logo_geo
eng_logo
ჩიორა თაქთაქიშვილი: რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო?!
- +

5 ნოემბერი. 2016. 23:00


 

„ვფიქრობ, რომ ეს პარტია დიახაც, მხარდამჭერებისაა და არა რომელიმე ერთი ლიდერის ან ყველა ლიდერის ერთად, რადგან ლიდერები მიდიან და მოდიან",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ღია დიდკუსიაა  საჭირო.


„მოდი, დრო მივცეთ ყველას, მათ შორის ჩვენს თავსაც, მხარდამჭერებსაც, რომ მწვავე ემოციები განელდეს და დიახ, სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვკითხოთ ჩვენს თავს, რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო და რა არ უნდა გაგვეკეთებინა უკეთესი შედეგის მისაღწევად? რატომ დარჩათ ამ ადამიანებს შთაბეჭდილება, რომ პარტიაში ვიღაც გაიყიდა ან თბილი სავარძელი მოუნდა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება სხვა დროს არ დავტოვოთ?

 

ვფიქრობ, საჭიროა მცირე დრო ჩვენთვისაც და მხარდამჭერებისთვისაც ემოციების დასაცხრომად, საჭიროა ღია დისკუსიის დაწყება პრობლემურ კითხვებზე და არა გაბრაზებულზე პოლიტსაბჭოს მიერ ჩვენი უერთგულესი მხარდამჭერების „დაგმობა", „გაკიცხვა" და „პარტიის მტრებად" ჯგუფურად შერაცხვა იმ მიზეზის გამო, რომ მათ პარტიის ლიდერები facebook -ზე გალანძღეს (თუნდაც უსამართლოდ, სრულიად მიუღებელი ფორმით, უცენზურო სიტყვების გამოყენებით ან უსაფუძვლო არგუმენტებით). მხარდამჭერისგან იმის გამო გამიჯვნა, რომ საჯაროდ დაადანაშაულეს და პასუხისმგებლობა მარცხზე პარტიის ლიდერებს დააკისრეს, არის უბრალოდ „აზრის ცენზურა", ბოლშევიზმი ან ბანალური ძველბიჭური გარჩევა თვალებში ჩახედვით: „რა თქვი, ბიჭოოოო!"-ს სტილში. და ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულობასთან და არც საჯარო პოლიტიკის არსთან. რომელ ევროპულ დემოკრატიაში წარმოგვიდგენია მნიშვნელოვანი საარჩევნო მარცხის შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბოს და პირველი საჯარო განცხადება გაავრცელოს თავისი მხარდამჭერების დასაგმობად, ლიდერებს რატომ გვილანძღავთო?!

 

წინასწარ გავაფრთხილე კოლეგები პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომ მხარდამჭერებთან დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას ამ თემაზე. ზოგადად მირჩევნია სენსიტიურ პარტიულ გადაწყვეტილებაზე ჩემი პარტიის მხარდამჭერებს facebook-ით არ მოგმართავდეთ ხოლმე, მაგრამ იძულებული ვარ. სამწუხაროდ, პარტიაში დღემდე ვერ შევქმენით ჩვენს მხარდამჭერებთან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული პლატფორმა, თუმცა ეს ერთ-ერთი პირველი ამოცანა უნდა იყოს სამომავლოდ",- წერს თაქთაქიშვილი.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner