აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია.
როგორც თეთრი სახლი იუწყება, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან აქვე ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლიდერები საუბრისას შეთანხმდენენ, რომ „ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მთავრობისათვის, გაატაროს საკუთარი რეფორმატორული პოლიტიკა. ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, მოპოვებული გამარჯვებით გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის.