცობდა. წინა ელჩის თხოვნით, მოსკოვში საელჩო და ელჩის რეზიდენცია გაარემონტა, რაშიც მილიონ დოლარამდე დაუხარჯავს. იგი ზუგდიდელია და იქ სამონადირეო მეურნეობის მშენებლობა დაიწყო, ქალაქში ააშენა სასტუმრო. მას სურდა, რომ თავის ქვეყანაში, მშობლიურ ქალაქში ყოფილიყო დაფასებული. მოსკოვში არაერთ ქართველ ხელმოკლე ადამიანს პატრონობს, ფინანსურად ხელს უწყობს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს. გეგმა ჰქონდა, რომ რუსეთის ქართველთა ყრილობა ჩაეტარებინა, რასაც რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები დაესწრებოდნენ. ასეთი ყრილობები მოსკოვში აზერბაიჯანელებმა და სომხებმა ჩაატარეს. მას პუტინი დაესწრო.


მოგვიანებით, ჩვენმა ხელისუფლებამ ხუბუტია რუსეთის აგენტად გამოაცხადა და მისი და მისი ნათესავების შევიწროება დაიწყო. თუ არ ვცდები, მამა თუ ძმა დაუპატიმრეს და სამეგრელოში მიწა წაართვეს.


ამის მიზეზი გახდა მის მიერ ორგანიზებული ქართველ და რუს ვეტერანთა საფეხბურთო მატჩი. თამაშის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში ხუბუტიამ თქვა, რომ არ შეიძლებოდა რუსი პოლიტიკოსების უცერემონიო ლანძღვა გინება, ეს ხელს უშლის ქვეყნებს შორის საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


სააკაშვილს ეს არ მოეწონა და მას მთელი რისხვა დაატეხა თავს. გამოაცხადეს, რომ ხუბუტიამ ვითომდა რუსეთის ფსბ-ის დავალებით გაარემონტებინა საელჩო. არადა, საელჩოში უმნიშვნელო წვრილმანის შესაცვლელადაც თბილისის ნებართვაა საჭირო. ამ ბიუროკრატიული პროცედურების გამო, საელჩოს ძველი ტელეფონის თანამედროვე აპარატით შეცვლაც კი ძალიან გამიჭირდა. ხუბუტია ამათი თანხმობის გარეშე ვერაფერსაც ვერ გააკეთებდა.


ხუბუტიასთან საუბრის შემდეგ ნარიშკინის ვიზიტისთვის მზადება დავიწყე. ნარიშკინი საპრეზიდენტო დიდი თვითმფრინავით აპირებდა ჩამოფრენას. მართალია, არაფორმალური ვიზიტი იყო, მაგრამ მას რეგალიების სრული დაცვით უნდა დავხვედროდით. ვიზუალურადაც გამოჩნდებოდა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირი გვეწვეოდა.


ნარიშკინი უნდა შეხვედროდა თავის კოლეგას, სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსს, ზურა ადეიშვილს, შემდეგ - პრეზიდენტს და, რაც მთავარია, მას პრეზიდენტ მედვედევის საქართველოში მოწვევის ოფიციალური წერილი უნდა მიეღო. აქამდე სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურად არასდროს დაუპატიჟებია.


ნარიშკინმა ხუბუტიას დაუდასტურა, რომ მედვედევს საქართველოში ჩამოსვლა სურდა. თარიღი კი მის თბილისში ვიზიტზეც იყო დამოკიდებული.


პირველ რიგში, მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გია ვაშაძეს დავურეკე. ის ძალიან სკეპტიკურად მეკითხება - „დარწმუნებული ხარ?" კი-მეთქი. „საიდან გაქვს ინფორმაცია?" ხუბუტიამ მითხრა-მეთქი. ეს ირონიულად მიიღო. ვაშაძეს ვთხოვე, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენე, რომ მედვედევს ჩამოსვლა სურს. ოღონდ დროებით ნუ იტყვი, რომ ამ ისტორიაში ხუბუტიაა გარეული, თორემ მასზე ნაწყენი თუ გაბრაზებულია და შესაძლოა ცუდი რეაქცია ჰქონდეს-მეთქი.


ვაშაძე დამპირდა, რომ საიდუმლოს არ გაამხელდა.


ამ საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ზურა ადეიშვილს დავურეკე. აბა, მოემზადე, ნარიშკინი ჩამოდის-მეთქი. ადეიშვილს დიდი ენთუზიაზმი ვერ შევატყვე, კარგი იქნება, თუ 13 ივლისამდე ჩამოვა, მერე ერთი კვირა სადღაც მივდივარ და აღარ მეცლებაო. საერთოდ, ადეიშვილი „ჩაკეტილი" ადამიანია, არ არის კომუნიკაბელური და ზოგადად არ უყვარს შეხვედრები. ამიტომ მისი პასუხი დიდად არ გამკვირვებია.


რამდენიმე წუთში ადეიშვილმა თვითონ დამირეკა: „ვანო მერაბიშვილმა შემოგითვალა, ნარიშკინი ჩამოვიდეს, მაგრამ ხუბუტია თან არ ჩამოყვეს".


მე ვუთხარი, ხუბუტია რუსებს მოჰყავთ და ჩვენი რა საქმეა მეთქი? არაო, ვანო ამბობს, ხუბუტია არ ჩამოვიდეს, თორემ დავიჭერო.


ამ დროს ეს ხუბუტია თვალებში შემომციცინებს და მეუბნება, ხო კაი ბიჭი ვარ, ნახე, რამდენი სიკეთე გავაკეთეო. „რა შუაშია ხუბუტია, ოღონდ მედვედევი და ნარიშკინი ჩამოვიდნენ და გინდა ჟირინოვსკი წამოიყვანონ, რას ბოდავთ", - შევუღრინე ადეიშვილს. მაინც ვერაფერი გავაწყე, არაო, რუსებს უთხარი, ეგ არ წამოიყვანონო.


რა უნდა მექნა, დავადგინე, ზუსტად როდის ჩამოვიდოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ჩვენს პროტოკოლის სამსახურს ვაცნობე, რომ 17-18 ივლისს ორდღიანი ვიზიტით გვეწვეოდა, მანამდე კი საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოდიოდა. რაისის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე კონფლიქტის ზონაში ჩვენი სამშვიდობო ძალების ოთხი ჯარისკაცი ოსებმა დაიჭირეს. ჩვენებს სიმთვრალის გამო გზა დაებნათ თუ რაღაც ამგვარი მოხდა და ისინი დაიჭირეს. საქმეში ეუთოს დამკვირვებლები აქტიურად ჩაერთვნენ და ეს ჯარისკაცები მეორე დღესვე გაათავისუფლეს. შუადღისას ეს ბიჭები უკვე გორში იყვნენ. ამის შემდეგ, 5 საათზე, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მაგიდაზე სულ მუშტები აბრაგუნა, მერაბიშვილს დავალება მისცა, თუ ჩვენს სამხედროებს დილის 8 საათამდე არ გაათავისუფლებენ, გავალებ, მათ დასახსნელად სპეცოპერაცია ჩაატაროო.


მეორე დღეს, როგორც დიდი გამარჯვება, გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები ტელევიზიით გვაჩვენეს.


ამ პროვოკაციის საპასუხოდ რუსეთის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია და 45 წუთის მანძილზე ჩვენს ტერიტორიაზე შემოფრინდნენ. ჩემი ინფორმაციით, ეს თვითმფრინავები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და რამდენიმე ადგილზე სანგრებიც დაცხრილეს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენი სამხედროები რაღაც გადაადგილებებს ახორციელებდნენ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსებმა განცხადებაც გააკეთეს, რომ ეს ღონისძიება პროვოკაციების, რეგიონში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და ქართველი სამხედროების გახურებული თავების გასაგრილებლად გააკეთეს.


ამ საჰაერო ინციდენტის დროს კონდოლიზა რაისი თბილისში იმყოფებოდა და მას არწმუნებდნენ, რომ თვითმფრინავების შემოფრენა მის საწინააღმდეგოდ განხორციელდა.


კონდოლიზა რაისი თბილისიდან ახალი წასული იყო, რომ სააკაშვილმა მობილურ ტელეფონზე დამირეკა. შუადღის 2 საათი იყო და მე ამ დროს ზურაბ წერეთელთან ვიყავი. „რაო, მოდის ნარიშკინი?" კი-მეთქი, - ვუპასუხე პრეზიდენტს. „კაი, ჩამოვიდეს. გადაეცი მაგათ, რომ ჩვენ ამერიკელებისაგან მაგარი მხარდაჭერა გვაქვს".


ამას მეუბნებოდა მობილურ ტელეფონზე! რაღაც დიდ გულზე იყო და „გონორით" ლაპარაკობდა. საუბრის ტონიც ნეგატიური ჰქონდა. ეს ის დრო იყო, ბოკერიაც რომ იძახდა, კონდოლიზა რაისმა ომის თანხმობა მოგვცაო, რაც აშკარად დაუჯერებელი ტყუილი იყო.


საღამოს სამსახურში მივბრუნდი და მეუბნებიან, რომ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემატყობინეს, რომ უშიშროების საბჭოზე, შენი მოსკოვიდან გამოწვევის საკითხი განიხილებაო.


- რა გამოწვევის გადაწყვეტილება, - გავგიჟდი. - ნარიშკინი ჩამოდის, მედვედევის ვიზიტს ვამზადებ... შევკრიბე ჩემი თანამშრომლები. სად მიწვევენ, ნარიშკინია ჩამოსასვლელი.


რა უნდა მეთქვა? ის ღამე, როცა გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ფაქტიურად, ერთად ვისხედით, ვსვით კონიაკი, ვისაუბრეთ, მათ ვუთხარი, მაპატიეთ, ისე არ გამოვიდა, როგორც, ვფიქრობდი-მეთქი...


ყველა გრძნობდა, რომ ხელისუფლება ძალიან დიდ სისულელეს აკეთებდა. მე მათ ავუხსენი, რომ ჩემი გამოწვევა, შესაძლოა, ორი მიზეზით არის გამოწვეული. ერთი, რომ ზოგადად ეს ცუდი მესიჯია; მეორე - ჩემს წინააღმდეგაც მოქმედებენ. ისინი გრძნობდნენ, რომ, თუ მე მოსკოვში ელჩად დამტოვებდნენ, ბევრ პროცესს გავაჩერებდი. მათ უკვე ომის გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული და მე დავიწყე ამ გადაწყვეტილების ხელის შეშლა. ეს ხელის შეშლა გამოიხატება იმაში, რომ ნარიშკინის და მედვედევის ჩამოყვანა უნდა...


მართლაც, შუაღამისას დამირეკეს და მაცნობეს, რომ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი. ეს მოხდა იმ დღეს, როცა რაისმა დატოვა თბილისი. მეორე დღეს, 10 ივლისს, ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახეს.


ამ ამბის გახმაურებისთანავე ამერიკის საელჩოდან დამირეკეს. ელჩის მოადგილე და საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით პირდაპირ გაოგნებულები იყვნენ. გვირჩევდნენ, ელჩის გამოწვევა ყველაზე აგრესიული ნაბიჯია და მანამდე, იქნებ, საპროტესტო ნოტა გაგეგზავნათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათგან მოითხოვეთ პასუხი, რატომ დაარღვიეს თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე.


ელჩის გამოწვევამდე, შესაძლო იყო, რუსეთში ჩვენი დიპლომატიური დონე დაგვექვეითებინა. იქ ელჩის ნაცვლად დესპანი გვეყოლებოდა, ხოლო ელჩის გამოწვევას უკიდურეს ზომად შემოვინახავდით.


მოკლედ, ამერიკელები ელჩის გამოწვევის ფაქტს ნეგატიურად შეხვდნენ.


მოვიდა ევროკავშირის ელჩი რუსეთში მარკ ფრანკო. ისიც ძალიან განერვიულებული იყო. მეკითხება, რაში გჭირდებათ ელჩის გაწვევა, ამით ხომ დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტთ რუსეთთან?


ვუპასუხე, რომ მე მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვასრულებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვეთანხმები. ამ ხალხმა ჩემი გაცნობა მეტ-ნაკლებად კარგად მოასწრო და ჩემს სამშვიდობოდ მიმართულ საქმიანობას სიმპათიით უყურებდნენ.


საოცრად ცუდად ვგრძნობდი თავს, გამახსენდა პატრიარქის რჩევაც, დიდი ხნით დარჩი რუსეთში სამუშაოდ, ისე შედეგს ნაკლებად მიიღებო. რა უნდა მექნა?


უმწეო ვიყავი, რამე მეღონა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ჩემთვის ცხადი იყო, რომ სააკაშვილი ჩვენთვის არასასურველ პროცესს აღარ შეაჩერებდა.


ჩამოვდივარ თბილისის აეროპორტში, დამხვდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც ვეუბნები, ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს და რუსეთში ყველა კეთილი ნების ადამიანს, რომ მართლა ვერ მოვახერხე თვე-ნახევრის განმავლობაში სიტუაციის გადარჩენა. სხვა რა მეთქვა?


რუსეთთან საერთო ენა ვერაფერში გამოვნახეთ, ჩემი აზრით, ეს ანომალიაა. მქონდა იდეა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებს თავის რუს კოლეგებთან პირდაპირი კავშირები გაებათ. დღესაც ჩვენი მინისტრები რომ გააჩერო და ჰკითხო, ვინ არის რუსეთში ანალოგიური სამინისტროს ხელმძღვანელი, ვერ გეტყვიან, წარმოდგენა არა აქვთ. მარტო ის კი არ არის, რომ არ იციან, მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვთ. ჩემთვის ეს ძალიან გაუგებარია. ვფიქრობდი, დამეგობრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 25 წლის გოგო-ბიჭებმა რა საერთო უნდა გამონახონ ორ-სამჯერ უფროს რუს კოლეგებთან? ეს კიდევ ცალკე თავის ტკივილია.


პრიმაკოვის ქართველ ნათესავებზე უკვე მოგახსენეთ. სერგეი ლავროვიც ხომ თბილისშია გაზრდილი. მას დედა აქაური სომეხი ჰყავს, მისი ორი თანაშემწიდან ერთი ქართველია, მეორე - სომეხი. ჰყავს ბევრი თბილისელი მეგობარი, მათ შორის  - იურა კობალაძე, მსოფლიო დონის მოქანდაკე ჟორა ფრანგულიანი. თბილისელთა წრეში ტრიალებს და მასთან საერთო ენას ვერ ვპოულობთ?! ეს, უბრალოდ, არანორმალურია!


3 ივლისს მოსკოვში დიდი აუქციონი „ბრენდ რასიი" გაიმართა. მეც მიმიწვიეს და შემომთავაზეს, აუქციონზე გასაყიდად რამე წარმედგინა. მივიტანე 1963 წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი „საფერავი". ვაჭრობა 100 ევროდან დაიწყო და მაღაზიების ქსელის „სპორტ მასტერის" მფლობელმა 5000 ევროდ შეიძინა!


ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი უკვე სავაჭრო თემად იყო ქცეული. ხისტი პოზიცია - მორჩა, თქვენთვის ბაზარი ჩაიკეტა, შერბილდა და ცალკეული კლანები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, პირველი ვინ შეიტანდა ჩვენს ღვინოს. ასე მოხდა მოლდავური ღვინის შეტანაზეც, გაჩნდნენ ახალი მონოპოლისტები, რომლებმაც დაიწყეს ამ ღვინის ბიზნესი რუსეთის ბაზარზე. ქართულ ღვინოს რუსეთში ვინ შეიტანდა, ჩვენთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მთავარი იყო, ამხელა ბაზარზე ქართული ღვინო გაეყიდათ. მახსოვს, როცა რუსი ჟურნალისტები კახეთში ჩავიყვანე, გლეხები, ღვინის ქარხნების მეპატრონეები, იმედით მეუბნებოდნენ, იქნება, ეს ღვინო შენ მაინც გაგვასაღებინო რუსეთშიო. სამწუხაროდ, ვერც მათი იმედის გამართლება მოვასწარი.


ჩემი აზრით, მაღალი ინტელექტის და განათლების მქონე ახალგაზრდები ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად გაიკვლევენ. მოსკოვში პირველად გავიგე რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის ვინაობა. მან შარშან რუსეთის მთავარი კინოფესტივალის „კინოტავრის" მთავარი ჯილდო მოიგო. საინტერესო რეჟისორია რეზიკო გიგინეიშვილი, იგი ყველაზე მოდური კინორეჟისორის, ბონდარჩუკის ჯგუფის წევრია და დამოუკიდებლად იღებს ფილმებს.


ამ წრის ხალხს აქ ჩამოსვლა არ გაუჭირდება, მაგრამ ჩვეულებრივ, რიგით რუსებსაც უნდათ აქ ჩამოსვლა და არ იციან, როგორ ჩამოვიდნენ. საქართველო მათ მხოლოდ უფროსებისგან სმენიათ და ეს ქვეყანა აინტერესებთ.


კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ერთი საათი მელაპარაკა, რომ ქართველი ცოლი ჰყავს და შემჭამა, რამე გააკეთე საქართველოსთვისო. შევთავაზე, 300-400 სტუდენტი ქალაქ გორში წამოიყვანე, ინფრასტრუქტურა გვაქვს, ხალხი რუსულად საუბრობს და გპირდები, კარგ დროს გაატარებენ-მეთქი. სხვაგანაც შეიძლებოდა წაყვანა, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად მე ნამდვილად გორი მერჩივნა.


ტურიზმთან დაკავშირებით სერიოზულ პროექტს ვამუშავებდი. რუსეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის ვამზადებდი ერთსაათიან ტელე-გადაცემას „უტრას გრუზინამი." აქ ვაჩვენებდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე გადაღებულ სარეკლამო ფილმებს, ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რეპორტაჟებს და ა.შ


ამ პროექტის თაობაზე ტელეკომპანია „მირ"-ის დირექტორს შევხვდი და დავითანხმე, რომ ეს გადაცემა რუსეთის რეგიონულ ტელეარხებზე გავიდოდა. რეგიონს ვამბობ, თორემ კრასნოდარის მხარე ორი საფრანგეთის ხელაა. ვაპირებდი, ჩამომეყვანა პროვინციული ტელევიზიების გადამღები ჯგუფები, რომლებსაც მთელ საქართველოს მოვატარებდი და უკან დაბრუნებულები ამ რეპორტაჟებს თავიანთ არხებზე გაუშვებდნენ. ამ გზით საქართველოში არცთუ მცირე რაოდენობის რუს ტურისტს ჩამოვიყვანდით.


ამის თაობაზე ზურაბ ადეიშვილს ვკითხე კიდეც, ერთდროულად 400 რუსი ტურისტი რომ ჩამოვიყვანო, კახეთში თუ დააბინავებ მეთქი? ვერაო, ამდენი ადგილი არ გვაქვსო. მთელ კახეთში 400 ტურისტს ვერ ვაბინავებთ და ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ? რა დაჭირდებოდა ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას?


5-6 უპილოტო თვითმფრინავის ფასად ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრიდით! ის თვითმფრინავები კიდევ აღარც გვყავს - ჩამოგვიგდეს.


რუსი ტურისტები კახეთში უნდა ჩაგვეყვანა, ფიროსმანის მუზეუმია, იქით ალავერდი, შუამთა, გრემი, წინანდალი, სანახავების მეტი რა გვაქვს. მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ღვინის ტურები. 20-20-კაციან ჯგუფებს ღვინის ქარხნებში მივიყვანდით, სადაც წინასწარ გამზადებულ ღვინით სავსე ათლიტრიან ძველებურ „ბაჩონკებზე" მის სახელს დააწერდნენ, ვინც ამ ღვინოს იყიდდა. თავის ქალაქში დაბრუნებულს შეეძლო ეამაყა, რომ ის ღვინო მისთვის იყო დაწურული, რაც სხვებსაც გაუჩენდა აქ ჩამოსვლის სურვილს.


ქართული ალპინიზმი 1923 წლის დეკემბერში დაიბადა. ამის ფუძემდებელი იყო გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის შვილი. პირველი ასვლა მოხდა მყინვარწვერზე. გეგმაში მქონდა, რომ ქართული ალპინიზმის 85 წლისთავთან დაკავშირებით, აგვისტოში ან სექტემბერში, მყინვარწვერზე ავსულიყავით სამი დელეგაცია: რუსები, ქართველები და ოსები.


ამით უნდა დაგვეწყო ალპინიზმის აყვავება სვანეთში, რაჭაში და ხევში. სპეციალურად რამდენჯერმე დავესწარი რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის ღონისძიებებს. რუს ალპინისტებს სვანეთის მთები მონატრებული აქვთ და აქ ჩამოსვლა ყველას ძალიან უნდოდა.


ასე გახდა ხორვატია ძალიან პოპულარული ტურისტული ქვეყანა. მთელი მოსკოვის სტუდენტობა დასასვენებლად ხორვატიაში დადის და ჩვენ ისინი აქეთ უნდა შემოგვებრუნებინა. რუსი ტურისტების გარეშე ჩვენთან ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელი საქმეა. თუმცა ეს ამჟამად უკვე შორეული პერსპექტივაა.


მას შემდეგ, რაც შევარდნაძის დამსახურებით საქართველომ ენერგეტიკული დერეფნის ფუნქცია შეიძინა, ჩვენ ამერიკისა და ევროპის ყურადღების ზონაში აღმოვჩნდით. ჩვენ შევიძინეთ ფუნქცია და დასავლეთის ინტერესთა სფეროდ ვიქეცით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა გვეზრუნა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. მით უფრო, რომ ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, ჩუმად, დახურული და კორუფციული სქემებით, რუსებს მივყიდეთ. ახლაც ვფიქრობ, რომ, ჭკვიანურად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი დასავლეთისკენ ლტოლვა რუსებისთვის ასეთი მტკივნეული არ გახდებოდა.


თბილისში დაბრუნებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და მინისტრის მოადგილეს, გია ვაშაძეს ვკითხე: `როდის დამაბრუნებთ მოსკოვში?" "როცა რუსებისგან რაიმე დადებით მესიჯს მივიღებთ. მანამდე დაისვენე, უკან ჯერ ვერ დაგაბრუნებთ," - მიპასუხა ვაშაძემ.


ჩემი რუსეთიდან გამოწვევის მესამე დღეს რუსეთის ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი, გაგვეხსნა საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. მანამდე რუსები ამ პუნქტის გახსნას აჯანჯლებდნენ, ფეხს ითრევდნენ, ხან რემონტს იმიზეზებდნენ და ხან  რას. რუსებმა შემოგვითვალეს, თუ თქვენ მზად ხართ საზღვრის ამ მონაკვეთის გასახსნელად, ჩვენ შეგვიძლია საზღვარი დღესვე გავხსნათო.


კანცელარიაში სააკაშვილთან მივედი და ვკითხე: "ამაზე მეტი კარგი მესიჯი რა გინდათ?" „არა, ეს საკმარისი არ არის", - იყო პასუხი. ამის საპასუხოდ პრეზიდენტს ვთხოვე, დამაბრუნეთ რუსეთში, სამუშაო მაქვს, ივლისის შემდეგ სექტემბრამდე რუსეთის ელიტა დასასვენებლად წავა და ორ თვეს დავკარგავ. არა უშავს, სექტემბრიდან გააგრძელე მუშაობაო.


ვნერვიულობდი, ნარიშკინის ვიზიტის ჩაშლით რუსეთის პრეზიდენტის ჩამოსვლის პერსპექტივაც დაიკარგებოდა.


ამის შემდეგ კიდევ ერთი მესიჯი მივიღეთ. მედვედევმა სააკაშვილი პიატიგორსკში დოღზე დაპატიჟა. თუმცა ვერც ამან შეაცვლევინა სააკაშვილს აზრი, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღგვედგინა.


ჩემი თბილისში დაბრუნებიდან მეხუთე დღეს მოსკოვიდან „იტარ-ტასის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხაილ გუსმანმა დამირეკა. რუსეთში გუსმანს გავლენა აქვს, ჩრდილოვანი ტიპის ლიდერია. მეგობრობს აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან. გუსმანმა მითხრა, რომ ნარიშკინის ვიზიტი ჩაიშალა, მაგრამ სააკაშვილთან პრეზიდენტ მედვედევის მესიჯების სათქმელად მე მაგზავნიან. მართალია, გუსმანზე პატარა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ნარიშკინთან შედარებით დაბალი რანგის ფიგურაა, სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნაცვლად „იტარ-ტასის" დირექტორის მოადგილე გამოგზავნეს.


მიხაილ გუსმანი სააკაშვილთან აჭარაში წავიყვანე - პრეზიდენტი ამ დროს იქ იმყოფებოდა. აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ სააკაშვილმა ეს მხარე საზაფხულო რეზიდენციად გადააქცია. ვფიქრობდი, აჭარას ააყვავებდა და ყველას აჩვენებდა, ავტონომიის ფარგლებში როგორ შეიძლებოდა რეგიონის განვითარება, მაგრამ ასე არ მოხდა. მან სანაპიროზე ბულვარი დააგრძელა, საყვარელი შადრევნები დააყენა და ფრანგული, ჰოლანდიური, ჩინური და ლაზური რესტორნები გახსნა. ამ რესტორნებში დაატარებს თავის ამალას და სტუმრებთანაც თავს იწონებს, შეხედეთ, პროვინციულ ქალაქშიც კი რამდენნაირი რესტორნები გვაქვსო.


მე რამდენჯერაც მივედი ჩინურ და ჰოლანდიურ რესტორნებში, ყოველთვის ერთადერთი კლიენტი ვიყავი. ვერ გეტყვით, ცუდ დროს შევდიოდი თუ ხალხი იქ საერთოდ არ დადის. ამ რესტორნებთან ერთად მიშა თავს იწონებს ასლან აბაშიძის გაკეთებული გვირაბით, მის დროსვე მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მიერ დაწყებული მშენებლობებით. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა ქობულეთის შესასვლელთან გასართობი ატრაქციონი გააკეთა და ესეც, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა მიიწერა. ინვესტიციების მხრივ, ასლან აბაშიძის შემდეგ აჭარაში არანაირი გარღვევა არ მომხდარა. თურქებმა მცირე თანხა დააბანდეს, მერე ისინი ვიღაცამ „გადააგდო," ვიღაცას ბიზნესის წილში „ჩაუჯდნენ", ან საქმე სულ წაართვეს - ჩვეულებრივი ისტორიები, რაც ასლანის დროსაც ხდებოდა. აქედან გამომდინარე, იქაურებს ვერც სამუშაო ადგილები შეუქმნეს, მაგრამ, სამაგიეროდ, აჭარლები ხშირად ხედავენ პრეზიდენტს. ეს ცვლილება თვალშისაცემია.


სააკაშვილმა გრანდიოზული რემონტი ჩაუტარა ბობოყვათის რეზიდენციას და იქ ხშირად ხედავენ აბაშიძის სწრაფმავალი კატერებით მოსეირნეს. პრეზიდენტი სასტუმრო „ჯორჯიან პალასში" მთელი ზაფხულის მანძილზე, ყველას თვალწინ 15 თუ 16 წლის ქართველ მომღერალ გოგონას ეფლირტავებოდა.



პრეზიდენტი თვის მანძილზე ორ კვირას უცხოეთში ატარებს, საიდანაც სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღე თუ იქნება, ერთ კვირას ბათუმში და ერთი კვირა შეიძლება თბილისში გაძლოს.


მას უცნაური დღის განრიგი აქვს: 12-13 საათზე იღვიძებს, შემდეგ საღამოს 5-6 საათამდე რას აკეთებს, კაცმა არ იცის, სამსახურში მიდის საღამოს და მერე ღამით იწყებს აქტიურად მოძრაობას. მისთვის ყოველდღიური სამსახური უცხოა, თუ სადმე ლენტი არ აქვს გასაჭრელი. დახურულ სივრცეს ვერ იტანს, კაბინეტსაც ამიტომ ვერ ეგუება და ამიტომ სულ აქეთ-იქით დაქრის. როცა პრეზიდენტი ბათუმშია, ამ დროს მინისტრებიც იქ ცხოვრობენ. ამალაში ყოფნა მათი „საპატიო" მოვალეობაა.


მანამ, სანამ სააკაშვილი საკუთარ თვითმფრინავს იყიდდა, პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომლები თვითმფრინავის ბილეთებს მისთვის ერთდროულად 7-8 მიმართულებით ყიდულობდნენ. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ არავინ იცოდა, იმ დღეს საით მოუნდებოდა პრეზიდენტს გაფრენა! ნიუ-იორკში მე ეს ჩემი თვალით ვნახე. მათ შეიძინეს მსოფლიოს 8 ქალაქისკენ ბიზნესკლასის ბილეთები, სააკაშვილისთვის და მისი თანმხლები 9-10 პირისთვის. ეს ძალიან ძვირია. მოგზაურობაზე მიშა შესაძლოა დღეში ხარჯავს იმდენს, რამდენსაც შევარდნაძე მთელი წლის განმავლობაში!


ომში დამარცხებული პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში გაემგზავრა. ოღონდ ნიუ-იორკში ჩასვლამდე რატომღაც ლონდონში შეიარა, მერე საიდანღაც მაიამიში „ამოყვინთა" და ამის მერე მივიდა ასამბლეაზე. ვინმემ იცის, რა უნდოდა მას მაიამიში და ან ლონდონში? საგადასახადო სამსახური აქ ბიზნესმენებს „აუთოებს" გადასახადების ამოღებისას და ეს ამ ფულით ერთობა! ამ გართობის შემდეგ ჩამოდის საქართველოში შეშფოთებული, შეწუხებული სახით და ცრემლებს აღვარვარებს, თუ როგორ უჭირს ქართველ გლეხს და რა ცუდ დღეში არიან უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები.


მას ამის გამოაშკარავების ეშინია და ამიტომ უნდა, დამონებული ჰყავდეს მასმედია. მას მივლინებებში თან დაყავს „ჯიბის" ჟურნალისტები, რომლებსაც მოსამსახურეებად განიხილავს და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. ამ ჟურნალისტებს საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, როგორი სამუშაო ვიზიტებითაც დადის სააკაშვილი საზღვარგარეთ, მაგრამ პირისფარეშს რა უფლება აქვს, პატრონის ამბები „ოჯახის" გარეთ გამოიტანოს? ასეთი ჟურნალისტები პრეზიდენტის სერვისის ნაწილს შეადგენენ და მათ კარნახის გარეშე რამის თქმა აკრძალული აქვთ.


მე და მიხაილ გუსმანი ბათუმში ავტომანქანით წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ამ დროს პრეზიდენტის მეუღლე ბათუმში მიფრინავდა და ჩვენც მას დავემგზავრეთ. სანდრა რულოვსი ბოლომდე პირველი ლედის როლში გახლდათ, მოდურად გამოწყობილი. ცხადია, მისთვის უცხო აღარ არის პარიზის, ლონდონის თუ ნიუ-იორკის ტოპ ბუტიკები. ჩემზე შესაძლოა ნაწყენი იყო, ვინაიდან ფეხების ბაკუნით მთხოვდა, მოსკოვში რუსი მილიონერებისთვის საღამო გამემართა და მისი მემუარული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი" გაგვეყიდა. მე უარი ვუთხარი, ვინაიდან ქვეყნებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლისთვის „ივენთის" მოსაწყობად შეუფერებელი დრო იყო.


თვითმფრინავში გუსმანმა მითხრა, მე და სააკაშვილს ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ორივეს „ბარბერის" ფირმის ტანსაცმელი მოგვწონსო. ამასთან დაკავშირებით მხიარული ისტორია მომიყვა: პარიზში პერანგის საყიდლად მაღაზიაში შევედი, ჩემთვის სასურველი პერანგი გამჭოლ თაროზე იდო, აი, ისეთზე, ორივე მხრიდან რომ შეგიძლია ტანსაცმელი აიღო, მივედი მის ასაღებად, მაგრამ მეორე მხრიდანაც ვიღაცამ ხელი დაავლო და უფრო ჯანიანად თავისკენ გაქაჩა და ხელიდან გამსტაცა. შემოვბრუნდი და მიხეილ ნიკოლოზის ძე აღმოჩნდაო.


ბათუმში დღის პირველ საათზე ჩავედით. პროტოკოლმა გვირჩია, სანამ ზუსტად გავიგებ, პრეზიდენტი რომელ საათზე შეგხვდებათ, გირჩევთ, სასტუმროში დაბინავდეთ, ისადილოთ და მერე ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ. ეს თავგადასავალი უკვე გადატანილი მქონდა. ასლან აბაშიძესთან შეხვედრის მოლოდინში ჯემალ გოგიტიძე და სხვები ბათუმის ქუჩებსა და რესტორნებში ასე მატარებდნენ აღმა-დაღმა.


რა ძალა მქონდა? დავიწყე სააკაშვილთან შესახვედრად რიტუალის შესრულება. სასტუმროში დავბინავდით, პრეზიდენტის სტუმარი ვასადილე, რიტუალის ნაწილია ისიც, რომ საამისო თანხები ჩემი ჯიბიდან უნდა ვიხადო. მერე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წაგვიყვანეს, გეგონება, მიშას გაშენებული იყოს ეს ორასწლოვანი ხეები, რაც მართალია - ძალიან მომწონს ეს ადგილი, გულის გახეთქვამდე ლამაზია.


შვიდი თუ რვა საათი იყო. ჩქარა, ჩქარა - პრეზიდენტი გველოდებაო, ჩაგვსხეს მანქანაში და ქედისკენ გაგვაქანეს. ერთი საათის შემდეგ მანქანა რომელიღაც რესტორანთან გააჩერეს. მე და გუსმანი გადმოვედით. ვხედავთ, რესტორანი ცარიელია და დაცვის შეიარაღებულ პირებს ალყა აქვთ შემორტყმული. ჩავედით რესტორნის ეზოში და მდინარის ნაპირზე გაშლილ სუფრასთან ზის მიშა. სუფრასთან ისხდნენ ისრაელის პარლამენტის თავდაცვის და იურიდიული კომიტეტის თამჯდომარე, მასთან ერთად ვიღაც ბანდიტური გარეგნობის პირი, თემურ იაკობაშვილი, რომელიც ისეთი საქმიანი სახით იჯდა და კრიალოსანს ათამაშებდა, „მოსადის" შეფი თუ არა, მისი მოადგილე მაინც გეგონებოდა. კიდევ იყვნენ ალანა გაგლოევა, ჰაბსბურგების გვარის 50 წლამდე ასაკის ვიღაც პრინცესა თანმხლებ ახალგაზრდა კაცთან ერთად და ორი გაურკვეველი საინფორმაციო საშუალების ინგლისურენოვანი ჟურნალისტი. მათ მე და გუსმანიც შევუერთდით.


გუსმანმა ჩუმად ხელი გამკრა და გაგლოევაზე მანიშნა, ეს არის ის ლეგენდარული ქალიო? ჰო-მეთქი, - თავი დავუქნიე. „არ გეწყინოს, მაგრამ ასეთი სიტუაცია მხოლოდ ბანანის რესპუბლიკებში მინახავს", - ჩამიჩურჩულა.


მეც დავიბენი - რუსეთის პრეზიდენტის ემისარი ნამდვილად შეუსაბამო ქვეყნების თუ პროფესიის ხალხთან მოხვდა.


საუბრობდნენ ყველაფერზე და თანაც ყველა ენაზე. გუსმანი საუბრობდა რუსულად, ებრაულად და ინგლისურად, იაკობაშვილი დროდადრო ებრაულად, სხვები ინგლისურად. სააკაშვილი სულ ჭამდა. დროდადრო წუხდა, რომ წონაში მოიმატა. მე ვუთხარი, რომ გუსმანი თბილისიდან იტალიაში წონის დასაკლებ სპეციალურ ცენტრში მიდიოდა და თუ გინდა, იქ შენც წადი, კვირაში 8 კილოს მოიკლებ-მეთქი.


სამხრეთ იტალიაში, ქალაქ მერანოში, ჰენრი შენოს კლინიკა მდებარეობს. ადრე ის ავსტრიის დედოფლის, სისის ზამთრის რეზიდენცია იყო. ძალიან პოპულარული ადგილია თავისი ულამაზესი ბაღით და საცურაო აუზით. ამ კლინიკაში ხშირად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ბიზნესმენები.


მიშას ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი და მერანოში წასვლის სურვილი გაუჩნდა. გუსმანმა, ვინაიდან პირველად ის ჩადიოდა ამ კლინიკაში, სააკაშვილს შეთავაზა, მითხარით, როდის დააპირებთ წასვლას და აპარტამენტს დაგიჯავშნიო. „ორშაბათს იქ ვიქნები", - ეუბნება სააკაშვილი. გუსმანს ეს ხუმრობა ეგონა, ვინაიდან ხუთშაბათი დღე იყო და ორი დღის შემდეგ პრეზიდენტი როგორ გაფრინდება, როგორც წესი, პრეზიდენტებს წინასწარ რამდენიმე თვის სამუშაო გრაფიკი აქვთ შედგენილი. ამიტომ ჩათვალა, რომ სააკაშვილმა იხუმრა.


სააკაშვილმა გუსმანი დაარწმუნა, რომ არ ხუმრობდა. გუსმანი დარწმუნდა, რომ ეს მთლად ორდინარული პრეზიდენტი არ იყო და სააკაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ მართლა გაემგზავრა იტალიაში წონის დასაკლებად.


თუმცა მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ემისარი სხვა მხრივაც გააკვირვა. სუფრაზე გამოაცხადა, ჯონ მაკკეინმა უნდა დამირეკოს, მის ზარს ველოდებიო. თუმცა სუფრა ისე მორჩა, მაკკეინს არ დაურეკავს. მიგვავიწყდა კიდეც ეს ამბავი.


როდესაც ბათუმისკენ ვბრუნდებოდით, უცებ პრეზიდენტის ესკორტი შეჩერდა. სააკაშვილი გადმოხტა მანქანიდან და მობილურზე ლაპარაკით მდინარის ნაპირისკენ წავიდა. დაახლოებით 10 წუთი ილაპარაკა. რა ხდება-მექი, ვიკითხე. მაკკეინმა დაურეკა და იმას ელაპარაკაო!


მაგარი სანახაობა იყო - აქეთ რუსეთის პრეზიდენტის გამოგზავნილი კაცი, იქით ეს მაკკეინს ელაპარაკება - რუსეთის მიმართ ყველაზე აგრესიულად განწყობილ პრეზიდენტობის კანდიდატს. ამას მარტო სააკაშვილი თუ მოახერხებდა.


შუაღამისას სააკაშვილი ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში პირისპირ 40 წუთი ესაუბრა მიხეილ გუსმანს.


მეორე დღეს მე და მიხეილ გუსმანი თბილისისკენ მანქანით წამოვედით. გზად ძალიან ბევრი სამხედრო მანქანა ვნახეთ, კოლონები დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით. შევშფოთდი.  რამდენიმე დღის შემდეგ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი ათასი კაცით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.


ამან კიდევ უფრო დამაეჭვა, მაგრამ დასამშვიდებლად უფრო მეტი არგუმენტი მქონდა.


მიხეილ სააკაშვილი მერანოდან სამ აგვისტომდე არ უნდა დაბრუნებულიყო. შემდეგ 7 აგვისტოს პეკინში ოლიმპიადაზე წასვლას აპირებდა და მაგის ამბავი რომ ვიცი, იქ ათი დღე მაინც დარჩებოდა. შემდეგ პიატიგორსკში მედვედევს დოღზე ჰყავდა დაპატიჟებული და ვფიქრობდი, სექტემბრამდე, ანუ ჩემს მოსკოვში დაბრუნებამდე, სერიოზულ საფრთხეებს ავცდებოდით.


თუმცა, ჩემდა გასაკვირად, სააკაშვილი მერანოდან ვადაზე ადრე დაბრუნდა. პირველ აგვისტოს ის უკვე თბილისში ყოფილა. შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა, რაც ტელევიზიით ვნახე. ვხედავ, წონაში მოუკლია, გაახალგაზრდავებულია და მსუბუქად დადის. ოღონდ მეტი ვერ გაძლო, მერანოში დიეტის მთავარი ნაწილია, რომ დღეში მხოლოდ 600 კალორია უნდა მიიღო, ეს კიდე დღეში 5000 კალორიას მიჩვეულია და იქ რა გააჩერებდა. დაქოქა თვითმფრინავი და უკან გამოვარდა.


5 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და პრეზიდენტს მესიჯი გავუგზავნე, მცხეთაში რესტორან „სერაფიტაში" გეპატიჟები-მეთქი. საღამოს ექვს საათზე დამირეკა და მომილოცა. მინდოდა მოსულიყო, რომ გამერკვია, რას აპირებდა, მაგრამ მომიბოდიშა ვერ მოვალო. „როდის მაბრუნებ მოსკოვში?" - ვეკითხები. „მალე არბალეტით დაგაბრუნებ", - მიპასუხა და ჩვენ ამ თემაზე აღარ გვისაუბრია.


7 აგვისტოს ოჯახით ამერიკის საელჩოში ვიზების ასაღებად წავედი. უფროსი შვილი ლუკა ნიუ-იორკში სწავლობს და სტუდენტური ვიზა უნდა გაგვეგრძელებინა. მასთან ერთად მანამ, სანამ გოგოებს მოსკოვში სწავლა დაეწყებოდათ, მე და იას, ჩემს მეუღლეს, გვსურდა ამერიკაში მთელი ოჯახით ჩავსულიყავით.


ამერიკის საკონსულოში უცნაურად მომექცნენ. დიპლომატიური ეტიკეტია, რომ, როცა ელჩი მოდის, მას საკონსულოში სხვანაირად ხვდებიან, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ - უბრალოდ, ეს ქცევის ნორმაა. აქ კიდევ ჩამაყენეს რიგში და ორი საათი ველოდებოდი კონსულთან გასაუბრებაზე გასვლას. ძალიან გავბრაზდი, გამოვიჯახუნე საკონსულოს კარი და სახლში წამოვედი. დღის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა და მეუბნება, ეროსი ცხინვალში ომი დაიწყოო.


- მიშა, რა ომი, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობ, - ვეუბნები სააკაშვილს.


მას სურდა, რომ მე მასთან კანცელარიაში მივსულიყავი და მის გარემოცვასთან ერთად ომის დაწყებაში დამედანაშაულებინა და მეგინებინა რუსები, მერბინა სამხედრო შტაბებში და საომარ პროცესში ჩავრთულიყავი. მე ამაზე ცივი უარი ვუთხარი და ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო.


ჩემთვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილმა სერიოზული პროვოკაცია წამოიწყო და ჩვენ კატასტროფა გვემუქრებოდა. ჩემთან სახლში ორი ქალბატონი მუშაობს, სოხუმიდან დევნილი და მეორე გორელი, სოფელ ტყვიავიდან. მოვუბრუნდი მათ და ვუთხარი, რომ დავიღუპეთ, რუსებს მთელი ეს წლები ხელები ექავებოდათ და ახლა საბაბი მივეცით, დედას გვიტირებენ, შესაძლოა თბილისიც დაბომბონ-მეთქი.


სამწუხაროდ, ეს მართლაც ასე მოხდა. დაიღუპა ხალხი, კიდევ დაიკარგა ტერიტორიები, უამრავმა ხალხმა დაკარგა სახლ-კარი და ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


მე ვფიქრობდი, რომ, სანამ ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი საღ ჭკუაზე იყვნენ, სააკაშვილს ომის დაწყების საშუალებას არ მისცემდნენ. გიგა ბოკერია რომ ომის მომხრეთა შორის იყო, ეს კარგა ხნის წინ ვიცოდი.


აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვიყავი იმ პირთა შორის, ვისაც სააკაშვილისთვის უშუალოდ შეეძლო ეთქვა, რომ სისულელე არ ჩაედინა და დანაშაულებრივი ნაბიჯი არ გადაედგა. მე მინდოდა მშვიდობა და მჯეროდა, რომ ჩვენ ამ გზით შეგვეძლო ტერიტორიების დაბრუნებაც და აფხაზების და ოსების შემორიგებაც. შეგვეძლო რუსეთთან ერთად მშვიდობიანად თანაარსებობა და ეს შანსი სააკაშვილმა კარგა ხნით დაგვაკარგვინა.


გავიხსენოთ 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაცია გელათში დავით აღმაშენებლის საფლავზე. ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ სწორად ვერ შევაფასეთ, თუ რა შედეგი შეეძლო მოეტანა ჩვენთვის იმპულსური და ექსცენტრიკული სააკაშვილის მიერ დავით აღმაშენებლისთვის მიბაძვას.


მე ვიდექი იქ, სადაც ვთვლიდი, რომ საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა. ვიდექი იმის მხარეს, რომელიც ნაკლებ ბოროტებად მიმაჩნდა. შემდეგ გავხდი ელჩი, რომ როგორმე საქართველო რუსეთთან საომარ დაპირისპირებაში არ აღმოჩენილიყო. მე ეს ვერ მოვახერხე და მხოლოდ ამის მერე დავუპირისპირდი სააკაშვილს, თორემ სააკაშვილი კარგი იყო თუ ცუდი, რევოლუციამდეც ძალიან კარგად ვიცოდი. მას ჩვენს წრეში არმაგედონს ვეძახდით. ის იყო ადამიანი, რომელიც აშკარად მეორედ მოსვლის საფრთხეს ქმნიდა. ჩვენ მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობაზე ფსონი არასოდეს დაგვიდვია. უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და შემთხვევით ის იმ ტალღაზე აღმოჩნდა, რომელიც მისთვის არ იყო წარმოქმნილი.


შესაძლოა, ვინმემ მეც დამადანაშაულოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის შტაბს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ რა უნდა მექნა, თუკი ახლაც ვფიქრობ, რომ რევანშისტების გამარჯვება ქვეყანას უფრო მეტ განსაცდელს მოუტანდა? სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ცუდსა და მასზე უარეს კანდიდატთაგან ვირჩევთ ქვეყნის პირველ პირს. მაშინ სააკაშვილი ყველაზე უარესად არ წარმომედგინა.


პირველად, როცა ვნახე, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიდიოდა, აქაურობას საერთოდ გავეცალე. ზურაბ ჟვანიას სიკვდილი მაფიქრებინებს, რომ ურიგოდ არ მოვქცეულვარ. მეორედ, როცა სააკაშვილმა ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა, გადავდექი და იგი მოურიდებლად საჯაროდ ვამხილე.


ნოემბერში ძლივს მოვახერხე, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას დავეკითხე. კომისიის სხდომაზე დამხვდნენ ჩემი ძველი ნაცნობები, რომლებიც პარლამენტში „ვარდების რევოლუციის" წყალობით მოხვდნენ. შემდეგ მათ სააკაშვილისადმი ერთგულების და მონური მორჩილების გამო ცხოვრებაც მოიწყეს და ჩემდამი აგრესიული დამოკიდებულების გამოხატვით შანსი მიეცათ, „პატრონი" ესიამოვნებინათ და სანაცვლოდ მორიგი სალაფავი მიეღოთ.


საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მე ვთქვი, რომ ცხინვალში ომი სააკაშვილმა დაიწყო, რისთვისაც კომისიის თავმჯდომარე დაპატიმრებით იქვე დამემუქრა.


რა თქმა უნდა, დაპატიმრების არ შემშინებია, ასეთ მუქარებს შეჩვეულიც ვარ, მაგრამ საწყენია, რომ ხელისუფლება სიმართლის გამო კვლავ ციხით იმუქრება. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლშევიკების შემდეგ არაფერი შეცვლილა. მე ასეთი საქართველოსთვის არასდროს მიბრძოლია! პირიქით, „რუსთავი-2"-იდან მოყოლებული მე და ჩემი მეგობრები სულ ასეთ საქართველოს ვებრძოდით! ასეა დღესაც, ამ ბრძოლის დაწყებიდან 15 წლის თავზე და ვფიქრობ, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფასეულობები ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება.


რაც შემეხება მე... გადავწყვიტე, რომ ამ პროცესს შორიდან არ ვუყურებ!


P.S. ეს ისტორია დათო მუმლაძემ მიამბო. სწორედ მას ვუმადლით იმას, რომ ჩვენს რევოლუციას ვარდებისა დაერქვა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მომიტინგეები შეიარაღებული რომ არავის ჰგონებოდა, მათ ხელები უნდა აეწიათ, და აი, დათომ მოიფიქრა - მოდი, ვარდებით შევიდეთ! მისი იდეა ლიდერებს უმალვე მოეწონათ. ეს იყო და ეს. ექსპრომტი. ქართული ვარდების რევოლუციის სიმბოლო, უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციისაგან" განსხვავებით, იმიჯმეიკერების შემოქმედების ნაყოფი არ ყოფილა. საქართველოს ვარდების რევოლუცია გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი მოვლენა, არც ერთ სხვა პროცესს არ ჰგავდა, ასე ვთქვათ, სუფთა ქართული ფენომენი იყო. მოკლედ, დათომ ასეთი ამბავი მომითხრო:


იმერელი არისტოფანე თუ ოლიფანტე ვიწრო წრეებში ცნობილი რევოლუციონერია. ის ხან ფედერალისტია, ხან სოციალისტი, ხან  უკლონისტი, ხან ის, ხან ეს... ამ რევოლუციონერობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება, განგრენა დაიმართა, ფეხი დაკარგა - მოკლედ, ძალიან დაზარალდა.


ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ეს ჩვენი ნაფედერალისტალ-ნარესპუბლიკელარ-ნასოციალისტარი არისტოფანე თუ ოლიფანტე მივიდა ბათუმში, ბოლშევიკურ `ობკომში~, და გამოაცხადა, რამე სამსახური დამაწყებინეთო, თქვენთან მინდა მუშაობაო. იმათ უთხრეს, წადი, არისტოფან, თავი დაგვანებეო, მოგვშორდი, შენღა გვაკლდიო. მაგრამ თან შეეცოდათ ეს ცალფეხა კაცი და უთხრეს, ჰა, „ობკომის" გვერდით ჯიხური ჩადგი და წყალი გაყიდე ხოლმეო.


არისტოფანეც ადგა და ჯიხური ჩადგა, დაიწყო წყლის გაყიდვა და საკმაოდ იხეირა: სარჩო-საბადებელი გაუჩნდა, ცოტა წელში გაიმართა, ოჯახი დააპურა. ამ ამბავმა - არისტოფანე გამდიდრდაო - მის სოფლამდეც მიაღწია, და ერთ დღესაც მისი ერთი თანასოფლელი არისტოფანეს საძებნელად ბათუმში ჩავიდა - ობკომში ჩვენი კაცი მუშაობსო, არისტოფანე აწი დიდი კაციაო, და მივაკითხავ, ეგება მოგვხედოს რამეო.


მივიდა კაცი ობკომში და უთხრეს, რა ობკომი, რის ობკომი, არისტოფანე წყალს ყიდის აგერ ჯიხურშიო. ეს რომ დაინახა, მეზობელმა არისტოფანეს უთხრა, ვაი შენს პატრონს! წყლის გაყიდვა თუ გინდოდა, შე კაცო, გდებულიყავი შენთვის, რას ერჩოდი ამ ნიკოლოზს. წყალსაც გაყიდდი და ფეხიც შეგრჩებოდაო...


არისტოფანეს ამბავი ძალიან ჰგავს მრავალი რევოლუციონერის და რევოლუციის მონაწილის ისტორიას. მეც მქონდა ტელევიზია, ბიზნესი და საყვარელი საქმე, მყავდა მეგობრები - და ეს ყველაფერი იმისათვის დავთმე, რომ ეს რევოლუცია მომხდარიყო, დამთავრებულიყო ისე, როგორც დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა და მეც ყველაფერი დავკარგე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაინცდამაინც არისტოფანეზე არ დავიწყებ საკუთარ პროეცირებას, ვთვლი, რომ ამ რევოლუციისთვის ყველაფერ ამის გაკეთება და ყველაფერ ამის დაკარგვა ღირდა, თუ შედეგი ის იქნებოდა, რაც მე 2004 წლის დასაწყისში მეგონა...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner