„ლიტერატურული საქართველო" ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:
„ჩემი აზრით, მაღალი ინტელექტის და განათლების მქონე ახალგაზრდები ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად გაიკვლევენ. მოსკოვში პირველად გავიგე რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის ვინაობა. მან შარშან რუსეთის მთავარი კინოფესტივალის „კინოტავრის" მთავარი ჯილდო მოიგო. საინტერესო რეჟისორია რეზიკო გიგინეიშვილი, იგი ყველაზე მოდური კინორეჟისორის, ბონდარჩუკის ჯგუფის წევრია და დამოუკიდებლად იღებს ფილმებს.
ამ წრის ხალხს აქ ჩამოსვლა არ გაუჭირდება, მაგრამ ჩვეულებრივ, რიგით რუსებსაც უნდათ აქ ჩამოსვლა და არ იციან, როგორ ჩამოვიდნენ. საქართველო მათ მხოლოდ უფროსებისგან სმენიათ და ეს ქვეყანა აინტერესებთ.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ერთი საათი მელაპარაკა, რომ ქართველი ცოლი ჰყავს და შემჭამა, რამე გააკეთე საქართველოსთვისო. შევთავაზე, 300-400 სტუდენტი ქალაქ გორში წამოიყვანე, ინფრასტრუქტურა გვაქვს, ხალხი რუსულად საუბრობს და გპირდები, კარგ დროს გაატარებენ-მეთქი. სხვაგანაც შეიძლებოდა წაყვანა, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად მე ნამდვილად გორი მერჩივნა.
ტურიზმთან დაკავშირებით სერიოზულ პროექტს ვამუშავებდი. რუსეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის ვამზადებდი ერთსაათიან ტელე-გადაცემას „უტრა ს გრუზინამი." აქ ვაჩვენებდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე გადაღებულ სარეკლამო ფილმებს, ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რეპორტაჟებს და ა.შ
ამ პროექტის თაობაზე ტელეკომპანია „მირ"-ის დირექტორს შევხვდი და დავითანხმე, რომ ეს გადაცემა რუსეთის რეგიონულ ტელეარხებზე გავიდოდა. რეგიონს ვამბობ, თორემ კრასნოდარის მხარე ორი საფრანგეთის ხელაა. ვაპირებდი, ჩამომეყვანა პროვინციული ტელევიზიების გადამღები ჯგუფები, რომლებსაც მთელ საქართველოს მოვატარებდი და უკან დაბრუნებულები ამ რეპორტაჟებს თავიანთ არხებზე გაუშვებდნენ. ამ გზით საქართველოში არცთუ მცირე რაოდენობის რუს ტურისტს ჩამოვიყვანდით.
ამის თაობაზე ზურაბ ადეიშვილს ვკითხე კიდეც, ერთდროულად 400 რუსი ტურისტი რომ ჩამოვიყვანო, კახეთში თუ დააბინავებ მეთქი? ვერაო, ამდენი ადგილი არ გვაქვსო. მთელ კახეთში 400 ტურისტს ვერ ვაბინავებთ და ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ? რა დაჭირდებოდა ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას?
5-6 უპილოტო თვითმფრინავის ფასად ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრიდით! ის თვითმფრინავები კიდევ აღარც გვყავს - ჩამოგვიგდეს.
რუსი ტურისტები კახეთში უნდა ჩაგვეყვანა, ფიროსმანის მუზეუმია, იქით ალავერდი, შუამთა, გრემი, წინანდალი, სანახავების მეტი რა გვაქვს. მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ღვინის ტურები. 20-20-კაციან ჯგუფებს ღვინის ქარხნებში მივიყვანდით, სადაც წინასწარ გამზადებულ ღვინით სავსე ათლიტრიან ძველებურ „ბაჩონკებზე" მის სახელს დააწერდნენ, ვინც ამ ღვინოს იყიდდა. თავის ქალაქში დაბრუნებულს შეეძლო ეამაყა, რომ ის ღვინო მისთვის იყო დაწურული, რაც სხვებსაც გაუჩენდა აქ ჩამოსვლის სურვილს.
ქართული ალპინიზმი 1923 წლის დეკემბერში დაიბადა. ამის ფუძემდებელი იყო გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის შვილი. პირველი ასვლა მოხდა მყინვარწვერზე. გეგმაში მქონდა, რომ ქართული ალპინიზმის 85 წლისთავთან დაკავშირებით, აგვისტოში ან სექტემბერში, მყინვარწვერზე ავსულიყავით სამი დელეგაცია: რუსები, ქართველები და ოსები.
ამით უნდა დაგვეწყო ალპინიზმის აყვავება სვანეთში, რაჭაში და ხევში. სპეციალურად რამდენჯერმე დავესწარი რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის ღონისძიებებს. რუს ალპინისტებს სვანეთის მთები მონატრებული აქვთ და აქ ჩამოსვლა ყველას ძალიან უნდოდა.
ასე გახდა ხორვატია ძალიან პოპულარული ტურისტული ქვეყანა. მთელი მოსკოვის სტუდენტობა დასასვენებლად ხორვატიაში დადის და ჩვენ ისინი აქეთ უნდა შემოგვებრუნებინა. რუსი ტურისტების გარეშე ჩვენთან ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელი საქმეა. თუმცა ეს ამჟამად უკვე შორეული პერსპექტივაა.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძის დამსახურებით საქართველომ ენერგეტიკული დერეფნის ფუნქცია შეიძინა, ჩვენ ამერიკისა და ევროპის ყურადღების ზონაში აღმოვჩნდით. ჩვენ შევიძინეთ ფუნქცია და დასავლეთის ინტერესთა სფეროდ ვიქეცით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა გვეზრუნა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. მით უფრო, რომ ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, ჩუმად, დახურული და კორუფციული სქემებით, რუსებს მივყიდეთ. ახლაც ვფიქრობ, რომ, ჭკვიანურად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი დასავლეთისკენ ლტოლვა რუსებისთვის ასეთი მტკივნეული არ გახდებოდა.
თბილისში დაბრუნებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და მინისტრის მოადგილეს, გია ვაშაძეს ვკითხე: „როდის დამაბრუნებთ მოსკოვში?" „როცა რუსებისგან რაიმე დადებით მესიჯს მივიღებთ. მანამდე დაისვენე, უკან ჯერ ვერ დაგაბრუნებთ", - მიპასუხა ვაშაძემ.
ჩემი რუსეთიდან გამოწვევის მესამე დღეს რუსეთის ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი, გაგვეხსნა საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. მანამდე რუსები ამ პუნქტის გახსნას აჯანჯლებდნენ, ფეხს ითრევდნენ, ხან რემონტს იმიზეზებდნენ და ხან რას. რუსებმა შემოგვითვალეს, თუ თქვენ მზად ხართ საზღვრის ამ მონაკვეთის გასახსნელად, ჩვენ შეგვიძლია საზღვარი დღესვე გავხსნათო.
კანცელარიაში სააკაშვილთან მივედი და ვკითხე: „ამაზე მეტი კარგი მესიჯი რა გინდათ?" „არა, ეს საკმარისი არ არის", - იყო პასუხი. ამის საპასუხოდ პრეზიდენტს ვთხოვე, დამაბრუნეთ რუსეთში, სამუშაო მაქვს, ივლისის შემდეგ სექტემბრამდე რუსეთის ელიტა დასასვენებლად წავა და ორ თვეს დავკარგავ. არა უშავს, სექტემბრიდან გააგრძელე მუშაობაო.
ვნერვიულობდი, ნარიშკინის ვიზიტის ჩაშლით რუსეთის პრეზიდენტის ჩამოსვლის პერსპექტივაც დაიკარგებოდა.
ამის შემდეგ კიდევ ერთი მესიჯი მივიღეთ. მედვედევმა სააკაშვილი პიატიგორსკში დოღზე დაპატიჟა. თუმცა ვერც ამან შეაცვლევინა სააკაშვილს აზრი, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღგვედგინა.
ჩემი თბილისში დაბრუნებიდან მეხუთე დღეს მოსკოვიდან „იტარ-ტასის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხაილ გუსმანმა დამირეკა. რუსეთში გუსმანს გავლენა აქვს, ჩრდილოვანი ტიპის ლიდერია. მეგობრობს აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან. გუსმანმა მითხრა, რომ ნარიშკინის ვიზიტი ჩაიშალა, მაგრამ სააკაშვილთან პრეზიდენტ მედვედევის მესიჯების სათქმელად მე მაგზავნიან. მართალია, გუსმანზე პატარა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ნარიშკინთან შედარებით დაბალი რანგის ფიგურაა, სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნაცვლად „იტარ-ტასის" დირექტორის მოადგილე გამოგზავნეს.
მიხაილ გუსმანი სააკაშვილთან აჭარაში წავიყვანე - პრეზიდენტი ამ დროს იქ იმყოფებოდა. აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ სააკაშვილმა ეს მხარე საზაფხულო რეზიდენციად გადააქცია. ვფიქრობდი, აჭარას ააყვავებდა და ყველას აჩვენებდა, ავტონომიის ფარგლებში როგორ შეიძლებოდა რეგიონის განვითარება, მაგრამ ასე არ მოხდა. მან სანაპიროზე ბულვარი დააგრძელა, საყვარელი შადრევნები დააყენა და ფრანგული, ჰოლანდიური, ჩინური და ლაზური რესტორნები გახსნა. ამ რესტორნებში დაატარებს თავის ამალას და სტუმრებთანაც თავს იწონებს, შეხედეთ, პროვინციულ ქალაქშიც კი რამდენნაირი რესტორნები გვაქვსო.
მე რამდენჯერაც მივედი ჩინურ და ჰოლანდიურ რესტორნებში, ყოველთვის ერთადერთი კლიენტი ვიყავი. ვერ გეტყვით, ცუდ დროს შევდიოდი თუ ხალხი იქ საერთოდ არ დადის. ამ რესტორნებთან ერთად მიშა თავს იწონებს ასლან აბაშიძის გაკეთებული გვირაბით, მის დროსვე მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მიერ დაწყებული მშენებლობებით. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა ქობულეთის შესასვლელთან გასართობი ატრაქციონი გააკეთა და ესეც, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა მიიწერა. ინვესტიციების მხრივ, ასლან აბაშიძის შემდეგ აჭარაში არანაირი გარღვევა არ მომხდარა. თურქებმა მცირე თანხა დააბანდეს, მერე ისინი ვიღაცამ „გადააგდო", ვიღაცას ბიზნესის წილში „ჩაუჯდნენ", ან საქმე სულ წაართვეს - ჩვეულებრივი ისტორიები, რაც ასლანის დროსაც ხდებოდა. აქედან გამომდინარე, იქაურებს ვერც სამუშაო ადგილები შეუქმნეს, მაგრამ, სამაგიეროდ, აჭარლები ხშირად ხედავენ პრეზიდენტს. ეს ცვლილება თვალშისაცემია.
სააკაშვილმა გრანდიოზული რემონტი ჩაუტარა ბობოყვათის რეზიდენციას და იქ ხშირად ხედავენ აბაშიძის სწრაფმავალი კატერებით მოსეირნეს. პრეზიდენტი სასტუმრო „ჯორჯიან პალასში" მთელი ზაფხულის მანძილზე, ყველას თვალწინ 15 თუ 16 წლის ქართველ მომღერალ გოგონას ეფლირტავებოდა.
პრეზიდენტი თვის მანძილზე ორ კვირას უცხოეთში ატარებს, საიდანაც სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღე თუ იქნება, ერთ კვირას ბათუმში და ერთი კვირა შეიძლება თბილისში გაძლოს.
მას უცნაური დღის განრიგი აქვს: 12-13 საათზე იღვიძებს, შემდეგ საღამოს 5-6 საათამდე რას აკეთებს, კაცმა არ იცის, სამსახურში მიდის საღამოს და მერე ღამით იწყებს აქტიურად მოძრაობას. მისთვის ყოველდღიური სამსახური უცხოა, თუ სადმე ლენტი არ აქვს გასაჭრელი. დახურულ სივრცეს ვერ იტანს, კაბინეტსაც ამიტომ ვერ ეგუება და ამიტომ სულ აქეთ-იქით დაქრის. როცა პრეზიდენტი ბათუმშია, ამ დროს მინისტრებიც იქ ცხოვრობენ. ამალაში ყოფნა მათი „საპატიო" მოვალეობაა.
მანამ, სანამ სააკაშვილი საკუთარ თვითმფრინავს იყიდდა, პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომლები თვითმფრინავის ბილეთებს მისთვის ერთდროულად 7-8 მიმართულებით ყიდულობდნენ. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ არავინ იცოდა, იმ დღეს საით მოუნდებოდა პრეზიდენტს გაფრენა! ნიუ-იორკში მე ეს ჩემი თვალით ვნახე. მათ შეიძინეს მსოფლიოს 8 ქალაქისკენ ბიზნესკლასის ბილეთები, სააკაშვილისთვის და მისი თანმხლები 9-10 პირისთვის. ეს ძალიან ძვირია. მოგზაურობაზე მიშა შესაძლოა დღეში ხარჯავს იმდენს, რამდენსაც შევარდნაძე მთელი წლის განმავლობაში!
ომში დამარცხებული პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში გაემგზავრა. ოღონდ ნიუ-იორკში ჩასვლამდე რატომღაც ლონდონში შეიარა, მერე საიდანღაც მაიამიში „ამოყვინთა" და ამის მერე მივიდა ასამბლეაზე. ვინმემ იცის, რა უნდოდა მას მაიამიში და ან ლონდონში? საგადასახადო სამსახური აქ ბიზნესმენებს „აუთოებს" გადასახადების ამოღებისას და ეს ამ ფულით ერთობა! ამ გართობის შემდეგ ჩამოდის საქართველოში შეშფოთებული, შეწუხებული სახით და ცრემლებს აღვარვარებს, თუ როგორ უჭირს ქართველ გლეხს და რა ცუდ დღეში არიან უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები.
მას ამის გამოაშკარავების ეშინია და ამიტომ უნდა, დამონებული ჰყავდეს მასმედია. მას მივლინებებში თან დაყავს „ჯიბის" ჟურნალისტები, რომლებსაც მოსამსახურეებად განიხილავს და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. ამ ჟურნალისტებს საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, როგორი სამუშაო ვიზიტებითაც დადის სააკაშვილი საზღვარგარეთ, მაგრამ პირისფარეშს რა უფლება აქვს, პატრონის ამბები „ოჯახის" გარეთ გამოიტანოს? ასეთი ჟურნალისტები პრეზიდენტის სერვისის ნაწილს შეადგენენ და მათ კარნახის გარეშე რამის თქმა აკრძალული აქვთ.
მე და მიხაილ გუსმანი ბათუმში ავტომანქანით წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ამ დროს პრეზიდენტის მეუღლე ბათუმში მიფრინავდა და ჩვენც მას დავემგზავრეთ. სანდრა რულოვსი ბოლომდე პირველი ლედის როლში გახლდათ, მოდურად გამოწყობილი. ცხადია, მისთვის უცხო აღარ არის პარიზის, ლონდონის თუ ნიუ-იორკის ტოპ ბუტიკები. ჩემზე შესაძლოა ნაწყენი იყო, ვინაიდან ფეხების ბაკუნით მთხოვდა, მოსკოვში რუსი მილიონერებისთვის საღამო გამემართა და მისი მემუარული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი" გაგვეყიდა. მე უარი ვუთხარი, ვინაიდან ქვეყნებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლისთვის „ივენთის" მოსაწყობად შეუფერებელი დრო იყო.
თვითმფრინავში გუსმანმა მითხრა, მე და სააკაშვილს ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ორივეს „ბარბერის" ფირმის ტანსაცმელი მოგვწონსო. ამასთან დაკავშირებით მხიარული ისტორია მომიყვა: პარიზში პერანგის საყიდლად მაღაზიაში შევედი, ჩემთვის სასურველი პერანგი გამჭოლ თაროზე იდო, აი, ისეთზე, ორივე მხრიდან რომ შეგიძლია ტანსაცმელი აიღო, მივედი მის ასაღებად, მაგრამ მეორე მხრიდანაც ვიღაცამ ხელი დაავლო და უფრო ჯანიანად თავისკენ გაქაჩა და ხელიდან გამსტაცა. შემოვბრუნდი და მიხეილ ნიკოლოზის ძე აღმოჩნდაო.
ბათუმში დღის პირველ საათზე ჩავედით. პროტოკოლმა გვირჩია, სანამ ზუსტად გავიგებ, პრეზიდენტი რომელ საათზე შეგხვდებათ, გირჩევთ, სასტუმროში დაბინავდეთ, ისადილოთ და მერე ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ. ეს თავგადასავალი უკვე გადატანილი მქონდა. ასლან აბაშიძესთან შეხვედრის მოლოდინში ჯემალ გოგიტიძე და სხვები ბათუმის ქუჩებსა და რესტორნებში ასე მატარებდნენ აღმა-დაღმა.
რა ძალა მქონდა? დავიწყე სააკაშვილთან შესახვედრად რიტუალის შესრულება. სასტუმროში დავბინავდით, პრეზიდენტის სტუმარი ვასადილე, რიტუალის ნაწილია ისიც, რომ საამისო თანხები ჩემი ჯიბიდან უნდა ვიხადო. მერე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წაგვიყვანეს, გეგონება, მიშას გაშენებული იყოს ეს ორასწლოვანი ხეები, რაც მართალია - ძალიან მომწონს ეს ადგილი, გულის გახეთქვამდე ლამაზია.
შვიდი თუ რვა საათი იყო. ჩქარა, ჩქარა - პრეზიდენტი გველოდებაო, ჩაგვსხეს მანქანაში და ქედისკენ გაგვაქანეს. ერთი საათის შემდეგ მანქანა რომელიღაც რესტორანთან გააჩერეს. მე და გუსმანი გადმოვედით. ვხედავთ, რესტორანი ცარიელია და დაცვის შეიარაღებულ პირებს ალყა აქვთ შემორტყმული. ჩავედით რესტორნის ეზოში და მდინარის ნაპირზე გაშლილ სუფრასთან ზის მიშა. სუფრასთან ისხდნენ ისრაელის პარლამენტის თავდაცვის და იურიდიული კომიტეტის თამჯდომარე, მასთან ერთად ვიღაც ბანდიტური გარეგნობის პირი, თემურ იაკობაშვილი, რომელიც ისეთი საქმიანი სახით იჯდა და კრიალოსანს ათამაშებდა, „მოსადის" შეფი თუ არა, მისი მოადგილე მაინც გეგონებოდა. კიდევ იყვნენ ალანა გაგლოევა, ჰაბსბურგების გვარის 50 წლამდე ასაკის ვიღაც პრინცესა თანმხლებ ახალგაზრდა კაცთან ერთად და ორი გაურკვეველი საინფორმაციო საშუალების ინგლისურენოვანი ჟურნალისტი. მათ მე და გუსმანიც შევუერთდით.
გუსმანმა ჩუმად ხელი გამკრა და გაგლოევაზე მანიშნა, ეს არის ის ლეგენდარული ქალიო? ჰო-მეთქი, - თავი დავუქნიე. „არ გეწყინოს, მაგრამ ასეთი სიტუაცია მხოლოდ ბანანის რესპუბლიკებში მინახავს", - ჩამიჩურჩულა.
მეც დავიბენი - რუსეთის პრეზიდენტის ემისარი ნამდვილად შეუსაბამო ქვეყნების თუ პროფესიის ხალხთან მოხვდა.
საუბრობდნენ ყველაფერზე და თანაც ყველა ენაზე. გუსმანი საუბრობდა რუსულად, ებრაულად და ინგლისურად, იაკობაშვილი დროდადრო ებრაულად, სხვები ინგლისურად. სააკაშვილი სულ ჭამდა. დროდადრო წუხდა, რომ წონაში მოიმატა. მე ვუთხარი, რომ გუსმანი თბილისიდან იტალიაში წონის დასაკლებ სპეციალურ ცენტრში მიდიოდა და თუ გინდა, იქ შენც წადი, კვირაში 8 კილოს მოიკლებ-მეთქი.
სამხრეთ იტალიაში, ქალაქ მერანოში, ჰენრი შენოს კლინიკა მდებარეობს. ადრე ის ავსტრიის დედოფლის, სისის ზამთრის რეზიდენცია იყო. ძალიან პოპულარული ადგილია თავისი ულამაზესი ბაღით და საცურაო აუზით. ამ კლინიკაში ხშირად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ბიზნესმენები.
მიშას ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი და მერანოში წასვლის სურვილი გაუჩნდა. გუსმანმა, ვინაიდან პირველად ის ჩადიოდა ამ კლინიკაში, სააკაშვილს შეთავაზა, მითხარით, როდის დააპირებთ წასვლას და აპარტამენტს დაგიჯავშნიო. „ორშაბათს იქ ვიქნები", - ეუბნება სააკაშვილი. გუსმანს ეს ხუმრობა ეგონა, ვინაიდან ხუთშაბათი დღე იყო და ორი დღის შემდეგ პრეზიდენტი როგორ გაფრინდება, როგორც წესი, პრეზიდენტებს წინასწარ რამდენიმე თვის სამუშაო გრაფიკი აქვთ შედგენილი. ამიტომ ჩათვალა, რომ სააკაშვილმა იხუმრა.
სააკაშვილმა გუსმანი დაარწმუნა, რომ არ ხუმრობდა. გუსმანი დარწმუნდა, რომ ეს მთლად ორდინარული პრეზიდენტი არ იყო და სააკაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ მართლა გაემგზავრა იტალიაში წონის დასაკლებად.
თუმცა მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ემისარი სხვა მხრივაც გააკვირვა. სუფრაზე გამოაცხადა, ჯონ მაკკეინმა უნდა დამირეკოს, მის ზარს ველოდებიო. თუმცა სუფრა ისე მორჩა, მაკკეინს არ დაურეკავს. მიგვავიწყდა კიდეც ეს ამბავი.
როდესაც ბათუმისკენ ვბრუნდებოდით, უცებ პრეზიდენტის ესკორტი შეჩერდა. სააკაშვილი გადმოხტა მანქანიდან და მობილურზე ლაპარაკით მდინარის ნაპირისკენ წავიდა. დაახლოებით 10 წუთი ილაპარაკა. რა ხდება-მექი, ვიკითხე. მაკკეინმა დაურეკა და იმას ელაპარაკაო!
მაგარი სანახაობა იყო - აქეთ რუსეთის პრეზიდენტის გამოგზავნილი კაცი, იქით ეს მაკკეინს ელაპარაკება - რუსეთის მიმართ ყველაზე აგრესიულად განწყობილ პრეზიდენტობის კანდიდატს. ამას მარტო სააკაშვილი თუ მოახერხებდა.
შუაღამისას სააკაშვილი ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში პირისპირ 40 წუთი ესაუბრა მიხეილ გუსმანს.
მეორე დღეს მე და მიხეილ გუსმანი თბილისისკენ მანქანით წამოვედით. გზად ძალიან ბევრი სამხედრო მანქანა ვნახეთ, კოლონები დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით. შევშფოთდი. რამდენიმე დღის შემდეგ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი ათასი კაცით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ამან კიდევ უფრო დამაეჭვა, მაგრამ დასამშვიდებლად უფრო მეტი არგუმენტი მქონდა.
მიხეილ სააკაშვილი მერანოდან სამ აგვისტომდე არ უნდა დაბრუნებულიყო. შემდეგ 7 აგვისტოს პეკინში ოლიმპიადაზე წასვლას აპირებდა და მაგის ამბავი რომ ვიცი, იქ ათი დღე მაინც დარჩებოდა. შემდეგ პიატიგორსკში მედვედევს დოღზე ჰყავდა დაპატიჟებული და ვფიქრობდი, სექტემბრამდე, ანუ ჩემს მოსკოვში დაბრუნებამდე, სერიოზულ საფრთხეებს ავცდებოდით.
თუმცა, ჩემდა გასაკვირად, სააკაშვილი მერანოდან ვადაზე ადრე დაბრუნდა. პირველ აგვისტოს ის უკვე თბილისში ყოფილა. შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა, რაც ტელევიზიით ვნახე. ვხედავ, წონაში მოუკლია, გაახალგაზრდავებულია და მსუბუქად დადის. ოღონდ მეტი ვერ გაძლო, მერანოში დიეტის მთავარი ნაწილია, რომ დღეში მხოლოდ 600 კალორია უნდა მიიღო, ეს კიდე დღეში 5000 კალორიას მიჩვეულია და იქ რა გააჩერებდა. დაქოქა თვითმფრინავი და უკან გამოვარდა.
5 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და პრეზიდენტს მესიჯი გავუგზავნე, მცხეთაში რესტორან „სერაფიტაში" გეპატიჟები-მეთქი. საღამოს ექვს საათზე დამირეკა და მომილოცა. მინდოდა მოსულიყო, რომ გამერკვია, რას აპირებდა, მაგრამ მომიბოდიშა ვერ მოვალო. „როდის მაბრუნებ მოსკოვში?" - ვეკითხები. „მალე არბალეტით დაგაბრუნებ", - მიპასუხა და ჩვენ ამ თემაზე აღარ გვისაუბრია.
7 აგვისტოს ოჯახით ამერიკის საელჩოში ვიზების ასაღებად წავედი. უფროსი შვილი ლუკა ნიუ-იორკში სწავლობს და სტუდენტური ვიზა უნდა გაგვეგრძელებინა. მასთან ერთად მანამ, სანამ გოგოებს მოსკოვში სწავლა დაეწყებოდათ, მე და იას, ჩემს მეუღლეს, გვსურდა ამერიკაში მთელი ოჯახით ჩავსულიყავით.
ამერიკის საკონსულოში უცნაურად მომექცნენ. დიპლომატიური ეტიკეტია, რომ, როცა ელჩი მოდის, მას საკონსულოში სხვანაირად ხვდებიან, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ - უბრალოდ, ეს ქცევის ნორმაა. აქ კიდევ ჩამაყენეს რიგში და ორი საათი ველოდებოდი კონსულთან გასაუბრებაზე გასვლას. ძალიან გავბრაზდი, გამოვიჯახუნე საკონსულოს კარი და სახლში წამოვედი. დღის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა და მეუბნება, ეროსი ცხინვალში ომი დაიწყოო.
- მიშა, რა ომი, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობ, - ვეუბნები სააკაშვილს.
მას სურდა, რომ მე მასთან კანცელარიაში მივსულიყავი და მის გარემოცვასთან ერთად ომის დაწყებაში დამედანაშაულებინა და მეგინებინა რუსები, მერბინა სამხედრო შტაბებში და საომარ პროცესში ჩავრთულიყავი. მე ამაზე ცივი უარი ვუთხარი და ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო.
ჩემთვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილმა სერიოზული პროვოკაცია წამოიწყო და ჩვენ კატასტროფა გვემუქრებოდა. ჩემთან სახლში ორი ქალბატონი მუშაობს, სოხუმიდან დევნილი და მეორე გორელი, სოფელ ტყვიავიდან. მოვუბრუნდი მათ და ვუთხარი, რომ დავიღუპეთ, რუსებს მთელი ეს წლები ხელები ექავებოდათ და ახლა საბაბი მივეცით, დედას გვიტირებენ, შესაძლოა თბილისიც დაბომბონ-მეთქი.
სამწუხაროდ, ეს მართლაც ასე მოხდა. დაიღუპა ხალხი, კიდევ დაიკარგა ტერიტორიები, უამრავმა ხალხმა დაკარგა სახლ-კარი და ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მე ვფიქრობდი, რომ, სანამ ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი საღ ჭკუაზე იყვნენ, სააკაშვილს ომის დაწყების საშუალებას არ მისცემდნენ. გიგა ბოკერია რომ ომის მომხრეთა შორის იყო, ეს კარგა ხნის წინ ვიცოდი.
აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვიყავი იმ პირთა შორის, ვისაც სააკაშვილისთვის უშუალოდ შეეძლო ეთქვა, რომ სისულელე არ ჩაედინა და დანაშაულებრივი ნაბიჯი არ გადაედგა. მე მინდოდა მშვიდობა და მჯეროდა, რომ ჩვენ ამ გზით შეგვეძლო ტერიტორიების დაბრუნებაც და აფხაზების და ოსების შემორიგებაც. შეგვეძლო რუსეთთან ერთად მშვიდობიანად თანაარსებობა და ეს შანსი სააკაშვილმა კარგა ხნით დაგვაკარგვინა", - წერს კიწმარიშვილი.