logo_geo
eng_logo
ეროსი კიწმარიშვილი: რუსეთის სამღვდელოება ილია მეორეს ძალიან დიდ პატივს სცემს
- +

3 ნოემბერი. 2016. 01:57



„ლიტერატურული საქართველო" ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:



„მედვედევის გარემოცვასთან დაკავშირების გარდა, აუცილებლად მიმაჩნდა პუტინის პოზიციების შერბილებაზეც მემოქმედა. მას სააკაშვილთან უკვე პირადი ანტიპათია ჰქონდა. ამის გამო უშუალოდ მასთან შეხვედრა ვერაფრით მოვახერხე და დასახმარებლად კვლავ ევგენი პრიმაკოვს მივაკითხე. იგი მაშინ რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად მუშაობდა, მაგრამ გაცილებით დიდი გავლენით სარგებლობდა. იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის უფროსი, მას ფსბ-ში პატივს სცემენ, ასევე პუტინის გარემოცვაც, და რუსეთს ერთგულად ემსახურება. მაგრამ იგი თბილისელია, უყვარს თბილისი, თავისი პლეხანოვის პროსპექტი, ჰყავს ქართველი სიძე, პირველი ცოლიც ქართველი ჰყავდა და თავის მემუარულ წიგნში სულ ამაზე წერს. - „ევგენი მაქსიმოვიჩ, წავიკითხე თქვენი წიგნი", - ძალიან უყვარს, როდესაც მის წიგნს წაიკითხავ, სულ გამოწმებს, ეს გახსოვს, ის როგორ მოგეწონა და ა.შ.

 

„შენი წიგნის ნახევარი საქართველოზეა," - მართლა ასეა, სულ თბილისზე ყვება. თუ ასე შეგტკივა თბილისზე გული, ამ სიბერის დროს ჩვენი ქვეყნისთვის კეთილი საქმე გააკეთე, დამეხმარე, დავარეგულიროთ იმ ქვეყნების ურთიერთობები, სადაც ახლა ცხოვრობ და რომელშიც გაიზარდე-მეთქი. არანორმალურია, ქართველებსა და რუსებს შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა რომ არის.

 

- მოვიფიქროთ რამე, შევკრიბოთ საქართველოში ცნობილი გამოჩენილი რუსები, ჩავიდეთ საქართველოში, ხალხს შევხვდეთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, რომ ქართველებიც დაარწმუნეთ, რომ თქვენც გსურთ ჩვენთან მეგობრობა, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც პროპაგანდა ქადაგებს. ეს ნამდვილად გვიშველის, - მას ეს აზრი მოეწონა.

 

- შეეშვით იმის თქმას, რომ სააკაშვილი არ მოგწონთ, იქამდე შევარდნაძე არ მოგწონდათ, მანამდე გამსახურდია. რუსეთის მოსაწონი საქართველოში, არასოდეს არ მოვა იმიტომ, რომ საქართველოს ყოველთვის თავისი ინტერესები ექნება. არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთს არასოდეს თავს არ დავანებებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ახლა გვაქვს კარგი შანსი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა, რომ ურთიერთობა გამოსწორდეს.

 

მისი არ მჯერაო, - მიპასუხა. - რუსეთის პოლიტიკურ ინსტებლიშმენტში აქვთ ჩამოყალიბებული აზრი _ სააკაშვილი არის მატყუარა, გადამგდები, იმპულსური, არასერიოზული კაცი, რომელთან ურთიერთობაც უპერსპექტივოა.

 

- ევგენი მაქსიმოვიჩ, საქმე პრეზიდენტში ხომ არაა, მთავარი ხომ საქართველოა.

 

 - იცი რა, ეროსი, მე ახლა საქმეს ჩამოშორებული ვარ, თანაც ეს არ არის ჩემი სფერო, - პაუზა გააკეთა. - მაგრამ თუ მიბრძანებენ, სიამოვნებით ჩავერთვები ამ საქმეში. მართლა ასეც კი არ არის, რომ საქმეებს ჩამოშორებული იყოს, მუშაობს ერაყის თემებზე, მოძრაობს ქურთისტანში, სულ მოვლინებებშია. 80 წლის კი არის, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებს.

 

კარგი, ეგებ პუტინთან კონტაქტის დამყარებაში მაინც დამეხმარო-მეთქი. შენი მოწაფე უშაკოვი, ამერიკაში რუსეთის ყოფილი ელჩი, მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს და მასთან როგორმე დამაკავშირეთ-მეთქი. კი, ბატონოო, - დამთანხმდა. უშაკოვმა მეორე დღესვე დამირეკა. მის ზარს ასე მალე ნამდვილად არ ველოდებოდი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისში გამოსაფრენად ვემზადებოდი. ბოდიში მოვუხადე, რომ მასთან შეხვედრას ვერ ვასწრებდი და ვუთხარი, მალე დავბრუნდები და აუცილებლად დაგირეკავთ-მეთქი. ივლისის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაფუჭდა. უშაკოვთან დამეგობრება ვერ მოვასწარი, ვფიქრობდი, რომ მას მალევე შევხვდებოდი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამოქმედოდ დრო იმაზე ბევრად ნაკლები მქონდა, ვიდრე ვფიქრობდი.

 

აგვისტოს კატასტროფა ახლოვდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ივნისის ბოლოს გრიგორი კარასინთან ერთად თბილისში გამოვემგზავრე. ქართველი და რუსი ბიზნესმენების ფორუმს დავესწარით. კარასინი პატრიარქს შევახვედრე. მერე პატრიარქთან მარტო მივედი და მის მიერ გატანებული ჯვრების ისტორია მოვუყევი. ამჯერად მას კიდევ ვთხოვე დახმარება. პრეზიდენტის და მისი მეუღლის მოძღვარი ეკლესიას არემონტებს და ქართული ხატი ხომ არ ვაჩუქოთ-მეთქი?მე ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ხუთი საათის განმავლობაში ეძებდა შესაფერის ხატს. ხან ერთი ხატი გამოითხოვა ერთი ეკლესიიდან, ხან მეორე. ათამდე ხატი მოატანინა და გასატანებლად არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს მისი მისაღები ოთახის კედლიდან 12 მოციქულის ულამაზესი ტიხრული მინანქრით შესრულებული ხატი ჩამოხსნა და ეს წაიღეო, მითხრა.

 

წარმოუდგენელია იმ სიხარულის აღწერა, რაც მამა ვლადიმერმა გამოხატა საქართველოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატის ნახვისას. ალბათ, იმ წუთში დედამიწაზე ერთ-ერთი უბედნიერეს ადამიანთაგანი იყო. მან მკითხა, შეიძლება ხატს სადმე დავაწეროთ, რომ საქართველოს პატრიარქის ნაჩუქარია?

 

რამდენიმე ხნის შემდეგ ილია მეორე მოსკოვში ჩასვლას აპირებდა და წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ ამ ეკლესიას ესტუმრებოდა.

 

რუსული ეკლესია რუსული დერჟავნიკური პოლიტიკის ნაწილია და მათი პატრიარქი ალექსი მეორე ძალიან ახლოს იყო პუტინთან. პუტინმა რუსეთის გაქრისტიანების 1020 წელთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე ჩვენი პატრიარქი არ მიიწვია. სპეციალურ შემაღლებულ ადგილას ისხდნენ პუტინი, რუსეთის და სომხეთის პატრიარქები.

 

არაერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსეთის სამღვდელოება ილია მეორეს ძალიან დიდ პატივს სცემს. პუტინისა და რუსეთის ეკლესიის სიახლოვის მიუხედავად, რუსეთის საპატრიარქომ აფხაზეთის და ოსეთის ეპარქიების ცნობაზე ხაზგასმულად უარი თქვა. ჩვენი პატრიარქი და ეკლესია არის ერთ-ერთი სერიოზული ხელმოსაჭიდი, რომელიც დღეს რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად და შემდგომ რაღაცის მისაღწევად გაგვაჩნია", - წერს კიწმარიშვილი.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner