გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინური კომპანია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო სივრცეს უხეშად არღვევს.
„რეალურად ის საკანონმდემბლო სივრცე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, უხეშად არის დარღვეული კრიმინალური ელემენტების მიერ, ესენი არიან ჩინური კომპანიები საქართველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სულ მალე ჩვენ გამოვიტანთ სააშკარაოზე ფაქტს, ჩინელმა დამსაქმებლებმა როგორ მოკლეს ცემაში ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
სოფელ ზვარეში გუშინ ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და დასაქმებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მოგვიანებით, ადგილობრივებიც ჩაერთვნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.