საპარლამენტო არჩევნები ჯერაც არ იყო დასრულებული, რომ მმართველი გუნდი მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალაპარაკდა. ხელისუფლება ამჯერადაც დებს პირობას, რომ გაატარებს საკონსტიტუციო რეფორმას და ქვეყნის მთავარ კანონში არსებულ ხარვეზებს გაასწორებს, თუმცა ეს დაპირება „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელსაც დადო, მაგრამ ვერ შეასრულა.
2013 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტდა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ისევე, როგორც სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის ექსპერტ-სპეციალისტებისგან. კომისიას დაევალა, კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადებინა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც გაიზრდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები.
მოკლედ, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფებიც და აპარატიც. პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი დაფინანსებაც (როგორც გავარკვიეთ, 300 ათასი ლარი), თუმცა ამ კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ მიღო.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში დავით უსუფალშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ კომისია არ აღმოჩნდა ქმედითუნარიანი, სწორედ თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ბესელია აქვე ინტერესდება, რისთვის დაიხარჯა ათიათასობით ლარი, თუკი კომისიის მუშაობის შედეგი ნულოვანია.
თავად დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში ერთი ზედმეტი თეთრი არ დახარჯულა. მისი თქმით, გასამრჯელო მხოლოდ აპარატის მიერ მოწვეულმა კონსტიტუციონალისტებმა მიიღეს. მათი დაფინანსება კი პარლამენტის ბიუჯეტიდან მოხდა.
„არც ერთი ზედმეტი თეთრი კომისიის მუშაობას არ მოხმარებია, ეს მთლიანად პარლამენტის ბიუჯეტის შიდა სახსრებიდან დაფინანსდა. კომისიის არც ერთ წევრს, არც ხელმძღვანელობას და არც წევრებს, არანაირი გასამრჯელო ამ პროცესში არ მიუღია. ჩვენ მოწვეული სპეციალისტების რანგში გვყავდა რამდენიმე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი, რომელთა ხელფასებისთვისაც თანხა მოძიებულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ეკონომიიდან", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა, რომელიც კომისიის არაეფექტურ მუშაობას უკავშირებს იმას, რომ მმართველ კოალიციას არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას გადამწყვეტი, სერიოზული დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ასეთ ცვლილებას სჭირდება მინიმუმ 114 ხმა და იმ პირობებში, როდესაც მმართველმა კოალიციამ და ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერაფერზე ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. ცხადია, კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც თავად ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც იყვნენ, ექსპერტებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, გვქონდა ძალიან დაბალი მოტივაცია, იმიტომ, რომ იყო ძალიან დაბალი მოლოდინი იმისა, რომ რაც არ უნდა შემუშავებულიყო კომისიის დონეზე, ეს გავიდოდა პარლამენტში და იქცეოდა გადაწყვეტილებად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეკა ბესელია, „ქართული ოცნება":
- ეს კომისია ნამდვილად არ ყოფილა ეფექტური. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენჯერ შეიკრიბა კომისია და ვფიქრობ, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს არ იყო კოორდინებული და ორგანიზებული სამუშაო პროცესი.
- და ვისი პასუხისმგებლობაა ეს?
- ვფიქრობ, ეს ცალსახად მიუთითებს კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე.
- ანუ დავით უსუფაშვილს გულისხმობთ?
- დიახ, საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა დავით უსუფაშვილი. მან დააკომპლექტა კომისია. ჩვენ გვითხრეს, რომ ფრაქციას უნდა წარედგინა რამდენიმე დეპუტატი. ჩვენ ვინც ვიყავით წარმოდგენილი, აქტიურად ვმუშაობდით, მაგრამ, ზოგადად, რატომ დაკომპლექტდა კომისია ამ პრინციპით? რამდენჯერ იყო მოწვეული კომისიის ხდომა? რატომ არ იყო უფრო ხშირად? რამდენი დაიხარჯა აპარატის მუშაობაში და რას აკეთებდა ეს აპარატი? ჩნდება კითხვა - რატომ იყო ამხელა ხარჯები გაღებული? ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია. თუ საუბარია პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესის ლიდერს, რომელმაც ისე უნდა წარმართოს სამუშაო, რომ რაღაც შედეგი დაიდოს. სამწუხაროდ, ასეთი შედეგი არ არსებობს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ელემენტარული სურვილიც არ არსებობდა რაიმეს შეცვლის. იყო საკითხები, რაზეც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა. თუმცა ამ საკითხებზეც კი ვერ დავინახეთ მზაობა.
- ახლა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემა აღარ გაქვთ, რა გარანტიაა, რომ თქვენც თქვენი სურვილისამებრ არ დაჭრით ქვეყნის მთავარ კანონს... სააკაშვილს საყვედურობდით, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგო...
- ეს შიში აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც არა აქვთ გააზრებული სახელმწიფო მმართველობის განცდა და პრინციპი. ეს რომ საფრთხე იყოს, საერთოდ აკრძალული იქნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საფრთხე არის ისეთი პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც საზოგადოებას არ უწევს ანგარიშს და თავად საზოგადოებასაც არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი. დიახ, ასეთი გამოცდილება გვქონდა და 9 წელი ჰყავდა ამ ტიპის ხელისუფლება ქვეყანას. რა გარანტიაა, რომ იგივე არ განმეორდება? ამის რამდენიმე გარანტია არსებობს: 1. ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ოპონენტები მხოლოდ იმიტომ უწოდებენ უუნაროს, რომ ძალიან კონცენტრირებულნი ვართ კანონის უზენაესობაზე და ყველა ნაბიჯი დაქვემდებარებულია მხოლოდ და მხოლოდ სამართლის პრინციპებს და არა ვიღაცის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. 2. საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მყარი მაკონტროლებელი ფუნქციებით არის აღჭურვილი. თუ წინა წლებში, თუნდაც კონსტიტუციის ჭრა-კერვაზე ხმის ამოღებას მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, დღეს ნებისმიერ საკითხზე ვისაც არ ეზარება, შეუძლია დაუფარავად აკრიტიკოს ხელისუფლება და გარკვეულწილად განახორციელოს კონტროლი პროცესებზე. და 3. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტები დაადგინა. ღიაობისა და გამჭვირვალობის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი შეფასება. პირველად საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში ჩვენ დავამკვიდრეთ საპარლამენტო კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები. ამ ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ძალაუფლების გამოყენება თვითნებურად არ ხდება. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ „დედას გეფიცების" გარეშე დაუჯეროს საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდს რომ ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ბოროტად არასოდეს გამოიყენებს. ეს დღეს არის არათუ საფრთხე, არამედ აუცილებლობა.: ჩვენს გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ მოეპოვებინა, პარლამენტი დაემსგავსებოდა ორთაბრძოლისა და გაუთავებელი შერკინების პოლიგონს და რეალურად ვერ შევძლებდით ქვეყნისთვის სასიკეთო ვერც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ.
- რა იქნება ის პირველი ცვლილებები, რომელიც შესაძლოა, კონსტიტუციაში შეიტანოთ?
- ასე კონკრეტულად გაწერილი საკითხები არ არსებობს. ჩვენი ამოცანაა, დასახიჩრებული კონსტიტუციის გასწორება. პირველი, რაც უნდა მოხდეს, ეს არის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითუნარიანი. კომისია დაიწყებს მუშაობას იმაზე, რომ კონსტიტუცია იყოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესატყვისი და ყველა შტოს ჰქონდეს მკაფიო და კონკრეტულად გამიჯნული უფლებამოსილება. ამ კუთხით რა საკითხებიც წამოიჭრება დღის წესრიგში, იმ საკითხებს უნდა შევეხოთ. მიზანი არის, რომ კონსტიტუცია გასწორდეს. სხვა ტანზე სხვა თავი რომ არის დადგმული. ეს უნდა შეიცვალოს, ანუ პოლიტიკურ კონსტრუქციას დღეს ადევს სააკაშვილის თავი, რომელიც მისი მმართველობის დროს ნაციონალების საკონსტიტუციო უმრავლესობის თაოსნობით გაკეთდა. სამარცხვინოა, რომ დღეს ეს ადამიანები გველაპარაკებიან იმაზე, თურმე რა საშინელებაა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს კი არ არის საშინელება და საფრთხე, საშინელებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ტიპის უმრავლესობას იყენებს ბოროტად. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად წარმოადგენდა საფრთხეს, რადგან ეს იყო მხოლოდ ერთ კაცზე მორგებული გადაწყვეტილებების სისტემა.
- გასაგებია... სხვა თემებსაც რომ შევეხოთ... „თავისუფალი დემოკრატების" გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ?.. გაურიგდნენ თუ არა ისინი თქვენს გუნდს?
- არანაირი გარიგება არ ყოფილა. შეთქმულების თეორიის ძებნა ფუჭი დროის ხარჯვაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არ ისურვეს, მთლიანად გაემიჯნონ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი. რა გასაკვირია, რომ მათ საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მე უფრო ნინო გოგუაძის შეფასებები მაკვირვებს. საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს. მე ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც პრეტენზია აქვს ჰუმანიზმზე, ძალიან მიკვირს. სხვა თუ არაფერი, გუშინ ერთ გუნდში იყვნენ და დღეს ასე ლანძღავს ყოფილ თანამოაზრეებს. ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმომიდგენა. ეს არის განსხვავებული აზრის მიუღებლობა.
- სამთავრობო ცვლილებებზე რას გვეტყვით... მესმის, რომ კონკრეტულ გვარებს არ დამისახელებთ, მაგრამ საინტერესოა, იგეგმება თუ არა რეალურად რაიმე გადაადგილება მინისტრთა კაბინეტში?
- გარკვეული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ კონკრეტულად ამაზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ის არის უფლებამოსილი მთავრობის დაკომპლექტებაზე.
- სხვათაშორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენც აღმასრულებელი ხელისუფლებაში გადაინაცვლოთ და სწორედ ამიტომ არ იყარეთ კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად და მხოლოდ პროპორციული სიით შემოიფარგლეთ...
- ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. საკადრო საკითხებზე, იქნება ეს მთავრობაში თუ პარლამენტში, გუნდი იმსჯელებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- და აქვე მინდა გკითხოთ - რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით? ელოდით, რომ 27 პროცენტს მიიღებდნენ?
- არ მიმაჩნია, რომ მათი შედეგი არის სადღესასწაულო. თუ გავითვალისწინებთ, რომ 4 წლის წინათ არჩევნებზე 800 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა გაიფორმეს, დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. არ ვიცი, რა ახარებთ, არა მგონია, რომ რაიმე სადღესასწაულო განწყობის საფუძველი ჰქონდეთ. იმედი მაქვს ის ადამიანებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, მალე გააცნობიერებენ, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც შეიძლება კვლავ ანდო ქვეყნის მართვის სადავეები.
მირიან ბოქოლიშვილი