„გიგი უგულავას გარეთ გამოსვლა და მისი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობა დიდ თავის ტკივილს გაგვიჩენს ყველას, ვისაც ეს პარტია მიუღებლად მიგვაჩნია",- ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ ექნება „ნაციონალურ მოძრაობას" ვინ უხელმძღვანელებს, რადგან ისინი მაინც იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც აღნიშნული პარტიის პრინციპებს იღებენ.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს თუ გიგა ბოკერია, ნიკა მელია, გიგი უგულავა ან ვინმე სხვა. იმ ადამიანების ერთობა, რომელიც იმ პრინციპებს იღებს რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის" არის მისაღები. ადამიანები, რომლებიც ომის, ციხის კადრების შემდეგ აირჩიეს ვანო მერაბიშვილს გენერალურ მდივნად და სააკაშვილი თავჯდომარედ, რა ერქმევათ რა მნიშვნელობა აქვს?",- განაცხადა ბურჯანაძემ.