სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა საპატრიარქოსა და მთავრობას გაწეული სამსახურისთვის. მისი თქმით, ინიციატივა აგარაკის დაბრუნებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქს ეკუთვნოდა.
„ეს ინიციატივა საპატიარქოს - უწმინდესსა და უნეტარესს ეკუთვნოდა. ასევე დადებითად შევაფასებ მთავრობის გადაწყვეტილებას და პროკურატურის მუშაობასაც. ახალშექმნილმა დეპარტამენტმა სულხანის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ასეთ მოკლე ხანში თუ მოხდებოდა (თუმცა, გამოძიება არ დამთავრებულა და მიმდინარეობს) აგარაკის გადმოცემა, ნამდვილად არ მეგონა, ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. თუმცა, თუნდაც 100 აგარაკი ყოფილიყო, მერჩივნა, ერთი სულხანი ყოფილიყო ცოცხალი. მაგრამ რახან უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფომ სულხან მოლაშვილის ოჯახი უყურადღებოდ არ დატოვა", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა. საუბარია წავკისში მდებარე ერთერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.