logo_geo
eng_logo
კიწმარიშვილი: აგრესიულ იაკობაშვილს პერიოდულად ვაწყნარებდი
- +

3 ნოემბერი. 2016. 02:56



„თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი" ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რუსეთის პრეზიდენტი მედვედევია", - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებში წერია.


გთავაზობთ ამონარიდს კიწმარიშვილის ჩანაწერებიდან, რომელიც „ლიტერატურულმა საქართველომ" გამოაქვეყნა:


„ეს ორგანიზაცია რუსეთში მედვედევის ერთ-ერთ დასაყრდენად მოიაზრება. ახალი რუსეთის გაჩენის რესურსი ამ ხალხთანაც არის დაკავშირებული. ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ბანკ „რენესანს კაპიტალის" ვიცე-პრეზიდენტი იგორ იურგენსი. ამავე დროს, იგი მეცნიერიცაა და ერთ-ერთი ადამიანია მათ შორის, ვინც ბიზნესმენ ხადარკოვსკის დაპატიმრებას მხარი არ დაუჭირა და ეს გააპროტესტა.

 

იურგენსი მალე გამოსცემს ძალიან სერიოზულ ნაშრომს „დემოკრატია - განვითარების რუსული მოდელი", რომელიც მედვედევის სამოქმედო პროგრამად მოიაზრებოდა. ეს არის ძალიან პროგრესული იდეების კრებული, სადაც საუბარია სიტყვის თავისუფლების დაცვასა და თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებზე, ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციაზე და ა.შ.

მედვედევს გარემოცვაში მრავლად ჰყავს ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ხალხი, რომლებიც რუსეთის ლიბერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნას ესწრაფვიან. ეს არის თანამედროვე თაობა, რომლებმაც განათლება ევროპაში მიიღეს, ევროპაშივე სწავლობენ მათი შვილები, აქვთ დიდი ბიზნესამბიციები და დიდ ქონებასაც ფლობენ ევროპის ქვეყნებში. მათი მიზანია ევროპასთან ინტეგრაციია. უფრო მეტიც, ისინი შაბათ-კვირას ევროპაში ატარებენ. მაგალითად, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი პარასკევს თავისი თვითმფრინავით რივიერაზე ან სადღაც მიფრინავს და კვირას ღამე ბრუნდება.

 

იგორ იურგენსს ივნისის შუა რიცხვებში შევხვდი და შევთავაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე კონფერენცია ჩაგვეტარებინა.

 

მე და იგორ იურგენსი ადვილად შევთანხმდით, რომ კონფერენციის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო, სად იკვეთებოდა და სად განსხვავდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და პოზიციები. გაგვერკვია ათვლის წერტილი, საიდანაც ჩვენი ხელისუფლებები კონფრონტაციული რეჟიმიდან გამოსვლას მოახერხებდნენ.

 

კონფერენცია მოსკოვში 19 ივნისს დაინიშნა, ჩვენი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ. ვფიქრობდი, ჩვენი მხრიდან ვინ წამეყვანა ამ კონფერენციაზე. მხოლოდ ის ხალხი რომ წამეყვანა, ვისზეც ვფიქრობდი, რომ სასარგებლო საქმეს გააკეთებდნენ, ვთქვათ ზურაბ აბაშიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, ვშიშობდი, კონტრპოდუქტიულ შედეგს მივიღებდი, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ამ ხალხს არ სწყალობდა და ეჭვითაც უყურებდა. ამიტომ, მერე რომ არ ეთქვათ, ეროსიმ მოსკოვში სააკაშვილის მტრები შეკრიბაო, უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლომაიას შევთავაზე, თავიანთი კანდიდატები დაესახელებინა. საბოლოოდ, წავედით მე, ზურა აბაშიძე, ამათი მხრიდან წამოვიდა დათო აფრასიძე, რომელიც საინტერესო ადამიანია, მას უბრალოდ ცუდი მეგობრები ჰყავს, თორნიკე გორგაძე, დიპლომატი, საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ძალიან კარგად იცნობს აქაურ სიტუაციასაც და სხვა რომ ვეღარ მოვიფიქრე, წავიყვანე თემურ იაკობაშვილი, კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი. ფაქტიურად, შეხვედრის ფორმატი დავარღვიეთ, ვინაიდან დელეგაციაში მოქმედი მინისტრი გვყავდა.

 

შეხვედრა შედგა მოსკოვის ცენტრში, ამ ინსტიტუტის სუპერგარემონტებულ შენობაში. თავად შენობა უზარმაზარი ბაღის შუაშია განთავსებული. ამ ნიუანსებს ვიხსენებ იმიტომ, რომ იოლად ვრწმუნდებოდი, რომ `თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი~ _ არ არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან დაგვხვდნენ თავად იგორ იურგენსი, რუსეთის ყოფილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის წევრი მარგელოვი და კიდევ ორი გავლენიანი პოლიტოლოგი.

 

გვქონდა დიდი დისკუსია, ოღონდ ძალიან მეგობრული. მოგვიანებით, იურგენსმა მითხრა, კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად სპეციალურად შევარჩიე ეს შემადგენლობაო. საინტერესო იყო ამ შეხვედრაზე იგორ ივანოვის გამოჩენა. ვფიქრობდი და მიმანიშნეს კიდეც, რომ იგი პრეზიდენტ მედვედევის დავალებით შემოგვიერთდა. მისი დონის ფიგურები, როგორც წესი, ასეთ არაფორმალურ შეხვედრებს არ ესწრებიან.

 

პირველად მოხსენებით ივანოვი გამოვიდა. მან ხელისუფლებების ურთიერთობები ოთხმოცდაათიანი წლებიდან მიმოიხილა, ძირითადად პრეტენზია ჰქონდა, რომ ჩვენ მათ ხშირად ვატყუებდით. სიტყვა „გადაგდება" არ უთქვამს, მაგრამ ამას გულისხმობდა. მეორე, რუსეთის მხრიდან დათმობებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ წარმატებად და რუსეთის მარცხად განიხილავდა, რაც რუსეთს მომავალში დათმობებზე წასვლის სურვილს უკარგავდა.

 

სხვათა შორის, რუსები ამას ხშირად მეუბნებოდნენ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, გადავწყვიტოთ რაღაც პრობლემები, მაგალითად, ღვინის თემა, რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვა პოპულარული ნაბიჯი არ აღმოჩნდა, მაგრამ „გამოხტება" თქვენი პრეზიდენტი და იტყვის, აი, დედა ვუტირეთ რუსეთს. საკითხებს წყნარად, მიზანმიმართული მუშაობით გადავწყვეტთო.

 

ივანოვის ხედვა - ეს იყო რუსეთის პატრიოტის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თვალსაზრისი. ის ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ რეაქციულად განწყობილი.

 

ჩვენი მთავარი პრეტენზია კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდებოდა. გასული წლის 16 აპრილს, პუტინის ბრძანებით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს იურისდიქციას გვერდი აუარა და პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაიწყო როგორც აფხაზ, ისე ოს სეპარატისტებთან. აფხაზეთში რკინიგზის სარეაბილიტაციოდ სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. ამას პოლიტოლოგები ხსნიდნენ ვითომდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის სურვილით, მოგეხსენებათ, რომ მანამდე კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს პირდაპირ ჩამოურიგეს რუსული პასპორტები. ბუნებრივია, ამაზე ვაფიქსირებდით, რომ რუსეთი მოქმედებდა, როგორც აგრესორი. მათი მთავარი არგუმენტი იყო, რომ თქვენ გინდათ აფხაზები და ოსები მშივრები დახოცოთ, გყავდეთ ისინი ბლოკადაში და იარაღის ჟღარუნით ეს ხალხი მუდმივად თავდასხმის მოლოდინში გყავდეთ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ.

 

ყველაზე ცუდად იაკობაშვილი გამოვიდა, რომელიც იყო აგრესიული და მას პერიოდულად ვაწყნარებდი. თუმცა, ჩვენ დიალოგი დავიწყეთ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვიმუშავეთ და მას გავაგრძელებდით, რომ არა აგვისტოს ომი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოგვიწევს რუსებთან დიალოგის გაგრძელება, სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა. ჩვენ მეზობლად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომელთანაც საერთო ენის გამოძებნა აწი უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ მუდმივად ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

 

აი ეს კონფერენცია მოგვიანებით საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა კომპრომატად წამომიყენა, ეროსი კიწმარიშვილი არაკომპეტენტური ელჩი იყო, რაღაც ნჯო-ს შეხვდა მოსკოვშიო. ეს იმ ყაიდის ბრალდებაა, სიერა-ლეონეს ელჩს რატომ შეხვდაო.

 

სინამდვილეში ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდიოდა, მის კაბინეტში გეგმავდნენ, თუ რა წამოეძახებინათ ჩემთვის, რით მოეშალათ ნერვები, თუმცა დიდ სისულელეს ამბობდნენ და აი, რატომ: მე პრეზიდენტმა წარმადგინა ელჩის თანამდებობაზე, პარლამენტმა სრული უმრავლესობით დამამტკიცა და თუ არაკომპეტენტური ვიყავი, მაშინ სად იყვნენ ეს კომპეტენტური პირები ან სად გამოჩნდა მათი ჭკუა და გამჭრიახობა? ეს სამარცხვინო საქციელია, რომელსაც სააკაშვილის საამებლად სჩადიან და ამ მლიქვნელობას სახელმწიფოებრივ ქცევასთან საერთო არაფერი აქვს.

 

ელჩს ჰყავს აპარატი, რომლის შენახვა სახელმწიფოს იაფი არ უჯდება და ეს აპარატი მას ინფორმაციით ამარაგებს, რისთვისაც გვარიან სამუშაოს ასრულებს. ელჩი ფილტრავს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას და ამ დროს თუ სახელმწიფო არ გენდობა, მაშინ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? რატომ ხარჯავენ საელჩოს შენახვაზე ამდენ ფულს?

 

მინდა ვთქვა, რომ რუსეთში ჩვენს საელჩოში ნამდვილად არ არის კომპეტენტური და გონიერი დიპლომატების ნაკლებობა. ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ერთად საქართველოს ხელისუფლებას ვაწვდიდით, მალე გამოჩნდა, რომ სწორედაც კომპეტენტური იყო. ასე მაგალითად, ივნისის ბოლოს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სასაუბროდ მიიწვია საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში, მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების ნუსხა გადასცა. მე ვნახე ეს დოკუმენტი და იგივე ამოვიკითხე, რასაც ჩვენ ვწერდით - საქართველომ დაანებოს თავი აგრესიულ რიტორიკას და იმუშავეთ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან საერთო ენის გამოსანახად.

 

ამის წაკითხვა გამიხარდა და გულიც დამწყდა იმის გამო, რომ ხელისუფლება ჩინოვნიკებს არ აფასებს. დიპლომატიის სფერო საერთოდ მეორე და მეათეხარისხოვან სფეროდ გადააქციეს. დიპლომატების პერსპექტივა და სიხარული რა არის? წლობით ელოდებიან უცხოეთში დანიშვნას, რაც ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასს, სტატუსს, შვილების უკეთეს სკოლებში მოხვერას. დიპლომატებად ასაქმებენ „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტს გარეთ დარჩენილ პირებს, უბრალოდ, რომ დასაქმებულები ჰყავდეთ, ხელფასი აიღონ და საზღვარგარეთ იარონ. ამით გზას უღობავენ კვალიფიციურ ხალხს, რომლებმაც დიპლომატიას ნახევარი სიცოცხლე შეწირეს, ყველა საფეხური გაიარეს, მუშაობდნენ სამ-ხუთ კუპონად და ამაყები იყვნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს აშენებდნენ.

 

ასეთ ხალხს უფროსებად დაუნიშნეს დაქალები, მეგობრები, ნათესავები და გამოუცხადეს, რომ ამ სამსახურში ისინი უპერსპექტივოები არიან. წარმატებული კარიერა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე" გადის. პარტიული ნიშნით ლიტვაში ელჩად დანიშნეს სრულიად გაუგებარი ადამიანი. რუსეთის საელჩოს დახურვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ელჩის მანქანა „აუდი ა-80" გავლენიანი შვილის წყალობით გაუგზავნეს იტალიაში საქართველოს ელჩს კოტე გაბაშვილს. უფრო მეტად ეს მანქანა უკრაინაში საქართველოს ელჩს, მერაბ ანთაძეს სჭირდებოდა, რომელსაც ძველი, დანგრეული მანქანა ხშირად უფუჭდება ხოლმე. ნურას უკაცრავად, ეს არავის აინტერესებს. ეს ჩვეულებრივი ნეპოტიზმია, რომელსაც სააკაშვილი ვითომდა ებრძვის", - წერს კიწმარიშვილი.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner