logo_geo
eng_logo
კიწმარიშვილი: სამწუხაროდ, ვერც მათი იმედის გამართლება მოვასწარი...
- +

3 ნოემბერი. 2016. 00:55



„ლიტერატურული საქართველო" ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:



„ივნისში გაჩნდა შანსი, რომ სააკაშვილი და მედვედევი კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავის დაბადების დღეზე დსთ-ის პრეზიდენტები მიიპატიჟა. მის დაბადების დღეს დაარსდა ასევე დედაქალაქი ასტანა და ნაზარბაევი ორივე მოვლენას აღნიშნავდა. წინასწარ ვიტყვი, რომ სააკაშვილი და მედვედევი ასტანაში შეხვდნენ და დისკოთეკაზეც ერთად წავიდნენ. ბრაიზა აღფრთოვანებული იყო, სააკაშვილს ფანტასტიკური შეხვედრა ჰქონდა მედვედევთანო.

 

 

ყაზახეთში წასვლამდე კი პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსმა, ზურა დარჩიაშვილმა დამირეკა და მთხოვა, ზურა წერეთელს დაურეკე, იქნებ, ნაზარბაევისთვის რაიმე საჩუქარი მოიფიქროს და ყაზახეთში გაგვატანოსო.

 

 

საჩუქრების თემა ცოტა რთულია, მიშას გემოვნებაში უჭირს და მისი საჩუქარი ყოველთვის უგემოვნობით გამოირჩევა, ანტიკური ხანის ოქროს ნაკეთობებს იღებს და მათ ასლებს აკეთებინებს. თავისთავად, ორიგინალი ძალიან ლამაზია, მაგრამ მიშას გემოვნებით შეფუთული მისი ასლები ძალიან უგემოვნოა.

 

 

მახსოვს, როცა ელდარ რიაზანოვი თბილისში ჩამოვიდა, მიშამ რესტორან „ძველ სახლში" დამპატიჟა. მაშინაც რიაზანოვისთვის რაღაც ამდაგვარი ფინთი რამის ჩუქებას აპირებდნენ, მე დავურეკე ჩემს მეგობარს და ელდარ რიაზანოვს კირილ ზდანევიჩის ნახატი ვაჩუქე. მახსოვს, სიხარულით გადაირივნენ ის და მისი მეუღლე.

 

 

მე დავურეკე ზურა წერეთელს და სააკაშვილის თხოვნა გადავეცი. წერეთელმა რომ გაიგო, საპრეზიდენტო საჩუქარს ითხოვდნენ, ცოტა უხერხული პაუზა გააკეთა. მერე, მოგვიანებით, გავიგე, რატომაც... მას ანალოგიური თხოვნით ადრეც მიმართავდნენ და არასდროს ამ საჩუქრებში გადახდილ თანხას არ უნაზღაურებდნენ. თანხა კი ასეულ ათასობით ჰქონიათ მისაცემი.

 

 

ზურაბ წერეთელმა მითხრა, საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს მოვიფიქრებ და დაგირეკავო. ის ამ დროს სამკურნალოდ იმყოფებოდა პარიზში. მანამ ბატონი ზურა მოიფიქრებდა, მე ერთი იდეა გამიჩნდა და დარჩიაშვილს ვუთხარი: „ყაზახეთის პრეზიდენტის შვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ყაზახეთის მომავალ პრეზიდენტად განიხილება, შესანიშნავად მღერის რუსულ რომანსებს. მან კონსერვატორია მოსკოვში დაამთავრა, მე დავესწარი მის კონცერტს და მომისმენია მისი შესანიშნავი სიმღერისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ნანი ბრეგვაძეს წაიყვანს ასტანაში და ის ნაზარბაევის პატივსაცემად დარიგასთან ერთად რუსულ რომანსს შეასრულებს".

 

 

ჩემი აზრით, ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდნენ, ვინაიდან ნანი ბრეგვაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია და ეს ნაზარბაევს მოეწონებოდა, გაუხარდებოდა მის შვილსაც, რომელიც ნანისთან ერთად რუსულ რომანსს იმღერებდა და რაც ასევე რუსეთის პრეზიდენტისთვისაც რევერანსი იქნებოდა.

 

 

არ ვიცი, რა არ მოეწონა და მიშამ ჩემი იდეა დაიწუნა. თვითონ რა მოიფიქრა, ვერ გეტყვით, პროტოკოლის სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, აღარც წერეთლის საჩუქარი გვჭირდებაო.

 

 

დაახლოებით ამ პერიოდში საელჩოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი პროკურორი, ამირან შამათავა მოვიდა. ის პეტერბურგში პუტინთან ერთად სწავლობდა, ჯგუფელები ყოფილან და ახლა ამის გამო შარში იყო გახვეული. მისი შვილი თბილისში, ყაზახეთის საკონსულოში მუშაობდა. დაზვერვის დეპარტამენტში დაიბარეს და უთხრეს, მამაშენი პუტინის ძმაკაცია, ჩვენი აგენტი გახდი, წადი რუსეთში და პუტინის დახმარებით კარიერას გაიკეთებ და ინფორმაციები მოგვაწოდეო. შამათავა არ თანხმდებოდა და ამის გამო ავიწროებდნენ. ეს ამირან შამათავა ყოველწლიურად ხვდებოდა პუტინს, როცა ჯგუფელები ტრადიციულად იკრიბებოდნენ. დავპირდი, დაგეხმარები-მეთქი, მაგრამ დაზვერვის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა შემომითვალა, ჩემი საქმეა და მე ვიცი, რასაც ვაკეთებო.

 

 

4 ივლისს რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ დამირეკა. მან მითხრა, რომ პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციის უფროსს ნარიშკინს ესაუბრა. ნარიშკინი თბილისში ვიზიტს გეგმავს, 17-19 ივლისს აქ დაგეგმილი იყო რუსული კულტურის დღეები და მისი ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ეს იყო, თუმცა მას პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა.

 

 

საქართველოში 1991 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი გამსახურდია ყაზბეგში პრეზიდენტ ელცინს შეხვდა, არც ოფიციალური, არც არაოფიციალური ვიზიტით ამხელა თანამდებობის პირი აღარ ჩამოსულა. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ადმინისტრაციის უფროსი ნებისმიერ მინისტრზე გავლენიან ფიგურად ითვლება. მე ამ პერსპექტივამ ძალიან გამახარა. შესაძლოა, ამ ვიზიტს ქვეყნებს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად შეემცირებინა და მხარეებს როგორმე ომზე ფიქრი თავიდან ამოეგდოთ.

 

 

ჩემზე არანაკლებ გახარებული იყო მიშა ხუბუტია - ქართველი ბიზნესმენი, რომლის ქონება რუსეთში მრავალ ასეულ მილიონად არის შეფასებული. იგი ფლობს სანადირო იარაღის მაღაზიების ქსელს. მე ხუბუტია პირველად მოსკოვში გავიცანი. თავის 10 წლის შვილთან ერთად რესტორანში შემხვდა და როგორც სათვისტომოს თავმჯდომარე, ელჩს გამეცნო. მანამდე მერაბიშვილთან ძმაკაცობდა. წინა ელჩის თხოვნით, მოსკოვში საელჩო და ელჩის რეზიდენცია გაარემონტა, რაშიც მილიონ დოლარამდე დაუხარჯავს. იგი ზუგდიდელია და იქ სამონადირეო მეურნეობის მშენებლობა დაიწყო, ქალაქში ააშენა სასტუმრო. მას სურდა, რომ თავის ქვეყანაში, მშობლიურ ქალაქში ყოფილიყო დაფასებული. მოსკოვში არაერთ ქართველ ხელმოკლე ადამიანს პატრონობს, ფინანსურად ხელს უწყობს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს. გეგმა ჰქონდა, რომ რუსეთის ქართველთა ყრილობა ჩაეტარებინა, რასაც რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები დაესწრებოდნენ. ასეთი ყრილობები მოსკოვში აზერბაიჯანელებმა და სომხებმა ჩაატარეს. მას პუტინი დაესწრო.

 

 

მოგვიანებით, ჩვენმა ხელისუფლებამ ხუბუტია რუსეთის აგენტად გამოაცხადა და მისი და მისი ნათესავების შევიწროება დაიწყო. თუ არ ვცდები, მამა თუ ძმა დაუპატიმრეს და სამეგრელოში მიწა წაართვეს.

 

 

ამის მიზეზი გახდა მის მიერ ორგანიზებული ქართველ და რუს ვეტერანთა საფეხბურთო მატჩი. თამაშის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში ხუბუტიამ თქვა, რომ არ შეიძლებოდა რუსი პოლიტიკოსების უცერემონიო ლანძღვა გინება, ეს ხელს უშლის ქვეყნებს შორის საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

 

სააკაშვილს ეს არ მოეწონა და მას მთელი რისხვა დაატეხა თავს. გამოაცხადეს, რომ ხუბუტიამ ვითომდა რუსეთის ფსბ-ის დავალებით გაარემონტებინა საელჩო. არადა, საელჩოში უმნიშვნელო წვრილმანის შესაცვლელადაც თბილისის ნებართვაა საჭირო. ამ ბიუროკრატიული პროცედურების გამო, საელჩოს ძველი ტელეფონის თანამედროვე აპარატით შეცვლაც კი ძალიან გამიჭირდა. ხუბუტია ამათი თანხმობის გარეშე ვერაფერსაც ვერ გააკეთებდა.

 

 

ხუბუტიასთან საუბრის შემდეგ ნარიშკინის ვიზიტისთვის მზადება დავიწყე. ნარიშკინი საპრეზიდენტო დიდი თვითმფრინავით აპირებდა ჩამოფრენას. მართალია, არაფორმალური ვიზიტი იყო, მაგრამ მას რეგალიების სრული დაცვით უნდა დავხვედროდით. ვიზუალურადაც გამოჩნდებოდა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირი გვეწვეოდა.

 

 

ნარიშკინი უნდა შეხვედროდა თავის კოლეგას, სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსს, ზურა ადეიშვილს, შემდეგ - პრეზიდენტს და, რაც მთავარია, მას პრეზიდენტ მედვედევის საქართველოში მოწვევის ოფიციალური წერილი უნდა მიეღო. აქამდე სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურად არასდროს დაუპატიჟებია.

 

ნარიშკინმა ხუბუტიას დაუდასტურა, რომ მედვედევს საქართველოში ჩამოსვლა სურდა. თარიღი კი მის თბილისში ვიზიტზეც იყო დამოკიდებული.

 

 

პირველ რიგში, მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გია ვაშაძეს დავურეკე. ის ძალიან სკეპტიკურად მეკითხება - „დარწმუნებული ხარ?" კი-მეთქი. „საიდან გაქვს ინფორმაცია?" ხუბუტიამ მითხრა-მეთქი. ეს ირონიულად მიიღო. ვაშაძეს ვთხოვე, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენე, რომ მედვედევს ჩამოსვლა სურს. ოღონდ დროებით ნუ იტყვი, რომ ამ ისტორიაში ხუბუტიაა გარეული, თორემ მასზე ნაწყენი თუ გაბრაზებულია და შესაძლოა ცუდი რეაქცია ჰქონდეს-მეთქი.

 

 

ვაშაძე დამპირდა, რომ საიდუმლოს არ გაამხელდა.

 

 

ამ საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ზურა ადეიშვილს დავურეკე. აბა, მოემზადე, ნარიშკინი ჩამოდის-მეთქი. ადეიშვილს დიდი ენთუზიაზმი ვერ შევატყვე, კარგი იქნება, თუ 13 ივლისამდე ჩამოვა, მერე ერთი კვირა სადღაც მივდივარ და აღარ მეცლებაო. საერთოდ, ადეიშვილი „ჩაკეტილი" ადამიანია, არ არის კომუნიკაბელური და ზოგადად არ უყვარს შეხვედრები. ამიტომ მისი პასუხი დიდად არ გამკვირვებია.

 

 

რამდენიმე წუთში ადეიშვილმა თვითონ დამირეკა: „ვანო მერაბიშვილმა შემოგითვალა, ნარიშკინი ჩამოვიდეს, მაგრამ ხუბუტია თან არ ჩამოყვეს".

 

 

მე ვუთხარი, ხუბუტია რუსებს მოჰყავთ და ჩვენი რა საქმეა მეთქი? არაო, ვანო ამბობს, ხუბუტია არ ჩამოვიდეს, თორემ დავიჭერო.

 

 

ამ დროს ეს ხუბუტია თვალებში შემომციცინებს და მეუბნება, ხო კაი ბიჭი ვარ, ნახე, რამდენი სიკეთე გავაკეთეო. „რა შუაშია ხუბუტია, ოღონდ მედვედევი და ნარიშკინი ჩამოვიდნენ და გინდა ჟირინოვსკი წამოიყვანონ, რას ბოდავთ", - შევუღრინე ადეიშვილს. მაინც ვერაფერი გავაწყე, არაო, რუსებს უთხარი, ეგ არ წამოიყვანონო.

 

 

რა უნდა მექნა, დავადგინე, ზუსტად როდის ჩამოვიდოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ჩვენს პროტოკოლის სამსახურს ვაცნობე, რომ 17-18 ივლისს ორდღიანი ვიზიტით გვეწვეოდა, მანამდე კი საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოდიოდა. რაისის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე კონფლიქტის ზონაში ჩვენი სამშვიდობო ძალების ოთხი ჯარისკაცი ოსებმა დაიჭირეს. ჩვენებს სიმთვრალის გამო გზა დაებნათ თუ რაღაც ამგვარი მოხდა და ისინი დაიჭირეს. საქმეში ეუთოს დამკვირვებლები აქტიურად ჩაერთვნენ და ეს ჯარისკაცები მეორე დღესვე გაათავისუფლეს. შუადღისას ეს ბიჭები უკვე გორში იყვნენ. ამის შემდეგ, 5 საათზე, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მაგიდაზე სულ მუშტები აბრაგუნა, მერაბიშვილს დავალება მისცა, თუ ჩვენს სამხედროებს დილის 8 საათამდე არ გაათავისუფლებენ, გავალებ, მათ დასახსნელად სპეცოპერაცია ჩაატაროო.

 

 

მეორე დღეს, როგორც დიდი გამარჯვება, გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები ტელევიზიით გვაჩვენეს.

 

 

ამ პროვოკაციის საპასუხოდ რუსეთის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია და 45 წუთის მანძილზე ჩვენს ტერიტორიაზე შემოფრინდნენ. ჩემი ინფორმაციით, ეს თვითმფრინავები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და რამდენიმე ადგილზე სანგრებიც დაცხრილეს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენი სამხედროები რაღაც გადაადგილებებს ახორციელებდნენ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსებმა განცხადებაც გააკეთეს, რომ ეს ღონისძიება პროვოკაციების, რეგიონში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და ქართველი სამხედროების გახურებული თავების გასაგრილებლად გააკეთეს.

 

 

ამ საჰაერო ინციდენტის დროს კონდოლიზა რაისი თბილისში იმყოფებოდა და მას არწმუნებდნენ, რომ თვითმფრინავების შემოფრენა მის საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

 

 

კონდოლიზა რაისი თბილისიდან ახალი წასული იყო, რომ სააკაშვილმა მობილურ ტელეფონზე დამირეკა. შუადღის 2 საათი იყო და მე ამ დროს ზურაბ წერეთელთან ვიყავი. „რაო, მოდის ნარიშკინი?" კი-მეთქი, - ვუპასუხე პრეზიდენტს. „კაი, ჩამოვიდეს. გადაეცი მაგათ, რომ ჩვენ ამერიკელებისაგან მაგარი მხარდაჭერა გვაქვს".

 

 

ამას მეუბნებოდა მობილურ ტელეფონზე! რაღაც დიდ გულზე იყო და „გონორით" ლაპარაკობდა. საუბრის ტონიც ნეგატიური ჰქონდა. ეს ის დრო იყო, ბოკერიაც რომ იძახდა, კონდოლიზა რაისმა ომის თანხმობა მოგვცაო, რაც აშკარად დაუჯერებელი ტყუილი იყო.

 

 

საღამოს სამსახურში მივბრუნდი და მეუბნებიან, რომ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემატყობინეს, რომ უშიშროების საბჭოზე, შენი მოსკოვიდან გამოწვევის საკითხი განიხილებაო.

 

 

- რა გამოწვევის გადაწყვეტილება, - გავგიჟდი. - ნარიშკინი ჩამოდის, მედვედევის ვიზიტს ვამზადებ... შევკრიბე ჩემი თანამშრომლები. სად მიწვევენ, ნარიშკინია ჩამოსასვლელი.

 

რა უნდა მეთქვა? ის ღამე, როცა გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ფაქტიურად, ერთად ვისხედით, ვსვით კონიაკი, ვისაუბრეთ, მათ ვუთხარი, მაპატიეთ, ისე არ გამოვიდა, როგორც, ვფიქრობდი-მეთქი...

 

 

ყველა გრძნობდა, რომ ხელისუფლება ძალიან დიდ სისულელეს აკეთებდა. მე მათ ავუხსენი, რომ ჩემი გამოწვევა, შესაძლოა, ორი მიზეზით არის გამოწვეული. ერთი, რომ ზოგადად ეს ცუდი მესიჯია; მეორე _ ჩემს წინააღმდეგაც მოქმედებენ. ისინი გრძნობდნენ, რომ, თუ მე მოსკოვში ელჩად დამტოვებდნენ, ბევრ პროცესს გავაჩერებდი. მათ უკვე ომის გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული და მე დავიწყე ამ გადაწყვეტილების ხელის შეშლა. ეს ხელის შეშლა გამოიხატება იმაში, რომ ნარიშკინის და მედვედევის ჩამოყვანა უნდა...

 

 

მართლაც, შუაღამისას დამირეკეს და მაცნობეს, რომ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი. ეს მოხდა იმ დღეს, როცა რაისმა დატოვა თბილისი. მეორე დღეს, 10 ივლისს, ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახეს.

 

 

ამ ამბის გახმაურებისთანავე ამერიკის საელჩოდან დამირეკეს. ელჩის მოადგილე და საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით პირდაპირ გაოგნებულები იყვნენ. გვირჩევდნენ, ელჩის გამოწვევა ყველაზე აგრესიული ნაბიჯია და მანამდე, იქნებ, საპროტესტო ნოტა გაგეგზავნათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათგან მოითხოვეთ პასუხი, რატომ დაარღვიეს თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე.

 

 

ელჩის გამოწვევამდე, შესაძლო იყო, რუსეთში ჩვენი დიპლომატიური დონე დაგვექვეითებინა. იქ ელჩის ნაცვლად დესპანი გვეყოლებოდა, ხოლო ელჩის გამოწვევას უკიდურეს ზომად შემოვინახავდით.

 

 

მოკლედ, ამერიკელები ელჩის გამოწვევის ფაქტს ნეგატიურად შეხვდნენ.

 

 

მოვიდა ევროკავშირის ელჩი რუსეთში მარკ ფრანკო. ისიც ძალიან განერვიულებული იყო. მეკითხება, რაში გჭირდებათ ელჩის გაწვევა, ამით ხომ დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტთ რუსეთთან?

 

 

ვუპასუხე, რომ მე მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვასრულებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვეთანხმები. ამ ხალხმა ჩემი გაცნობა მეტ-ნაკლებად კარგად მოასწრო და ჩემს სამშვიდობოდ მიმართულ საქმიანობას სიმპათიით უყურებდნენ.

 

საოცრად ცუდად ვგრძნობდი თავს, გამახსენდა პატრიარქის რჩევაც, დიდი ხნით დარჩი რუსეთში სამუშაოდ, ისე შედეგს ნაკლებად მიიღებო. რა უნდა მექნა?

 

 

უმწეო ვიყავი, რამე მეღონა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ჩემთვის ცხადი იყო, რომ სააკაშვილი ჩვენთვის არასასურველ პროცესს აღარ შეაჩერებდა.

 

 

ჩამოვდივარ თბილისის აეროპორტში, დამხვდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც ვეუბნები, ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს და რუსეთში ყველა კეთილი ნების ადამიანს, რომ მართლა ვერ მოვახერხე თვე-ნახევრის განმავლობაში სიტუაციის გადარჩენა. სხვა რა მეთქვა?

 

 

რუსეთთან საერთო ენა ვერაფერში გამოვნახეთ, ჩემი აზრით, ეს ანომალიაა. მქონდა იდეა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებს თავის რუს კოლეგებთან პირდაპირი კავშირები გაებათ. დღესაც ჩვენი მინისტრები რომ გააჩერო და ჰკითხო, ვინ არის რუსეთში ანალოგიური სამინისტროს ხელმძღვანელი, ვერ გეტყვიან, წარმოდგენა არა აქვთ. მარტო ის კი არ არის, რომ არ იციან, მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვთ. ჩემთვის ეს ძალიან გაუგებარია. ვფიქრობდი, დამეგობრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 25 წლის გოგო-ბიჭებმა რა საერთო უნდა გამონახონ ორ-სამჯერ უფროს რუს კოლეგებთან? ეს კიდევ ცალკე თავის ტკივილია.

 

 

პრიმაკოვის ქართველ ნათესავებზე უკვე მოგახსენეთ. სერგეი ლავროვიც ხომ თბილისშია გაზრდილი. მას დედა აქაური სომეხი ჰყავს, მისი ორი თანაშემწიდან ერთი ქართველია, მეორე - სომეხი. ჰყავს ბევრი თბილისელი მეგობარი, მათ შორის  - იურა კობალაძე, მსოფლიო დონის მოქანდაკე ჟორა ფრანგულიანი. თბილისელთა წრეში ტრიალებს და მასთან საერთო ენას ვერ ვპოულობთ?! ეს, უბრალოდ, არანორმალურია!

 

 

3 ივლისს მოსკოვში დიდი აუქციონი „ბრენდ რასიი" გაიმართა. მეც მიმიწვიეს და შემომთავაზეს, აუქციონზე გასაყიდად რამე წარმედგინა. მივიტანე 1963 წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი „საფერავი". ვაჭრობა 100 ევროდან დაიწყო და მაღაზიების ქსელის „სპორტ მასტერის" მფლობელმა 5000 ევროდ შეიძინა!

 

 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი უკვე სავაჭრო თემად იყო ქცეული. ხისტი პოზიცია - მორჩა, თქვენთვის ბაზარი ჩაიკეტა, შერბილდა და ცალკეული კლანები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, პირველი ვინ შეიტანდა ჩვენს ღვინოს. ასე მოხდა მოლდავური ღვინის შეტანაზეც, გაჩნდნენ ახალი მონოპოლისტები, რომლებმაც დაიწყეს ამ ღვინის ბიზნესი რუსეთის ბაზარზე. ქართულ ღვინოს რუსეთში ვინ შეიტანდა, ჩვენთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მთავარი იყო, ამხელა ბაზარზე ქართული ღვინო გაეყიდათ. მახსოვს, როცა რუსი ჟურნალისტები კახეთში ჩავიყვანე, გლეხები, ღვინის ქარხნების მეპატრონეები, იმედით მეუბნებოდნენ, იქნება, ეს ღვინო შენ მაინც გაგვასაღებინო რუსეთშიო. სამწუხაროდ, ვერც მათი იმედის გამართლება მოვასწარი", - წერს კიწმარიშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner