იტალიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფლორენციაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლებს პიროტექნიკას ესროდნენ, სანაცვლოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაოიყენეს.
შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
მომიტინგეები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები იმ შენობისკენ გაემართნენ, სადაც იტალიის დემოკრატიული პარტიის ყოველწლიური ყრილობა იმართებოდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები საკუთარ თავში სენატისა და რეგიონული პარლამენტების როლის დაქვეითებას გულისხმობს.
ინიციატივის მოწინააღმდეგეები განმარტავენ, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ძალაუფლების ერთ ადამიანში კონცენტრაციის საფრთხე იქმნება.
უკანასკნელი გამოკითხვების თანამად, მოსახლეობის უმეტესობა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს.