„ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად ისხდნენ ციხეში, უფლებები აღდგენოდათ", - ამის შესახებ შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული, „სახალხო ხელისუფლების" ლიდერი ლევან მამალაძე საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს სამართლიანობის აღდგენისთვის ვადას ოქტომბრამდე აძლევს. როგორც მამალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში „სკაიპით" ჩართვისას განაცხადა, „სახალხო ხელისუფლება" შეაგროვებს ყველა დაზარალებული ადამიანის საქმეს და მიაწვდის პროკურატურას, რათა დროულად მოხდეს საქმეების გამოძიება და ყოფილ პოლიტპატიმრებს უფლებები აღუდგეთ.
„ჩვენ ვაკეთებთ რეგისტრაციისა და აღრიცხვის ცენტრს, სადაც ყველა ადამიანს აღვრიცხავთ, ვინც რეპრესიები განიცადა და ეტაპობრივად მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ რეაგირება მოახდინონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ ოქტომბრამდე აქვთ ვადა, რომ ვითარება გამოასწორონ. ჩვენ იმ პროკურორებს ვაძლევთ საშუალებას, რომლებმაც გადაცდომები ჩაიდინეს, რომ გამოასწორონ სიტუაცია. ყველა მათგანის გვარი ცნობილია. მათ თავად უნდა გამოასწორონ საკუთარი გადაცდომა. უნდა დაასახელონ, ვისი დავალებით მოქმედებდნენ. ასევე მოსამართლეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოასწორონ დანაშაული, რომლის მიხედვითაც, ისინი უკანონოდ, პოლიტიკური შეკვეთით ადამიანებს ციხეებში უშვებდნენ. საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ პროცესს. აღვრიცხოთ ყველა საქმე და მივმართავთ ამ ადამიანებს, რომ კეთილი ინებონ და გამოასწორონ თავიანთი დანაშაული. მათ ვადა აქვთ მხოლოდ ოქტომბრამდე. შემდეგ აღარ ექნებათ საშუალება, თავი შეაფარონ ვინმეს ან რამეს", - განაცხადა ლევან მამალაძემ.