2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 მოქალაქე, უსახლკაროდ დარჩადა დაზარალდა 212 ოჯახი.
საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" დონორი ორგანიზაციის „ელ დი ეს ჩერითის" ჰუმანიტარული სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნული ოჯახების დახმარებისა.
ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეახვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ფავლენიშვილს. გადაწყდა, რომ აღნიშნული ამერიკული ორგანიზაცია იზრუნებდა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად და გამოყოფდნენ თანხებს მათთვის საოჯახო ტექნიკის შესაძენად.
რამდენიმე თვის განმავლობაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ადგენდნენ დაზარალებული ოჯახების სიას (ვისაც ოფიციალურად მიენიჭა „დაზარალებულის" სტატუსი).
2015 წლის დეკემბერში, 89 ოჯახი დადგინდა. საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" დაამყარა ურთიერთობა მაღაზიასთან შპს „ტექნო ბუმი", ამერიკულმა მხარემ მას გადაურიცხა პირველ ეტაპზე 50327 ლარი. 28 დეკემბრიდან დაიწყო მაღაზიამ საოჯახო ტექნიკის დაზარალებულთათვის საცხოვრებელ სახლებში მიტანა. ოჯახებს მაღაზიისგან გადაეცათ საგარანტიო წერილები. მეორე ეტაპზე დახმარება მიიღო 83-მა ოჯახმა (41775 ლარის ღირებულების ნივთები). მესამე ეტაპზე დახმარება მიიღო 40-მა ოჯახმა (20960 ლარის ღირებულების საოჯახო ტექნიკა). სულ დაკმაყოფილდა 212 ოჯახი. დონორმა ორგანიზაციამ გადარიცხა 113 062 ლარი. გაფორმდა დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები).
2016 წლის 12 თებერვალს ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, ასოციაციის ბუღალტერი ნონა სოსანაშვილი, „ელ დი ეს ჩერითის" ჰუმანიტარული სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში პეტ და კორლა მაკფარლენები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, კომისიის აპარატის თანამშრომლები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ეწვივნენ წყნეთს. წყნეთის ადმინისტრაციის შენობიდან მათ 40 ოჯახს გადასცეს საოჯახო ტექნიკა (წყნეთი, ახალდაბა).
ირაკლი ფავლენიშვილმა და მაია კვეზერელი-კოპაძემ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს სამთვიანი დაძაბული საქმიანობის შესახებ. რაოდენ წარმატებულია ისეთი პროექტები, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ საჯარა სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გადაწყდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" მომავალში კვლავაც ითანამშრომლებენ.