თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამ ჟამად გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „დია"-ს გადაცემა „კვირის რეალობაში" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს.
ოქრუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაში „ნაციონალური მოძრაობის" კვალს ხედავს.
„ამ საქმეს გამომძიებლის მიდგომებით უნდა მივუდგეთ, უნდა გავარკვიოთ მოტივი და წარმომავლობა. მოტივი აშკარად ჩანს, რომ არის ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა. ეს ავტომატურად გამორიცხავს ხელისუფლების ჩართულობას ამაში. შეუძლებელია ხელისუფლებას აწყობდეს ქვეყანაში სიტუაცის დაძაბვა. ეს ყველაფერი იწერებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, ეს ყველამ იცის, რომ ასე იყო.
ძალიან ბევრი ადამიანი ამაში მაშინვე იყო ჩართული როდესაც იმ პერიოდში აშანტაჟებდნენ. ზოგს ფულის მიზნით, ზოგს პოლიტიკური აქტივობის შენელების მიზნით"- აცხადებს ოქრუაშვილი და აქვე დასძენს, რომ ახალ ხელისუფლებას ამ კადრების სრულად განადგურება არ შეეძლო.
„წინა ხელისუფლება არ იყო ხელისუფლება, ეს იყო რაღაც გარკვეული ბანდა, რომელსაც ეს თავისთვის ჰქონდა დანაწილებული, ვიცი კიდეც თანმიმდევრობები ვინ სად ყიდდა, ვინ სად სთავზობდა, ვინ სად გაიტანა, პატარა ქვეყანაა საქართველო. ბევრი ნაცნობები მყავს, ბევრი მეგობრები მყავს, არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაში. წაიღეს ახალაიებმა, წაიღეს სხვა ჯგუფებმა გარეთ, ეხლა ძნელი გასარკვევია საიდან მოდის, თუ გამომძიებლის ინტუიციით მივუდგებით ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სიტუაციის დაძაბვას და ვის აწობს ახლა ეს? ვისაც უნდა, რომ დისკონფორტი შეექმნას, ჩემი აზრით ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის" მთლიანი გუნდი ან ერთი კონკრეტული ფრთა"- აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.