logo_geo
eng_logo
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კუდთ-თან თანამშრომლობდა?! - სკანდალური ინტერვიუ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან
- +

3 ნოემბერი. 2016. 12:11


 

 


ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს... ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების ექს-ხელმძღვანელი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ზაზა ხატიაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს კუდ-ის აგენტი გახლდათ. „პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რა დგას ამ სკანდალური ინფორმაციის უკან. ამის გასარკვევად ჩვენ ლაშა კვირკვაიას დავუკავშირდით. ის კუდ-ის იმ მაღალჩინოსნის ვინაობასაც გვიკონკრეტებს, რომელიც, მისი თქმით, ხატიაშვილთან კავშირზე იმყოფებოდა. კვირკვაია ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე დათა ახალაიას უწყება სწორედ ზაზა ხატიაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა.


- ზაზა ხატიაშვილი არაერთ საპროტესტო აქციაზე გვინახავს და გვახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალურ" ხელისუფლებას... მისი დადანაშაულება კუდ-ის აგენტობაში ცოტა დაუჯერებელია. რის საფუძველზე ამბობთ ამას?


- ვსაუბრობ კონკრეტული ფაქტებით, რადგან ისეთი ადამიანისგან, როგორიც ხატიაშვილია, მორალის კითხვა ძალიან ამაზრზენია. მე არ მაქვს მის აგენტურულ საქმიანობასთან პრობლემა და არ ვამბობ, რომ ეს კანონდარღვევაა. აგენტურული საქმიანობა ჩვეულებრივ კანონიერ ქმედებას წარმოადგენს. ასე რომ, მე არ ვადანაშაულებ მას კანონდარღვევაში, მაგრამ დროა, სახელი დავარქვათ ყველაფერს - ადამიანი, რომელიც გახლდათ კუდ-ის საიდუმლო აგენტი, სხვას მორალს არ უნდა უკითხავდეს. არ ვიცი, ის ოფიციალურად იყო თუ არა გაფორმებული, ან მოაწერა თუ არა ხელი ხელწერილს, მაგრამ ვიცი კონკრეტული ფაქტები, რაც ადასტურებს მის საიდუმლო საქმიანობას. კი ბატონო, ხატიაშვილი აპროტესტებდა რაღაცებს, მაგრამ ეს იყო აქციები, სადაც მის ყოფნას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა. საინტერესოა თვითონ მისი პიროვნება, ის გახლავთ დაახლოებით ჟირინოვსკის ან ნათელაშვილის ტიპაჟი. ცხადია, ასეთი პიროვნება რას იყვირებს, დიდად სერიოზულად არავინ აღიქვამს, არც საერთაშორისო და არც ადგილობრივ დონეზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს ასეთი ოპონენტი, მით უმეტეს, ადვოკატთა კორპუსის თავმჯდომარედ. გაცილებით მარტივია ისეთი ოპონენტის მართვა, რომელიც ჰაერზე ისვრის რაღაც ხმაურიან ფრაზებს და მის უკან არანაირი არგუმენტი არ დგას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უფრო ინტელექტუალი, ჭკვიანი და ავტორიტეტული პიროვნება რომ ყოფილიყო, მის სიტყვას უფრო მეტი ფასიც ექნებოდა და საზოგადოებრივ პროცესებზეც მეტ გავლენას მოახდენდა. ასეთი ადამიანი ხელისუფლებისთვის უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ ცხადია, უმჯობესი იყო, ასოციაციის თავმჯდომარედ „ქართველი ჟირინოვსკის" დანიშვნა. მაგის ფუნქციაც ეგ იყო - უნდა ეყვირა, მაგრამ ეყვირა უაზროდ და უარგუმენტოდ. რეალურად, ის უნდა ყოფილიყო ყველა საპროტესტო აქციაზე, არა რიგით წევრად, არამედ ლიდერშიპში და გამოეტანა ინფორმაცია, რას გეგმავდნენ აქციის ორგანიზატორები, ვინმე მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ და ა.შ.


- ახსენეთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დანიშნესო... როგორც ვიცი, ის კენჭისყრის შედეგად აირჩია ადვოკატთა კორპუსმა...

 

- დიახ, ეს იყო არჩევნები, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა, მასთან დაპირისპირებულ ხატიაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ გაიყვანდა?! როდესაც იყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები, კუდ-მა აქტიური მუშაობა დაიწყო. პოლიციის ყველა განყოფილებაში დაიწყო იმის გარკვევა, ვის რომელ ადვოკატთან ჰქონდა კარგი მიდგომა, ვინ ვისი ახლობელი იყო და ა.შ. ანუ იქმნებოდა „ჩვენიანი" ადვოკატების ბაზა. გარდა ამისა, გვეკითხებოდნენ, ვინმე ადვოკატზე ხომ არ გვაქვს რაიმე კომპრომატი, რომ „ჩვენიანების" ბაზაში ამ გზით შეეყვანათ. ამის შემდეგ პოლიციის ყველა განყოფილებამ კუდ-იდან მიიღო თხოვნა, რომ, ვისაც ადვოკატებთან კარგი მიდგომა ჰქონდა, გადაეცათ ამ ადვოკატებისთვის, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ზაზა ხატიაშვილს. ანუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე კუდ-ი აქტიურად იყო ჩართული ზაზა ხატიაშვილის სასარგებლოდ, რეალურად კი სიტუაცია ინიღბებოდა ისე, რომ თითქოს ძალოვნები მის კონკურენტს ლობირებდნენ. მოკლედ, ამ მეთოდით ზაზა ხატიაშვილი აირჩიეს ასოციაციის თავმჯდომარედ და აქედან მოყოლებული ის ხდება ორმაგი მოთამაშე. იმ დროს ვინც პოლიციაში მუშაობდა, ყველამ იცოდა, რომ რეალურად ზაზა ხატიაშვილი იყო ჩვენიანი და ამბის გამომტანი.


- თუკი ხატიაშვილი კუდ-თან თანამშრომლობდა, ცხადია, არსებობს ადამიანი, ვისთანაც ის უშუალო კონტაქტზე იმყოფებოდა... შეგიძლიათ, გვითხრათ ამ პირის ვინაობა?

 

- ახლა პირველად ვასახელებ კუდ-ის იმ მაღალჩინოსანს, რომელთანაც უშუალო კავშირზე იყო ზაზა ხატიაშვილი. ეს გახლდათ ქალაქის კუდ-ის უფროსის მოადგილე გიორგი დათუაშვილი, მეტსახელად „დუსია", თუმცა ხატიაშვილის საკითხი დათუაშვილის დონეზე არ წყდებოდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.


- თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

 

- პოლიციის სტრუქტურაში ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. ვერ გეტყვით, ვისგან გავიგე პირველად. ზუსტად ვიცი, რომ პირველ იანვარს არის ახალი წელი, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის და ვისგან შევიტყვე ეს პირველად ხომ... ასეთივე სიტუაციაა. ზუსტად ვიცი, რომ ხატიაშვილი პირად კონტაქტზე იყო კუდ-ის მაღალჩინოსან „დუსიასთან", მაგრამ პირველად ვისგან გავიგე, ეს ნამდვილად აღარ მახსოვს. ყველამ იცოდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მუშაობს კუდ-ზე.


- ანუ გინდათ, თქვათ, რომ მთელი ის კამპანია, რომელსაც ხატიაშვილი აწარმოებდა მაშინდელი ხელისუფლების, მათ შორის სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ, ფარსი იყო?


- მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ამის საილუსტრაციოდ: წინა ხელისუფლების დროს თითქმის არც ერთ ადვოკატს გამამართლებელი განაჩენი არ დაუყენებია, 0,001 პროცენტი იყო, თუ არ ვცდები გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი. არც ერთ ლარს, რასაც პროკურატურა ითხოვდა გირაოს სახით, არ აკლებდა სასამართლო. ეს ის პერიოდია, როდესაც ადვოკატები საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ, როგორც „მკვდარზე ვენოკს". მეტიც, არაერთი ადვოკატი გასამართლდა სხვადასხვა ბრალდებით... კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ამ სიტუაციას ყველა შეგუებული იყო. ადვოკატები ჩვეულებრივ შედიოდნენ პროცესებზე, აყენებდნენ შუამდგომლობებს და ქმნიდნენ დემოკრატიულობის ფასადს. და ვნახოთ, რა ხდება ახლა? ჩემი, ერთი კონკრეტული პოლიციელის, დაჭერის გამო ხატიაშვილი ამბობს: მე და ჩემი ადვოკატები ბოიკოტს გამოვუცხადებთ მთლიანად სასამართლოს და არ შევალთ არც ერთ პროცესზეო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა - 21-ე საუკუნეში ევროპაში არსებობს ქვეყანა, სადაც ადვოკატები არ შედიან სასამართლო პროცესზე. ხატიაშვილს საყოველთაო ბოიკოტი წინა ხელისუფლების დროს არ გამოუცხადებია, მაშინ როცა თავად ადვოკატები მაშინდელ ხელისუფლებას „ტოტალურ უსამართლობაში" ადანაშაულებდნენ. არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ მოუწოდებდა ხატიაშვილი კოლეგებს საყოველთაო გაფიცვისკენ? ეს ხომ მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევდა და თუ წელიწადში 20 გამამართლებელი განაჩენი დგებოდა, იქნებ 200-მდე გაზრდილიყო ეს რიცხვი. რა თქმა უნდა, ხატიაშვილი ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა, რადგან კუდ-ის აგენტი გახლდათ. ის დაკავებული იყო მხოლოდ საჩვენებელი შოუებით.


- თქვენი ინფორმაციით, რის სანაცვლოდ შედგა ეს გარიგება? ეს იყო ფინანსური დაინტერესება, თუ რაიმე სხვა?


- მე ამ გარიგების დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ლოგიკურად მიჩნდება აზრი, რომ ხატიაშვილი ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის სანაცვლოდ გაურიგდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ვერ მოახერხებდა?!


- თქვენი ეს ბრალდებები მკითხველმა შესაძლოა, განაწყენებული კაცის პოზიციად აღიქვას, რადგან ზაზა ხატიაშვილი აქტიურად გიპირისპირდებათ და ადვოკატ მდინარაძის ცემაში გადანაშაულებთ, რის გამოც პროკურატურამ ბრალდებულადაც გცნოთ...

 

- ეს ნამდვილად არ არის განაწყენებული კაცის პოზიციიდან ნათქვამი. უბრალოდ, მისი მხრიდან სამართლიანობაზე მორალის კითხვა უკვე ძალიან სასაცილოა, ამიტომ გადავწყვიტე, ხმამაღლა მეთქვა ის, რაც სიმართლეა და იცის ნებისმიერმა პოლიციელმა. თუკი საწინააღმდეგოს დამტკიცება სურს ბატონ ზაზას, არსებობს მარტივი გზა: სატელეფონო ოპერატორიდან ამოიღოს იმ წლების დეტალური ამონაწერი და გაასაჯაროოს. ანახოს საზოგადოებას, რამდენად ინტენსიური და ყოველდღიური კავშირი ჰქონდა კუდ-ის მაღალჩინოსან დათუაშვილთან. თუ მართალია, ამოიღოს და გაასაჯაროოს ეს ამონაწერი. თუ ამ ამონაწერით გაირკვევა, რომ 2009-2012 წლებში მას თითქმის ყოველდღიური კავშირი არ ჰქონდა კუდ-ის მაღალჩინოსანთან, მაშინ მე საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს.



ლაშა კვირკვაიას ბრალდებებზე საპასუხო ინტერვიუს ჩასაწერად ჩვენ ზაზა ხატიაშვილთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, იმ მომენტში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მის მიმართვას კოლეგებისადმი, რომელიც სოციალურ ქსელში ლაშა კვირკვაიას განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა:


„პატივცემულო ადვოკატებო, გაიზიარეთ და მოდით გონზე. გიორგი მდინარაძის მწამებელმა ლაშა კვირკვაიამ ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ მე ვარ აგენტი და თვითონ ანგელოზია. კოლეგებო, ეს შედეგი გამოიღო თქვენმა გულგრილობამ გიორგი მდინარაძის წამების გამო. ლაშა კვირკვაიას ძმა, რომელიც არის ასევე პოლიციელი, ლაშა კვირკვაიას მშობლები მივიდნენ გიორგი მდინარაძესთან და ბოდიში მოუხადეს, ოღონდ ჩემი შვილი ციხიდან გამოუშვან, დანაშაულს აღიარებს და ადვოკატებს ბოდიშს მოგიხდითო. მისული იყვნენ იურიდიული სამსახურის თბილისის ბიუროში. ამ ფაქტს ესწრებოდნენ ადვოკატები. როდესაც ლაშა კვირკვაიას შეუცვალეს საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება, დაიწყეს საპირისპიროს მტკიცება. ვინაიდან მე არ გავჩერდი, უცებ გავხდი აგენტი. ზაზა ხატიაშვილი ვაცხადებ! იქამდე არ გავჩერდები, სანამ ლაშა კვირკვაიასა და მის მეგობრებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დავსვამ საბრალდებო სკამზე. ჩვენს მხარეზეა სიმართლე და სამართალი. ადვოკატებმა კარგად იცით, ვინ არის ლაშა კვირკვაია, იცით მისი „საგმირო საქმეები". მისი საზოგადოებიდან იზოლაცია აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარებისთვის", - წერს სოციალურ ქსელში ზაზა ხატიაშვილი.


P.S. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დამატებითი დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. „პრაიმტაიმი" ზაზა ხატიაშვილის პოზიციას გაზეთის შემდგომ ნომერში გაგაცნობთ, ცხადია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. ასე რომ, ჩვენ ამ თემას და ადვოკატ მდინარაძის ცემის საქმეს მომავალ ნომერშიც დავუბრუნდებით და რამდენიმე საინტერესო ინფორმაციასაც გაგაცნობთ.

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner