logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი ახალი ბერკეტების გაჩენაზე ფიქრობს!
- +

19 მარტი. 2016. 12:25


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა. კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.


ამ განცხადებასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში ადრეც გაკეთებულა ისეთი განცხადებები, რომელშიც რუსეთის სიყვარულს ვერ ამოვიკითხავდით, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ მათ სწორედ ახლა წამოსწიეს ეს საკითხი წინა პლანზე.


„რიტორიკა, რომელსაც კარასინმა ხაზი გაუსვა, ახალი არ არის, პრაქტიკულად 90-იანი წლების შემდეგ არსებობს, რადგან მიზეზი არის რუსეთის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რომლის პრობლემა 90-იანი წლებიდან დგას. თინა ხიდაშელს გაუკეთებია განცხადებები, რომელშიც რუსეთის სიყვარულს ვერ ამოიკითხავდი, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ კარასინის მხრიდან ახლა მოჰყვა რეაქცია. ანგარიშგასაწევია ფაქტი, რომ წინა პლანზე წამოიწია ეს თემა. საჭიროების შემთხვევაში ანალოგიური ფრაზები რუსული მხარისთვის შეიძლება საბაბი აღმოჩნდეს რაიმე გამოწვევის პროვოცირებისთვის. ვფიქრობ, ახლა ყურადღება იმაზე უნდა იყოს მიმართული, რატომ ახლა და არა ადრე?! ამას პასუხი კარასინმა თვითონვე გასცა, განცხადებაში არჩევნების ხსენებით. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკა გულისხმობდეს რაღაც სხვას. ვიცით, რომ რუსეთმა სირიიდან თავისი შენაერთები გამოიყვანა, რითაც მას დასავლეთთან ურთიერთობის ბერკეტი მოაკლდა, რადგან სირიის თემას დასავლეთთან ურთიერთობაში აქტიურად იყენებდა. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი ახლა ახალი ბერკეტების გაჩენაზე ფიქრობს", - ამბობს საყვარელიძე.



გრიგორი კარასინის განცხადება იხილეთ ლინკზე:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner