logo_geo
eng_logo
კიწმარიშვილი: სააკაშვილს ჩვენს წრეში არმაგედონს ვეძახდით
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:31


 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ჩანაწერებში მიხეილ საააკშვილის შესახებ წერს.

კიწმარიშვილის ჩანაწერებს „ლიტერატურული საქართველო" ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდს:



„გელათი - დავით აღმაშენებლის საფლავზე 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაცია...

ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ სწორად ვერ შევაფასეთ, თუ რა შედეგი შეეძლო მოეტანა ჩვენთვის იმპულსური და ექსცენტრიკული სააკაშვილის მიერ დავით აღმაშენებლისთვის მიბაძვას.

 

 

მე ვიდექი იქ, სადაც ვთვლიდი, რომ საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა. ვიდექი იმის მხარეს, რომელიც ნაკლებ ბოროტებად მიმაჩნდა. შემდეგ გავხდი ელჩი, რომ როგორმე საქართველო რუსეთთან საომარ დაპირისპირებაში არ აღმოჩენილიყო. მე ეს ვერ მოვახერხე და მხოლოდ ამის მერე დავუპირისპირდი სააკაშვილს, თორემ სააკაშვილი კარგი იყო თუ ცუდი, რევოლუციამდეც ძალიან კარგად ვიცოდი. მას ჩვენს წრეში არმაგედონს ვეძახდით. ის იყო ადამიანი, რომელიც აშკარად მეორედ მოსვლის საფრთხეს ქმნიდა. ჩვენ მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობაზე ფსონი არასოდეს დაგვიდვია. უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და შემთხვევით ის იმ ტალღაზე აღმოჩნდა, რომელიც მისთვის არ იყო წარმოქმნილი.

 

შესაძლოა, ვინმემ მეც დამადანაშაულოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის შტაბს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ რა უნდა მექნა, თუკი ახლაც ვფიქრობ, რომ რევანშისტების გამარჯვება ქვეყანას უფრო მეტ განსაცდელს მოუტანდა? სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ცუდსა და მასზე უარეს კანდიდატთაგან ვირჩევთ ქვეყნის პირველ პირს. მაშინ სააკაშვილი ყველაზე უარესად არ წარმომედგინა.

 

პირველად, როცა ვნახე, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიდიოდა, აქაურობას საერთოდ გავეცალე. ზურაბ ჟვანიას სიკვდილი მაფიქრებინებს, რომ ურიგოდ არ მოვქცეულვარ. მეორედ, როცა სააკაშვილმა ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა, გადავდექი და იგი მოურიდებლად საჯაროდ ვამხილე.

 

ნოემბერში ძლივს მოვახერხე, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას დავეკითხე. კომისიის სხდომაზე დამხვდნენ ჩემი ძველი ნაცნობები, რომლებიც პარლამენტში „ვარდების რევოლუციის" წყალობით მოხვდნენ. შემდეგ მათ სააკაშვილისადმი ერთგულების და მონური მორჩილების გამო ცხოვრებაც მოიწყეს და ჩემდამი აგრესიული დამოკიდებულების გამოხატვით შანსი მიეცათ, „პატრონი" ესიამოვნებინათ და სანაცვლოდ მორიგი სალაფავი მიეღოთ.

 

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მე ვთქვი, რომ ცხინვალში ომი სააკაშვილმა დაიწყო, რისთვისაც კომისიის თავმჯდომარე დაპატიმრებით იქვე დამემუქრა.

 

რა თქმა უნდა, დაპატიმრების არ შემშინებია, ასეთ მუქარებს შეჩვეულიც ვარ, მაგრამ საწყენია, რომ ხელისუფლება სიმართლის გამო კვლავ ციხით იმუქრება. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლშევიკების შემდეგ არაფერი შეცვლილა. მე ასეთი საქართველოსთვის არასდროს მიბრძოლია! პირიქით, „რუსთავი-2"-იდან მოყოლებული მე და ჩემი მეგობრები სულ ასეთ საქართველოს ვებრძოდით! ასეა დღესაც, ამ ბრძოლის დაწყებიდან 15 წლის თავზე და ვფიქრობ, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფასეულობები ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება.

 

რაც შემეხება მე... გადავწყვიტე, რომ ამ პროცესს შორიდან არ ვუყურებ!

 

P.S. ეს ისტორია დათო მუმლაძემ მიამბო. სწორედ მას ვუმადლით იმას, რომ ჩვენს რევოლუციას ვარდებისა დაერქვა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მომიტინგეები შეიარაღებული რომ არავის ჰგონებოდა, მათ ხელები უნდა აეწიათ, და აი, დათომ მოიფიქრა _ მოდი, ვარდებით შევიდეთ! მისი იდეა ლიდერებს უმალვე მოეწონათ. ეს იყო და ეს. ექსპრომტი. ქართული ვარდების რევოლუციის სიმბოლო, უკრაინის `ნარინჯისფერი რევოლუციისაგან~ განსხვავებით, იმიჯმეიკერების შემოქმედების ნაყოფი არ ყოფილა. საქართველოს ვარდების რევოლუცია გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი მოვლენა, არც ერთ სხვა პროცესს არ ჰგავდა, ასე ვთქვათ, სუფთა ქართული ფენომენი იყო. მოკლედ, დათომ ასეთი ამბავი მომითხრო:

 

იმერელი არისტოფანე თუ ოლიფანტე ვიწრო წრეებში ცნობილი რევოლუციონერია. ის ხან ფედერალისტია, ხან სოციალისტი, ხან  უკლონისტი, ხან ის, ხან ეს... ამ რევოლუციონერობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება, განგრენა დაიმართა, ფეხი დაკარგა - მოკლედ, ძალიან დაზარალდა.

 

ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ეს ჩვენი ნაფედერალისტალ-ნარესპუბლიკელარ-ნასოციალისტარი არისტოფანე თუ ოლიფანტე მივიდა ბათუმში, ბოლშევიკურ „ობკომში", და გამოაცხადა, რამე სამსახური დამაწყებინეთო, თქვენთან მინდა მუშაობაო. იმათ უთხრეს, წადი, არისტოფან, თავი დაგვანებეო, მოგვშორდი, შენღა გვაკლდიო. მაგრამ თან შეეცოდათ ეს ცალფეხა კაცი და უთხრეს, ჰა, „ობკომის" გვერდით ჯიხური ჩადგი და წყალი გაყიდე ხოლმეო.

 

არისტოფანეც ადგა და ჯიხური ჩადგა, დაიწყო წყლის გაყიდვა და საკმაოდ იხეირა: სარჩო-საბადებელი გაუჩნდა, ცოტა წელში გაიმართა, ოჯახი დააპურა. ამ ამბავმა - არისტოფანე გამდიდრდაო - მის სოფლამდეც მიაღწია, და ერთ დღესაც მისი ერთი თანასოფლელი არისტოფანეს საძებნელად ბათუმში ჩავიდა - ობკომში ჩვენი კაცი მუშაობსო, არისტოფანე აწი დიდი კაციაო, და მივაკითხავ, ეგება მოგვხედოს რამეო.

 

მივიდა კაცი ობკომში და უთხრეს, რა ობკომი, რის ობკომი, არისტოფანე წყალს ყიდის აგერ ჯიხურშიო. ეს რომ დაინახა, მეზობელმა არისტოფანეს უთხრა, ვაი შენს პატრონს! წყლის გაყიდვა თუ გინდოდა, შე კაცო, გდებულიყავი შენთვის, რას ერჩოდი ამ ნიკოლოზს. წყალსაც გაყიდდი და ფეხიც შეგრჩებოდაო...

 

არისტოფანეს ამბავი ძალიან ჰგავს მრავალი რევოლუციონერის და რევოლუციის მონაწილის ისტორიას. მეც მქონდა ტელევიზია, ბიზნესი და საყვარელი საქმე, მყავდა მეგობრები - და ეს ყველაფერი იმისათვის დავთმე, რომ ეს რევოლუცია მომხდარიყო, დამთავრებულიყო ისე, როგორც დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა და მეც ყველაფერი დავკარგე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაინცდამაინც არისტოფანეზე არ დავიწყებ საკუთარ პროეცირებას, ვთვლი, რომ ამ რევოლუციისთვის ყველაფერ ამის გაკეთება და ყველაფერ ამის დაკარგვა ღირდა, თუ შედეგი ის იქნებოდა, რაც მე 2004 წლის დასაწყისში მეგონა...", - წერს კიწმარიშვილი.

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner