logo_geo
eng_logo
ვალერი შოშიაშვილი: სააკაშვილის რეჟიმმა გრემის კულტურის დანგრეული სახლი მილიონად შემიფასა და ისე მაყიდვინა!
- +

5 ნოემბერი. 2016. 12:32

 

 

სოფელ გრემში მდებარე 8 ათას ლარად ღირებული, დანგრეული და გაპარტახებული ყოფილი კულტურის სახლი სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა  ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების განადგურების მუქარით, 700 ათას ლარად იძულებით აყიდვინა! ამჟამად ვალერი შოშიაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი და მის საქმეს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი იძიებს, თუმცა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება, დაზარალებულმა სწორედ იმ დანგრეულ შენობაში, რომელიც მას მუქარით შეასაღეს, რეჟიმის რეპრესიების ამსახველი მუზეუმი გახსნა! ჩვენი ინტერვიუ სწორედ ამ მუზეუმის „კარიბჭესთან" შედგა:


- ჩემს მშობლებს საოჯახო ტექნიკის ბიზნესი ჰქონდათ და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოჯახური ბიზნესის სადავეები გადმომაბარეს. 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენი, დიდი რაოდენობით ტვირთი შემომდიოდა და ბიზნესიც დღითი დღე ვითარდებოდა, ვიდრე 2008 წელს ნაცების თვალთახედვის არეში მოვხვდებოდი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამაზე რეჟიმის ერთგულმა ლაქიებმა - გიორგი ბოტკოველმა და გიორგი ღვინიაშვილმა იზრუნეს!


- როგორ მოხდა ეს ამბავი?

 

- ჩემი ტვირთი - 11 კონტეინერი, რისი საერთო ღირებულება მილიონი დოლარი იყო, „ოპიზას" საბაჟოზე გააჩერეს. თავიდან ცუდი არაფერი მიფიქრია, ტვირთის ექსპერტიზას ვითხოვდი, რის შედეგადაც დადგინდებოდა, რომ არანაირი დარღვევა არ მქონდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და, თუ ტვირთის რეალიზაციას ვერ მოვასწრებდი, მნიშვნელოვნად ვიზარალებდი. როცა მივხვდი, რომ ტვირთის გაჩერების მიღმა გავლენიანი პირების ინტერესი იდგა, საქმის მოსაგვარებლად გზების ძიება დავიწყე. კავშირზე გამოვიდა ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი, რომელიც იმ პერიოდში ფინანსური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსად მუშაობდა.


- რა შემოგთავაზათ?

 

- ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ბიზნესი არ გაჩერდესო. ვკითხე - რაიმე დანაშაული ხომ არ მაქვს, რას მემართლებით-მეთქი? - არაო, დანაშაული არ გაქვს, მაგრამ შენი ბიზნესი ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა იყოსო.


რა გინდათ, რომ გავაკეთო-მეთქი? - 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" უნდა დააფინანსოო. იმთავითვე გეტყვით, რომ აპოლიტიკური პიროვნება გახლდით და ჩემი ბიზნესის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. არც იმას დაგიმალავთ, რომ ნაცების მიმართ მთლად ნეგატიურად განწყობილიც  არ ვყოფილვარ. არ მესიამოვნა ასეთი მოპყრობა, მაგრამ რას გავაწყობდი... 250 ათასი ლარი შემოწირულობის სახით გადავურიცხე. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და 2010 წლამდე თავი დამანებეს.


- 2010 წელს რა მოხდა?

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა. დამიძახეს და მითხრეს, ამჯერად ჩვენი ფავორიტები - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - გიორგი თარგამაძე უნდა დააფინანსო და „რუსთავი 2"-ზე მისთვის სარეკლამო დრო შეიძინეო. უარი არ მითქვამს. იმავე წელს თბილისის მერის არჩევნებიც დამაფინანსებინეს, რომელშიც ნაცების სახელით გიგი უგულავა იღებდა მონაწილეობას. ესეც არ იკმარეს - ირაკლი კირკიტაძემ თავისი სამსახური დატოვა და მომთხოვა, ჩემი ფირმა, შპს „ენკა ჰაუსი" მის სახელზე გადამეფორმებინა, დირექტორად გამემწესებინა და ხელფასიც მეხადა. ამ პროცესს მეტად უწყინარი სახელი - „თანამშრომლობა" უწოდეს. მართლაც, მოიყვანეს ბუღალტრების ჯგუფი და ფირმა გადაიფორმეს.


- ანუ ფირმა წაგართვეს?

 

- კირკიტაძე მეუბნებოდა - ნუ გეშინია, სულ მალე უკან დაგიბრუნდებაო. მართლაც, 2012 წლის იანვარში უკან გადმომიფორმა, როგორც მერე მივხვდი, მიზანი იყო, ფირმის სამზარეულოს შესწავლა, რომ ყველა სახის შემოსავალ-გასავალი დაეფიქსირებინა. გადმოფორმებიდან სამიოდე კვირაში პროკურატურიდან საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი ბექა ბასილაია დამიკავშირდა და ფირმის დოკუმენტაცია მოითხოვა. საბუთები საგადასახადოში წავიღეთ, სადაც აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ლაშხიამ გადაიბარა. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ბექა ბასილაიამ - ახლა პროკურატურაში გამომყევიო. პარალელურად, ტელეფონით ზურაბ ადეიშვილს, მურთაზ ზოდელავასა და დავით საყვარელიძეს ელაპარაკებოდა. მივხვდი, ჩემი დაკავება-არდაკავების საკითხი წყდებოდა.


- პროკურატურაში რაზე გელაპარაკათ?

 

- ნართაულად, ჩემი ოჯახის წევრების შესახებ მესაუბრებოდა. მაგრძნობინა, რომ ყოველი ნაბიჯი იცის და მათთვის საფრთხის შექმნაზე მიმანიშნებდა. ისიც მითხრა - იცი, ციხეში რა ხდებაო? ცოტა ხანში შეიტყობ ამასო. იმ ღამით გამომიშვეს და მეორე დღეს მამასთან ერთად დამიბარეს. ბასილაიას კაბინეტში ვისხედით, როცა ჩემზე ზემოქმედების მიზნით ვიღაცას დაურეკა - ამოდით და დააკავეთო. მერე პროკურორ ზაზა მალუძესთან შეგვიყვანა. იქ შევიტყვე, რომ ჩემი ქონების ნაწილი, რომლის სიაც ბექა ბასილაიამ წამიკითხა, კონკრეტული პირებისთვის უნდა გადამეფორმებინა. ვუპასუხე, რომ ეს ქონება ბანკში იპოთეკით იყო დატვირთული. მაშინ 5 მილიონი მოგვეციო!


- კი მაგრამ, რისთვის? ნაცების ვალი გქონდათ?

 

- რა თქმა უნდა, არა! არც 5 მილიონი ნაღდი ფული მქონდა. იმ დღესაც გამიშვეს სახლში და საღამოს ძალიან საინტერესო შინაარსის მესიჯი მივიღე ტელეფონზე: წახვალ გრემის კულტურის სახლში, მონაწილეობას მიიღებ აუქციონში და ამ შენობას 700 ათას ლარად იყიდიო. მაშინვე ბექასთან წავედი - ბეს თანხაც კი არ გამაჩნია, ამდენი ფული საიდან მოვიტანო-მეთქი? ისევ დამემუქრა - ცუდად წაგივა საქმეო. რა მექნა, მეგობრისგან 30 ათასი ლარი ვისესხე, ბეს სახით შევიტანე და ის იყო შემატყობინეს - აუქციონში გამარჯვებას გილოცავთო. მივედი ჩემი შენაძენის, გრემის კულტურის სახლის სანახავად და ეს გავერანებული შენობა ვიხილე!


- დარჩენილი თანხა, 670 ათასი ლარი როგორ გადაიხადეთ?

 

- ბექა ბასილაია შემპირდა, ამ პრობლემას „მოგიგვარებთო". მართლაც, „საქართველოს ბანკში" დარეკა და უთხრა - შოშიაშვილის 7-მილიონიან ქონებას ყადაღა დაადეთ და 670 ათასი ლარი გრემის კულტურის სახლში გადარიცხეთო. გამოძიებას უკვე ეს ეპიზოდიც დადგენილი აქვს. ჩემთვის არაფერი უკითხავთ, ისე აიღეს ჩემი ქონებიდან 670 ათასი (30 ათასი ხომ მანამდე ბეს სახით მქონდა გადახდილი). ესეც არ იკმარეს, ბასილაიამ მითხრა - დამატებით არჩევნებისთვის 400 ათასი ლარი უნდა მოგვეკლო! აქ უკვე ყელში ამომივიდა და ვუთხარი - ერთ თეთრსაც არ მოგცემთ და პირობას გაძლევ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ციხეში გიხილავთ-მეთქი! სიცილით მიპასუხა - მაგასაც ვნახავო!


- არჩევნების შემდეგ ნირი ეცვალათ?

 

- ადვოკატების დახმარებით მხილების აქტიური კამპანია დავიწყე და მივაღწიე, რომ ბექა ბასილაია სამსახურიდან გააგდეს, ზაზა მალუძე კი სხვაგან გადაიყვანეს. სამართლიანობის აღდგენის და ჩემს მიმართ უკანონობის ჩამდენთა დასჯის მოლოდინში ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ბექა ბასილაია „ნაციონალური მოძრაობიდან" ფოთის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს!


- პირადად თუ შეხვდით მას ამ ყველაფრის შემდეგ?

 

- პირადად შევხვდი ტელეკომპანია „კავკასიაში", მას შემდეგ, რაც სააკაშვილის გრემის სახლის დაკავებას ვცდილობდი. ნერვები ვეღარ მოვთოკე და პირდაპირ ეთერში ჭიქა ვესროლე!


- სააკაშვილის სახლის დაკავებას რა მოტივით ცდილობდით?

 

- სააკაშვილის რეჟიმმა გრემის კულტურის დანგრეული სახლი მილიონად შემიფასა და ისე მაყიდვინა! ამ ნანგრევებიდან ასიოდე მეტრში კი სულ რაღაც 100 ათას ლარად შეფასებული სააკაშვილის ფეშენებელური სასახლეა წამოჭიმული! მე მას საჯაროდ მივმართე, ჩემს „მილიონიან" ქონებას მის „ასიათასიან" ქონებაში ვუცვლიდი! ამ ნაბიჯით რეჟიმის ნამდვილი სახე წარმოვაჩინე! ამის შემდეგ პროკურატურამ მართლაც მიიღო ზომები - მე დაზარალებულად მცნეს, ჩემი საქმის გამოძიებაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. გაჩერებას მაინც არ ვაპირებ.


ნაცების რეჟიმის საბოლოო გაშიშვლების მიზნით იმ დანგრეულ შენობაში, რომელიც იძულებითა და მუქარით 700 ათას ლარად მაყიდვინეს, ნაცების რეჟიმის რეპრესიების ამსახველი მუზეუმი გავხსენი, ამით ქართველ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დამნაშავეების ადგილი პარლამენტში კი არა, საბრალდებო სკამზეა! ვიდრე პირში სული მიდგას, ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებ და მხოლოდ მაშინ დავმშვიდდები, როცა ირაკლი კირკიტაძეს, ბექა ბასილაიას, ზაზა მალუძეს, გიორგი ბოტკოველსა და გიორგი ღვინიაშვილს გისოსებს მიღმა ვიხილავ!

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner