logo_geo
eng_logo
ეროსი კიწმარიშვილი სააკაშვილი-მედვედევის შეხვედრის დეტალებზე
- +

3 ნოემბერი. 2016. 03:22




„ლიტერატურული საქართველო" ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:



„პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის გაქრისტიანების 1020 წლის იუბილეს არ დასწრებია, ის ამ დროს ხანტიმასიისკში დსთ-ის პრეზიდენტების სამიტს ესწრებოდა.

 

ხანტიმასიისკის სამიტის შემდეგ ევროპელ დიპლომატებს მედვედევზე წარმოდგენა შეეცვალათ. მეგობარი ქვეყნების ყველა ელჩი მეუბნებოდა, რომ მედვედევმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პრეზიდენტის შთაბეჭდილება დატოვა. ის ყველა საკითხზე გვერდიდან ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად მსჯელობდა. მან საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს რამდენჯერმე დემონსტრაციულად შეაწყვეტინა საუბარი, რომელიც მის `დახმარებას~ ცდილობდა.

 

ერთადერთი საკითხი, რომელზეც ლავროვმა ისაუბრა, აფხაზეთის თემა იყო. მან თქვა, რომ კოდორის ხეობაში ქართველებს შეიარაღებული სამხედრო ნაწილები შეჰყავთ და აფხაზეთის საზღვარზე პროვოკაციებს აწყობენ.

 

მედვედევისთვის პრობლემური ივნისის თვე გახდა. მან დიდი შვიდეულის სხდომაზე მხარი დაუჭირა ზიმბაბვესთვის სანქციების დაწესებას, ვინაიდან ზიმბაბვეს მთავრობამ არჩევნები გააყალბა და დიდი შვიდეული და რუსეთი მას ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აიძულებდნენ.

 

დიდი შვიდეულის ამ გადაწყვეტილებიდან მესამე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ზიმბაბვესთვის სანქციების დაწესებას მხარი აღარ დაუჭირა და ვეტოს უფლებით ისარგებლა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერო-ში მათი ელჩი პრეზიდენტს შეეწინააღმდეგნენ.

 

ეს იყო პირველი სერიოზული ფაქტი, რამაც დასავლეთს აფიქრებინა, რომ მედვედევს რუსეთში ძალაუფლება არ ჰქონდა. მედვედევის და მისი ლიბერალური გარემოცვის იმიჯი სერიოზულად შეილახა. გამოჩნდა, რომ სიტუაციას კვლავ ვლადიმერ პუტინი აკონტროლებდა. პუტინს კი ომის დაწყება სააკაშვილზე ნაკლებად არ სურდა. ამის გათვალისწინებით, მე სააკაშვილს რეკომენდაციით მივმართე, ხელი მოეწერა კონფლიქტის ზონებში ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე გაეროში საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას და აფხაზ სეპარატისთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის შეთანხმებისთვის. სააკაშვილი მაშინ არ დამთანხმდა, თუმცა, მოგვიანებით, 20 სექტემბერს ამ შეთანხმებას, როგორც რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ნაწილს, ხელი  მოაწერა.

 

 

პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი

 

 

პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სააკაშვილი და მედვედევი პირველად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვიმედოვნებდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები ახალ ურთიერთობებს ჩაუყრიდნენ საფუძველს. სააკაშვილს შეხვედრის წინ მედვედევის ფსიქოლოგიური პორტრეტი მოვუმზადე.

 

შევხვდი მრავალ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით რაიმე ინფორმაციის მოწოდება შეეძლო. მათ შორის ცნობილ ჟურნალისტს, ნიკოლაი სვანიძეს, რომელიც მედვედევზე წიგნს წერდა. მედვედევი სამაღლით 162 სანტიმეტრია, მას ამის გამო კომპლექსი აქვს, სააკაშვილს დავუწერე, რაში გამოიხატებოდა მისი ეს ხასიათი. მივუთითე, როგორ ესაუბრა მასთან მეგობრულად ისე, რომ პრეზიდენტს ფამილარობად არ მიეღო. ყველაფერი ჩამოვუთვალე, რა მოსწონს რა აღიზიანებს, თუ როგორ საათს ატარებდა და რა მუსიკას უსმენდა. სააკაშვილმა, ბუნებრივია, ეს არ წაიკითხა, მისთვის ყოველდღიური მუშაობა უცხოა, ასეთი რამ არ იცის. თუ სადმე ლენტი არ აქვს გასაჭრელი, იმ დღეს ან მინისტრების გამოცვლას იწყებს, ანაც არაფერს აკეთებს. მას არასდროს ჰქონია მოქალაქეთა მიღების დღე ან საათი. პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს მთელი რუსეთი ეიფორიაში იმყოფებოდა. ამ დროს მათმა ჰოკეისტებმა ევროლიგა მოიგეს, რუსმა მომღერალმა დიმა ბილანმა ევროვიზიაზე გაიმარჯვა, ნავთობის ფასმა ბარელზე 140 დოლარს მიაღწია და აქედან კოლოსალური შემოსავლები ჰქონდათ. ამ ფორუმსაც დავოსის ალტერნატიულ აღმოსავლურ პროექტად განიხილავდნენ. აქტიურად აწარმოებდნენ პეტერბურგის, რუსეთის მეორე დედაქალაქის ე.წ. პრომოუშენს. პეტერბურგში ჩავიდა დსთ-ის ყველა ლიდერი და გავლენიანი ბიზნესმენი, რაც რუსებს ეამაყებოდათ.

 

ფორუმი ორი დღე გრძელდებოდა. პირველ დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი სათითაოდ ხვდებოდა მედვედევს. მეორე დღეს, უშუალოდ ფორუმზე, მედვედევს დიდი გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი „გაზპრომის სტენდთან" და ამის შემდეგაც პრეზიდენტები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავდნენ. ბუნებრივია, ეს ფორუმი ინვესტიციების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

მე დანიშნულ დროს სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტისკენ გავემგზავრე. აეროპორტში მისული არ ვიყავი, პრეზიდენტმა თვითმფრინავიდან დამირეკა, სასწრაფოდ საქართველოს რუკა მჭირდებაო. ნუ, კაი, სჭირდება - სჭირდება. დავურეკე საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც მაშინ პეტერბურგში იყვნენ, სადღაც რაღაცას მიაგნეს და ინტერნეტიდან ამობეჭდეს რუკის ერთი ფურცელი ა-4 ფორმატზე. პროტოკოლითაა გათვალისწინებული, რომ მე პრეზიდენტს აეროპორტში უნდა დავხვდე და მასთან ერთად წამოვიდე სააკაშვილისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში. ჩემთვის ვფიქრობდი, მივალთ რეზიდენციაში და მიიღებს რუკას, ცაში სად მივადგე ან რა საქართველოს რუკა მოუნდა. ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა.

 

„პულკოვოს" აეროპორტში რიგრიგობით ეშვებიან პრეზიდენტების თვითმფრინავები. სხვებთან შედარებით ჩვენი თვითმფრინავი არის ყველაზე პატარა, ზოგს აქვს ტუ-154, ზოგს დიდი „ბოინგი", მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტის დელეგაცია დაახლოებით საათნახევარი იცლებოდა.

 

ჩვენი პრეზიდენტის თვითმფრინავი, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მოკრძალებულად გამოიყურება, სამაგიეროდ, მისი დელეგაცია არ გამოიყურებოდა მოკრძალებულად. მასთან ერთად ჩამოფრინდნენ: მისი თანაშემწე ნატო ყანჩელი, გაურკვეველი სტატუსის მქონე ალანა გაგლოევა - მისი პრესმდივანი თუ მდივანი, ასევე - სააკაშვილის გრიმიორი ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, მისი მოადგილე გია ვაშაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ელჩი სპეციალურად პრეზიდენტისთვის გამოყოფილ ავტომანქანაში უნდა ჩაჯდეს, რომელსაც დაცვის ესკორტი მიაცილებს. სააკაშვილმა კიდევ, დაადო თავი და გარბის მანქანისკენ. „მიშა, მე რა ვქნა, გამოგყვე?" - დავუძახე მას. „ჰო, ჰო, აბა რა უნდა ქნა", - მითხრა და მეც მის მანქანაში ჩავჯექი.

ბუნებრივია, ამ მანქანაში მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ისაუბრებ, შესაძლოა, საუბარი იწერებოდეს.

 

ფორმატით მედვედევთან შეხვედრაზე პრეზიდენტი და კიდევ ორი პირი უნდა წავიდეს. ვიცი, რომ, როგორც ელჩი, მე უნდა წავიდე, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვიცი, სააკაშვილთან ერთად კიდევ ვინ წამოვა, იმიტომ, რომ სააკაშვილი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს _ ეს იმ ოპერიდან, რამდენად პროფესიულად მომზადებული საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს. წარმოიდგინეთ: პრეზიდენტი ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და მედვედევთან შეხვედრაზე მიჰყავს მისი მოადგილე _ გრიგოლ ვაშაძე. რაც სერიოზული სკანდალია და ეს ნიშნავს და, რომ სააკაშვილი ამ გოგოს არ ენდობოდა.

 

წავედით მე, ვაშაძე და სააკაშვილი. შევდივართ დიდ სასახლეში, სადაც გველოდება 30-40 ჟურნალისტი, გაისმის ფოტოაპარატების ჩხაკუნი. ველოდებით ჩვენ A რიგს. გრაფიკით, ჩვენ ბოლო პრეზიდენტის წინ უნდა შევხვედროდით მედვედევს. ბოლო იყო ნაზარბაევი თუ იუშენკო.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ პროტოკოლმა შეგვიყვანა დარბაზში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი შემოვიდა. მოგვესალმა ჯერ სააკაშვილს, მერე ვაშაძეს და მე. მათი მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში პრიხოდკო და პროტოკოლის წარმომადგენელი, რომელიც საუბრის ჩანაწერს აკეთებდა.

 

გარეგნულად მედვედევი დაძაბული არ ჩანდა, პრეზიდენტები საუბრობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩუმად ვართ. საუბარი მედვედევმა დაიწყო, მან თქვა, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ბევრი პრობლემაა და სურვილი მაქვს, ეს პრობლემები გადავწყვიტოთ. შემდეგ ცოტა ხნით კიდევ ისაუბრეს ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და მერე ძირითად თემაზე გადავიდნენ.

 

სააკაშვილმა აი ის რუკა ამოიღო და გაშალა. ახლა გავიგე, თურმე ეს რისთვის შჭირდებოდა და ამ ფურცელზე ხატავს, აი ეს არის ოსეთი, აქ ცხოვრობს რაღაცა 30 000 კაცი; აი ეს არის აფხაზეთი, აქ 60 ათასი კაცი ცხოვრობს. ოჩამჩირეში ცხოვრობს სულ 5 ათასი კაცი, _ უხსნის მედვედევს. მედვედევს ეჭვი შეეპარა მიშას დასახელებული ციფრების სიზუსტესI და საუბარი შეაწყვეტინა მან საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილს ეს ციფრები ჩაუსწორა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ამ საკითხში დილეტანტიზმი გამოავლინა და გამოჩნდა, რომ მედვედევთან სასაუბროდ არ მომზადებულა. შემდეგ მან რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ ოჩამჩირეში რკინიგზის გაყვანაზე გამოთქვა პრეტენზია, რაზეც მედვედევმა უპასუხა, რომ ერთი თვის-თვენახევრის განმავლობაში გაიყვანდა ამ ჯარებს. მიშამ მზადყოფნა გამოთქვა აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო ინიციატივების გაღრმავებაზე, რაზეც მედვედევმა თქვა, რომ მიესალმებოდა ასეთი პროცესის დაწყებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა, შეასრულეთ საერთაშორისო ვალდებულებები, შეიარაღებული ძალები გამოიყვანეთ კოდორის ხეობიდან და სააკაშვილს ხელი უნდა მოეწერა ალასანია-ბაღაფშის შეთანხმებაზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს. მედვედევის თქმით, დაძაბულობის მოსახსნელად ეს ღონისძიებები საკმარისი იქნებოდა.

 

სააკაშვილმა კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე წამოიწყო საუბარი. მედვედევმა მას ჰკითხა, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი კეთილმეზობლობა, თუ თქვენს ტერიტორიაზე განლაგდება სამხედრო ბაზები, საიდანაც რუსეთს რაკეტებს დაუმიზნებენ? მას ნატო არ უხსენებია, მაგრამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ ჩვენს სწრაფვაზე მიგვანიშნა.   

 

საპასუხოდ სააკაშვილმა 3-4 წუთი გაურკვევლად ისაუბრა, პირდაპირ პასუხს ვერ ამბობდა, ბოლოს თქვა, რომ: კი, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გადავსინჯოთ, გადავსინჯოთ ჩვენი მიდგომები. ფაქტიურად, მიშამ ირიბად უთხრა, რომ მე მზად ვარ, ნატოზე უარი ვთქვა, თუ გადამაწყვეტინებ ჩემს პრობლემებს.

 

ისეთი განცდა მქონდა, რომ სააკაშვილი უმიზნოდ ბევრს ლაპარაკობდა. ის საერთოდ არ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის. საპირისპირო მხარეს იყო მედვედევი, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრამდე 4-5 პრეზიდენტს შეხვდა, ფურცლებში არც იყურებოდა, ჩახედვაც არ სჭირდებოდა, ყველაფერი გაზეპირებული ჰქონდა.

 

შეხვედრა დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად 55 წუთი გაგრძელდა. პროტოკოლის თანამშრომელმა ოთხჯერ შემოაღო კარი, შემდეგი პრეზიდენტი მედვედევთან შესახვედრად უნდა შემოსულიყო. სააკაშვილმა სთხოვა მედვედევს, რომ კიდევ შეხვედროდნენ სასაუბროდ. მედვედევი დათანხმდა - ოღონდ, ეს შეხვედრა მოვამზადოთ, ამისთვის კი შეასრულეთ ვალდებულებები.

 

სააკაშვილმა შეხვედრის ბოლოს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტისგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ გარღვევას ელოდებოდა. ამაზე პირდაპირი თანხმობა ვერ მიიღო. მან შეხვედრაზე ვერ მოისმინა, თუ როდის მოგვცემდა რუსეთი აფხაზეთს ან მოგვცემდა კი საერთოდ?

 

ასეთი გარღვევა ასე ერთბაშად რომ არ მოხდებოდა, ჩემთვის დღესავით ნათელი იყო. შეხვედრის შედეგად უკმაყოფილო არ ვიყავი. მედვედევმა თანხმობა გამოთქვა სააკაშვილთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, რაც, ჩემი აზრით, ომს თავიდან აგვაცილებდა.

 

რაც შეეხება პრობლემების გადაწყვეტას, ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით დაგვეწყო. სააკაშვილი დილა-საღამოს რუსეთს აგინებდა, ასევე იქცეოდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, საპასუხოდ - რუსებიც და დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მანამ პოლიტიკური კლიმატი არ დათბებოდა, მეტის მოლოდინი ცოტა არარეალურად მეჩვენებოდა.

 

მედვედევთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი გაღიზიანებული იყო და სულ იღრინებოდა. იმუქრებოდა, რომ კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამხედროებს სამშვიდობო მანდატს ცალმხრივად გაუუქმებდა და ოკუპანტებად გამოაცხადებდა.

 

მე მიშას ვარწმუნებდი, რომ ამის გასაკეთებლად აჩქარება არ ივარგებდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, მიშამ არ იცოდა ამაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია და შესაძლოა, ამ ნაბიჯს უფრო გაერთულებინა ჩვენი მდგომარეობა.

 

სააკაშვილს და ლომაიას ერთი სანერვიულო ჰქონდათ - თუკი რუსები მდინარე ენგურის გასწვრივ გამაგრდებოდნენ, ესენი სამხედრო მარშს ვეღარ განახორციელებდნენ.

 

რუსებმა დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ ჩვენ აფხაზეთში ომის დაწყებას ვაპირებდით. ამაზე გრიგორი კარასინმა პირდაპირ მითხრა, მანამ, სანამ იარაღის ჟრარუნს არ შეეშვებით, ნუ გვთხოვთ პასუხს, თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშს ან რატომ შევიყვანეთ კონფლიქტის ზონაში სარკინიგზო ჯარები.

 

მთავარი იყო ის, რომ რუსი პოლიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის პროვოცირებისთვის ფიქრობდა, მისთვის უნდა ეგრძნობებინათ: რომ რუსეთი ომში არ ჩაერეოდა, ხოლო მეორე ნაწილს საჭიროდ მიაჩნდა, მიშა გაეფრთხილებინა, რომ ომის დაწყება მისთვის საბედისწერო ნაბიჯი გახდებოდა.

 

მიშა ლომაიასთან მომავალ გეგმებს აწყობდა, რომელიც მშვიდობას არ უკავშირდებოდა.

 

მედვედევთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს მეთიუ ბრაიზამ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ დაურეკა. სააკაშვილმა ტელეფონის ზარს არ უპასუხა. ამ დროს ბრაიზაც პეტერბურგში იმყოფებოდა. მან შემდეგ მორიგეობით დაურეკა ლომაიას, ნატა ყანჩელს და არც ამათ უპასუხეს.

 

მიშა დაბრუნდა მისთვის გამოყოფილ რეზიდენციაში და გარემოცვის რომელიღაც წევრთან ორი საათით ჩაიკეტა.

 

შუაღამისას ყველანი ერთად ნევის პროსპექტზე, ვიღაც სომხის იტალიურ რესტორანში წავედით. აქ მთელი ორი საათი ვისხედით და ამ ხნის განმავლობაში მიშას დაცვა ქუჩაში იდგა, რაც საკმაოდ უსიამოვნო სანახავი იყო. ასეთი ფორმით ნევის პროსპექტზე, ქალაქის ცენტრში თითქმის აღარავინ დადის.

 

რესტორნიდან მე გვიან ღამით სპეციალურად ბრაიზასთან შესახვედრად წავედი. მას ვუთხარი, რომ მიშა რუსეთთან საბოლოო კონფრონტაციაზე წასვლას აპირებს, შენს ტელეფონს არ აიღებს და იქნებ, სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დაარეკინო-მეთქი.

 

ფორუმის მეორე დღისთვის ადრიანად მოვემზადე. დილით კი გავიგე, რომ სააკაშვილს ღამით რაღაცამ მოუარა, დაქოქა თვითმფრინავი და თბილისში გავარდა. ეს რუსებს, ბუნებრივია, ეწყინათ, რაც მითხრეს კიდეც.

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ფორუმი უცერემონიოდ მიატოვა, რუსულმა ტელევიზიებმა მასზე დადებითი, საკმაოდ ნორმალური სიუჟეტები გაუშვეს. ხაზგასმულად კორექტული იყო „ოერტე".

 

მოგვიანებით, გავიგე, რომ მიშა ერთი კვირა რაისსაც ემალებოდა _ მან რამდენჯერმე სახელმწიფო მდივნის ზარსაც არ უპასუხა.

 

ცოტა ხნის შემდეგ რაისი მას ბერლინში შეხვდა. ცოტა მოგვიანებით რაისი იძულებული გახადა, რომ თბილისში ჩამოსულიყო. მსოფლიოს აგიჟებდა და ყველას აქეთ-იქით დაარბენინებდა. ივნისის დასაწყისში სააკაშვილი ცოტა დამშვიდდა", - წერს კიწმარიშვილი.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner