დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა ფოთლოვანი ხეები გახმობის მიზნით, სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2 ფოთლოვან ხე-მცენარეს ფესვიდან 60-70 სმ სიმაღლეზე, დაახლოებით 8-10 სმ სიგანით, შემოცლილი აქვს ქერქი.
ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის კვლევა მიმდინარეობს, ასევე, დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები.
დაზიანებული ხეების მდგომარეობას დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი პირადად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.