logo_geo
eng_logo
ეროსი კიწმარიშვილი: ეს ჩემი გულწრფელი სურვილი იყო...
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:01



„ლიტერატურული საქართველო" ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:



„დიპლომატიაში დამკვიდრებული წესია, რომ ახლად დანიშნული ელჩი პირველად იმ ქვეყანაში ყველაზე სტაჟიან ელჩს უნდა შეხვდეს. ასეთი სიერა-ლეონეს ელჩი აღმოჩნდა და მე ტრადიციის დასაცავად მასთან წავედი. მოგვიანებით ჩვენმა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა და საპარლამენტო კომისიაზე ჩვენების მიცემისას დეპუტატებმაც, გამაკრიტიკეს, რა გესაქმებოდა სიერა-ლეონეს ელჩთანო. სხვებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მინისტრის მხრიდან ეს, უბრალოდ, იმას ნიშნავდა, რომ საერთოდ ვერ ერკვეოდა, რა სფეროში მუშაობდა _ ჩვენდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ელჩებთან შეხვედრები რანგის და მნიშვნელობის მიხედვით დავგეგმე. პროამერიკული კურსის დემონსტრირება რომ არ გამომსვლოდა, პირველი ვიზიტით ამერიკის ნაცვლად, საფრანგეთის ელჩს ვესტუმრე. საფრანგეთის საელჩოში საკმაოდ ცივად დამხვდნენ. მიღებული წესია, როდესაც ელჩის მანქანა დროშით მოდის, ჭიშკარი იხსნება და საელჩოს ეზოში პირდაპირ გიშვებენ. ამათ ჯერ ქუჩაში მალოდინეს, შემდეგ ეზოში შესვლისას - კიდევ 5 წუთი, შესახვედრად არავინ გამოვიდა, შემდეგ ამიყვანეს და ფოიეში გამაჩერეს. სამივე ეს ფაქტი დიპლომატიის ენაზე არაკეთილგანწყობას ნიშნავს. სხვანაირად არ შეიძლება იყოს - ქვეყანა, რომელმაც დიპლომატია მეცნიერებად აქცია, არის საფრანგეთი. საელჩოს კედელზე გამოფენილია რუსეთში მოღვაწე ფრანგი დიპლომატების სურათები დაწყებული მე-16 საუკუნიდან.

 

 

საფრანგეთის ელჩთან თბილი საუბარი მქონდა, მაგრამ მთლიანად ეს ქცევები მიჩვენებდა, რომ რაღაცით გაღიზიანებულები იყვნენ. ანუ საფრანგეთი თავს რუსეთის მთავარ ევროპულ მოკავშირედ განიხილავს და შენი მოქმედებები მისი მთავარი მოკავშირის მიმართ მისთვის სასიხარულოარაა.

 

 

მეორე შეხვედრა გერმანიის ელჩთან მინდოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მას მოგვიანებით შევხვდი. რატომ არის ამერიკა ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ქვეყანა? - იმიტომ, რომ ხალხი ჰყავს „სმარტი" და აქტიური! ამერიკელები თვითონ მესტუმრნენ! მათ ამ დროს ელჩი დანიშნული არ ჰყავდათ და ელჩის მოადგილე და პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოვიდნენ. ამით ამერიკელებმა აჩვენეს, რომ მეგობარი ქვეყნები ვართ და მეორეც, დაინტერესებულები არიან, როგორ განვითარდება ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა. ამის შემდეგ შევხვდი გერმანიის ელჩსაც, სადაც ასევე ცუდად მიმიღეს. ესეც დამკვიდრებული წესია, როცა მანქანაში ელჩი ზის, ამ მანქანის ანტიტერორისტული შემოწმება არ შეიძლება. ჩემმა მძღოლმა მითხრა, რომელიც თხუთმეტი წელია მძღოლია, ასეთი შემოწმება აქამდე არასოდეს ყოფილაო. ესეც ჩვენს მიმართ გარკვეული გაღიზიანების და უნდობლობის ნაწილი იყო. ყველა ელჩს, ვისაც მე შევხვდი, მთავარი, რაც იყო, ვეუბნებოდი, რომ პრეზიდენტისგან მქონდა დავალება, რამენაირად დაგველაგებინა რუსეთთან ურთიერთობა. დაახლოებით 15-20 ვიზიტი გავაკეთე სხვადასხვა საელჩოში. თვე-ნახევრის განმავლობაში, გარდა ძირითადი საქმიანობებისა, ანუ უშუალო შეხვედრებისა რუსეთის პოლიტიკურ თუ სხვა მნიშვნელოვან წრეებთან, ყოველდღიურად ერთ ან ორ ელჩს ვხვდებოდი იმიტომ, რომ დრო გვქონდა დაკარგული და ვნერვიულობდი, რომ დაკარგულის ანაზღაურება მომესწრო.

ჩვენ საუბრისას ვცვლიდით ინფორმაციას რუსეთის შიდა სიტუაციასთან დაკავშირებით. თუ არა შენი კოლეგისაგან, ვისგან შეიძლება გაიგო, რას ფიქრობენ საქართველოზე რუსეთში და შენი და მათი ხედვები შეადარო.

 

 

ბუნებრივია, 200-ვე ელჩთან ვერ იმეგობრებ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლათინური, აზიური, არაბული ან აფრიკული ქვეყნების და ჩვენი ინტერესები რუსეთისადმი აბსოლუტურად განსხვავებულია, და შესაბამისად, მათთან შეხვედრა ჩემთვის, გარდა ადამიანური ურთიერთობისა, არაფრის მომცემი არ იქნებოდა.

 

 

ჩემი ინტერესის წრეს წარმოადგენდნენ ის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ჩვენთვის საჭირო პროცესებში, ანუ მეგობარი ქვეყნები, ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნები. დსთ-ის ქვეყნები და მათი ელჩების უზარმაზარი გამოცდილება კიდევ ცალკე თემაა.

 

 

რუსეთი არ არის მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, შესაბამისად, დსთ-ის ქვეყნებიდან მოსკოვში ძალიან გავლენიან ხალხს ნიშნავენ, რომლებიც ე.წ „ტოპ ელჩები" არიან. მაგ. ძალიან გავლენიანი იყო უკრაინის ელჩი; ყაზახეთის ელჩი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა, რომელზეც საუბრობდნენ, რომ რაღაც დროებითი პრობლემა შეექმნა, თორემ ნაზარბაევის შემდეგ ყაზახეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია. მის სახის გამომეტყველებაზე და ურთიერთობებშიც უმალ იგრძნობდი, რომ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანთან გქონდა საქმე. ასევე ფოლად ბულბულ-ოღლი, აზერბაიჯანის ყოფილი კულტურის მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტის პირადი მეგობარია. ძალიან საინტერესო ელჩი ჰყავდა ლიტვას, ლატვიის ელჩი, საკადრო დიპლომატი და ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად განწყობილი ადამიანი ჩვენს მიმართ. ფანტასტიკური ქალი იყო ესტონეთის ელჩი, რომელმაც თავის კისერზე გადაიტანა რუსეთ-ესტონეთის კრიზისი. მე როცა ჩავედი, მას ვადა უმთავრდებოდა, ერთხელ შევხვდით მის გაცილებაზე. ჩათვალე, რომ მოსკოვში ჩადიან ტოპ- დიპლომატები და გავლენიანი ადამიანები, ეს არ არის რომელიღაც მესამეხარისხოვანი ქვეყანა. შესაბამისად, ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, შევხვდი ევროკავშირისა და სლოვაკეთის ელჩებს, რადგან მაშინ სლოვაკეთი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მათგან მივიღე ინფორმაცია, რაც ამ სამიტზე საქართველოს უკავშირდებოდა.

 

 

გერმანიის ელჩი გეუბნება, რა იყო ფრანკ შტაინმაიერისა და ლავროვის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი, ის, რაც შენს ქვეყანას ეხება. ეს არის კლასიკური ურთიერთობა, შენ აძლევ ინფორმაციას, ის გაძლევს რაღაცას და სურათი იქმნება. მე ამ ინფორმაციას მაშინვე თბილისში ვაგზავნიდი. გიორგი ზაქარაშვილი, ჩემი მთავარი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, დღეში წერდა სამ-ოთხ მოხსენებით ბარათს. ვინ კითხულობდა ამ ბარათებს - ეს კიდევ ცალკე საკითხია.

 

 

ეკა ტყეშელაშვილმა მინისტრად დანიშვნიდან უმოკლეს დროში კვალიფიციურ კადრებს სამსახურები დაატოვებინა. მისი დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ სამსახური დატოვა მინისტრის მოადგილემ და ერთ-ერთმა საუკეთესო დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. მან ამ ქალბატონისგან შეურაცხყოფა ვერ აიტანა და წავიდა უწყებიდან. ასევე წავიდა ბევრი ადამიანი, სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტის უფროსები იმის გამო, რომ მოვიდა ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა დიპლომატიაზე. 

 

 

კიდევ ერთი კომიკური ისტორია: მან მინისტრის მისაღებში რკინის კარი დაკიდა. კარი შეცვალა მისაღებში, თავისი კაბინეტის წინ. ამ კარს დაუყენა ვიდეოთვალი და ზარი და კარის გაღებაზე თანხმობას ან მდივანი იძლეოდა, ან თვითონ მინისტრი. ეს იყო საოცარი შოკი დიპლომატებისთვის. მთელი სამინისტრო გაოგნებული დადიოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის ადგილი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ხალხი დადის. ეს არ არის სოფლის მეურნეობის, ან შინაგან საქმეთა, ან ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც მართლა ბევრი ადამიანი მიდი-მოდის. აქ ურთიერთობენ მხოლოდ ქართული და უცხოური დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან, რომლებსაც პროტოკოლის შესაბამისად იღებენ და ეს ურთიერთობები ყოველთვის დარეგულირებულია. ამასთან, მინისტრი სამსახურში, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში მიდის. მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია სამსახურში 8-9 საათზე ერთი საათით შეირბენს, კაბინეტში სიგარეტს მოწევს, მეგობარს დაელაპარაკება და ისევ გარეთ გაიქცევა. მისთვის ეს არ არის სამსახური, ეს ე.წ „პერევალოჩნი" პუნქტია. ნიკოლოზ ვაშაკიძის ნაცვლად მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ნინო კალანდაძე. აქ რა დამსახურებისთვის დანიშნეს, მარტო თვითონ და სააკაშვილმა იციან. ადამიანი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, სად არის, მით უმეტეს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ე.წ. „სინუსსერვისზე", ანუ როგორ მიდის საქმის წარმოება, ნოტა როგორ უნდა დაიწეროს ან წერილი როგორ უნდა დაიგზავნოს, ფაქტობრივად, სამინისტრო დანგრეულია.

 

 

აქედან გამომდინარე, სამინისტროს ეფექტურობა ძალიან დაბალია. ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანდა. ამის მაგალითია ისიც, რომ ბოლო წლებში 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეს საელჩო საერთოდ არ აღნიშნავდა. მე გადავწყვიტე აუცილებლად აღმენიშნა ეს დღე. მე შემეძლებოდა მომეწვია რუსეთის ელიტა, გავლენიანი ხალხი, ერთი, შეიძლება ვთქვათ მათ დასამეგობრებლად და მეორეც, მათთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენ მაგარი ქვეყანა ვართ, წინ მივდივართ და ეს ღონისძიება ამის დემონსტრირებაც უნდა ყოფილიყო.

 

 

ვიკითხე, სად ტარდებოდა ხოლმე მსგავსი სადღესასწაულო ღონისძიებები და გავარკვიე, რომ მნიშვნელოვან მიღებებს ზურა წერეთელთან აწყობდნენ. მეც მირჩიეს, თუ რამეს აკეთებ, ზურასთან გააკეთე, თორემ ეწყინებაო. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ იყო ორი გარემოება, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლიდი: პირველი - წერეთლის დარბაზი ძალიან დიდია და ასეთი მიღებისთვის შეუფერებელი, სივრცეში ჩაიკარგები, შუა დარბაზში ძალიან დიდი ქანდაკება დგას, დარბაზის ბოლოში კიდევ დეკაბრისტთა ცოლების დიდი კომპოზიცია. ეს დარბაზი კამერული საღამოსთვის ნამდვილად არ გამომადგებოდა. მეორეც, რუსეთის ელიტა დისტანცირებულია საზოგადოების სხვა ფენებისგან და თუკი საქართველოში შესაძლებელია, რომელიმე მიღებაზე პრეზიდენტთან ერთად მოხვდე, რუსეთში ეს გამორიცხულია. გადავწყვიტე, ორი მიღება ჩამეტარებინა, 25 მაისს საელჩოში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქართველებისთვის და 26 მაისს სასტუმრო „სლავიანსკაიაში" რუსეთის ბომონდისა და დიპლომატებისათვის. ამ ღონისძიებისთვის საელჩოს სულ 20 ათასი დოლარი ჰქონდა, რითიც მოსკოვში ვერაფერს გააკეთებ, უბრალო დარბაზის ქირაობას არ ეყოფა. სპონსორები გამოვძებნე, რუსეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ საელჩოში ჩასატარებელი მიღება დააფინანსა, „მადნეულმა" - სატუმრო „სლავიანსკაიას" მიღება. სასტუმროს დირექტორი ქართველი მჟავანაძეა, რომელმაც დარბაზი მინიმალურ ფასად მოგვაქირავა. 25 მაისს საელჩოში 350 ქართველი მოვიდა. საქართველოს გარეთ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას განსხვავებული ემოცია ახლავს, ამათაც გაიხარეს ტრადიციის აღდგენით, ერთმანეთის ნახვით. იყო ჰიმნი, აღვმართეთ სახელმწიფო დროშა, უკრავდა შესანიშნავი ახალგაზრდა პიანისტი, რომელსაც მოსკოვში ხუბუტია პატრონობს და კინაღამ მოვკვდი: ოთხი საათი გაღრეჯილი ვიდექი და სხვადასხვა ხალხთან სურათებს ვიღებდი, რომლებიც გაცნობის შემდეგ სათითაოდ მთავაზობდნენ ქვეყნის გადარჩენის გზებს, მიყვებოდნენ რუსეთ-საქართველოს და საკუთარ პრობლემებზე.

 

 

26 მაისს ჩვენს მიღებაზე მივიყვანე მოსკოვის საუკეთესო ჯაზ-ბენდი, რომელიც ამერიკის საელჩოს მიღებებზე უკრავს ხოლმე, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან, როგორც დიპლომატიური ტვირთი, უნიკალური ქართული ღვინო „ქისი" და ხუთი წლის დაძველებული საფერავი ჩავიტანე. აკრძალულ თითო ბოთლ ქართულ ღვინოზე, შესაძლოა ჯარიმად 700 რუბლი გადაგვეხადა, მაგრამ ჩვენს მიღებაზე ქართული ღვინო უნდა ყოფილიყო, ემბარგოს პირობებშიც. მოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი, მე და მან სცენიდან მივმართეთ შეკრებილ საზოგადოებას. „გვინდა მეგობრობა და კეთილმეზობლობა", _ ვუთხარი სტუმრებს.

 

 

გვესტუმრნენ კინორეჟისორები ელდარ რიაზანოვი და გიორგი დანელია, ჟურნალისტები კისელიოვი, ვენედიქტოვი, ბიზნესმენები, მათ შორის ბათუმელი აფხაზი თენგიზ აჩბა, ასევე ზელიმხან მუცოევი და ყველა „ტოპ" სახელმწიფოს ელჩი. იმღერეს ნანი ბრეგვაძემ და ბუბა კიკაბიძემ. ზურა წერეთელი მალე წავიდა, პარიზში მივფრინავო...

 

 

თითოეულ სტუმარი დავასაჩუქრე: საქართველოს დროშიან ჩანთებში ეწყო: ორი ბოთლი ღვინო და ერთიც ჭაჭა, ლამაზად დასურათებული წიგნები „საქართველო" და „თბილისი", ქართულდროშიანი „ბრელოკი".

 

 

ასეთი მასშტაბური მიღება იმ წელს რუსეთში არც ერთ საელჩოს არ ჰქონია. ძალიან დიდი და კარგი რეზონანსიც გამოიწვია. ყველა ჩვენს მიღებაზე საუბრობდა. არსად ასე მასობრივად საჩუქრებს არ არიგებენ, მხოლოდ „ბრელოკებს" და ყვავილებსაც კი. მე კიდევ ამ საღამოს შემდეგ მქონდა განცდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა „დათბებოდა" და აღარასოდეს გაცივდებოდა.

 

 

ეს ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. ამ სურვილის განსახორციელებლად კი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეიძლება, რომ ერთმა ელჩმა გააკეთოს. ვიფიქრე, რომ, მართალია, სააკაშვილს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მეზობელთან ურთიერთობას ვეღარ გამოვასწორებდით. ახალი იმედები რუსეთის ახალ პრეზიდენტს, ვლადიმერ მედვედევს დავუკავშირე. ალბათ, ყველას ახსოვს, პუტინის მიმართ სააკაშვილის ოდიოზური გამოსვლები და ფრაზეოლოგია. ამის გათვალისწინებით, ერთადერთ რამეს ვითხოვდი, სანამ ჩემი მუშაობა, რაიმე შედეგს მოიტანდა, სააკაშვილს რუსეთის ახალი პრეზიდენტი არ გაელანძღა", - წერს კიწმარიშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner