გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ნაბიჯი უკან და არცერთი ნაბიჯი წინ, ანუ საზმაუს საუბარი ყველაფერზე და არაფერზე",რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„30 ოქტომბრის საღამოს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი გადაცემა პირველ არხზე!" საზმაუზე არაერთგზის გაჟღერებულმა ანონსმა, რა თქმა უნდა, დამაინტერესა.
...ხელოვნური მცენარები, ისეთები, სასტუმროს ფოიეში, რომ გვხვდება, ხის ე.წ. ვინტაჟური სკამები, შუშის მაგიდა და ეკრანები, ინტერიერი უგემოვნოდ მოწყობილი სახლის ოთხს რომ მოგაგონებს, ეკლექტურს... კედლებზე ჩამოკიდებული ტელევიზორებში ჩანს რომის, პარიზის, პრაღის... ხედები, კიდევ პალმებიანი პლაჟები, სხვადასხვა ქუჩები, შიგადაშიგ თბილისის ხედებიც დავლანდე...
ეს ყოველივე რომელიმე „მეშჩანის" სახლი არ გეგონოთ, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სატელევიზიო სტუდია-პავილიონია, საიდანაც მიმდინარეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიმოხილვისთვის შექმნილი სპეციალური გადაცემა, რომელსაც წამყვან-ორგანიზატორთა წინასწარ „დაანონსებული" ჩანაფიქრით ამ „შესანიშნავ" და „გემოვნებიან", თანამედროვე დიზაინის მქონე სატელევიზიო სივრცეში ორსაათნახევრის განმავლობაში უნდა მიეჯაჭვოს მაყურებელი. არ ვიცი რამდენი „მიეჯაჭვა", მაგრამ მე თავიდან ბოლომდე ვაჟკაცურად გავუძელი. შიგა და შიგ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, თუ რა მრჯიდა, რატომ „ვიკლავდი" თავს...
სადღაც შუა გადაეცემისას გადავწყვიტე საზმაუსთვის „სამაგიერო" გადამეხადა დაკარგული დროის სანაცვლოდ და ამ სახელდახელო „რეცენზიით" მომავლის საქმე გამეკეთებინა, იმ გაგებით, რომ მეტი ასეთი სისულელე აღარ გავაკეთო და დრო ასე ფუჭად არ დავკარგო.
..გემოვნებაზე, რა თქმა უნდა, არ დავობენ, მაგრამ... ის კი გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ ამ სტუდიის „გაფორმებამ", ე.წ. „თანამედროვე" დიზაინმა, ამ „გემოვნებამ" ის სტილი და გარემო გამახსენა, რომლითაც 30-35 (!!!) წლის წინ, „პირველი არხის ეკრანზე „კეკლუცობდა" იგივე სახელწოდების გადაცემა-გელა ჩარკვიანის „გლობუსი".
თუმცა, უკაცრავად და, რა შედარებაა, გელა ჩარკვიანი და... გიორგი გვიმრაძე.
გავყვეთ „გლობუსს", ამჯერად ახალს (?!)
...თავად ეს გარემო პირველივე წუთიდან გვამცნობს, რომ საუბარი იქნება მშვიდი, აუღელვებელი, რადგან წარმოუდგენელია ასეთ გარემოში რამე სახის ვნებათღელვას ელოდეს მაყურებელი. მერე რა, რომ სტუდიის გარეთ ყველაფერი დუღს და გადადუღს-საარჩევნო უბნებში ხმებს ითვლიან და მეორე გადამწყვეტი ტურის მოლოდინში მოსახლეობის განწყობა უკიდურესად დამუხტულია. როგორც ჩანს, ამ დაძაბულობის „მოხსნისთვის" ფსიქოთერაპიულ ეფექტზე ზრუნავს პირველი არხი. და, რა თქმა უნდა, კეთილშობილური ჩანაფიქრი-ეს „მზრუნველობა" პოზიტიური აქტი უნდა იყოს: საზოგადოებრივმა არხმა უნდა დაამშვიდოს, დააწყნაროს „აჟიტირებული" აუდიტორია. უნდა ეცადოს მაყურებლის დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნები არ არის ნერვების დასაწყვეტად გამოგონილი „აქცია", რომ მისი აქტივობა, რომელიც, უწინარესად, არჩევნებში მონაწილეობით (!) და მის მიერ მოწონებულ-მხარდაჭერილი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ ხმის მიცემით გამოიხატება, ემსახურება მის უკეთეს „ხვალეს", ანუ ჩვენ მომავალ სიმშვიდეს (!!!).
თავდაპირველი განწყობა დადებითია, არხი თითქოს ცდილობს ამ მშვენიერი მიზნისკენ სწრაფვას, მაგრამ...
თანდათან იმის ეჭვი ჩნდება, არის კი ადექვატური გადაცემის წამყვანთა სურვილი იმისა, რისი მოლოდინიც აქვს ამ დღეს მაყურებელს? დღეს მას დამშვიდება და სულის შებერვა ამ გზით სჭირდება თუ იმ ინფორმაციის მიღებით, რასაც აგერ უკვე თითქმის ნახევარი წელია ელოდება და რამაც უნდა დაარწმუნოს იგი რომ, მმართველი პარტიის და მოქიშპე ძალების მეოხებით, ხელისუფლების, ანუ სახელმწიფოს უზრუნველყოფით შედგა გამჭვირვალე, პატიოსანი არჩევნები? ეგებ, სწორედ ამ ინფორმაციის მიწოდების ფორმებზე უნდა ეფიქრათ პირველარხელებს და თუ ეს „მიწოდება" ორგანულად ჩაჯდებოდა მათ სწრაფვაში და აღტკინებული აუდიტორიის ემოციები გადავიდოდა სიდინჯის, ობიექტური ანალიტიკის რელსებზე, აი, მაშინ კი იქნებოდა ეს მიზანი მიღწეული. მაგრამ იმისათვის რომ ამ რელსებზე გადაიყვანო მაყურებელი, თავად უნდა იდგე, ან გინდოდეს მაინც დგომა სწორ გზაზე...
ვფიქრობ, ამ ამოცანის შესრულება ვერ (არ) მოხერხდა, მიზნამდე გზა ბოლომდე ვერ (არ) გასრულდა. და ამას, ალბათ, ხელი შეუწყო გადაცემის „განსხვავებულმა" და ჯერ აქამდე „არქმნილმა" ფორმატმაც: სამი (!) არხი ერთდროულად იქნება წარმოდგენილი ერთ (!)არხზე-საზმაუზე. არ მინდა გავიზიარო ქვეტექსტი: ხომ უნდა შევახსენოთ მაყურებელს რომ ჩვენ მხოლოდ ერთ არხს კი არ „ვარჩენთ" ჩვენი (ანუ, თქვენი) ფულით, არამედ სამს და აი, ბატონო, ნახეთ როგორი სამი არხი გვაქვს: პირველი, მეორე და აჭარის ტელევიზია. და ისინი სამივე ერთად გამოჩნდა ეთერში. მეორე საკითხია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს „ხერხი", უფრო სიღრმისეულად, რატომ იყო აუცილებელი ამ სამ არხზე იმის გაშლა, რაც ერთ არხზეც სულ ადვილად, მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და მეტი ეფექტიანობით შეიძლებოდა გვეჩვენებინა და შედეგიც მიგვეღო? თან, ღიმილისმომვრელია ის, რომ ეს „ფოკუსი" მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა, მერე გვითხრეს, „თავპირიც გიმტვრევიათ" - ახლა აირჩეთ რომელი უფრო გაინტერესებთ და იმ არხზე გააგრძელეთ გადაცემის ნახვაო.
ძნელი სათქმელია, რომ იმ დაანონსებული თემატიკიდან და სტუმრებიდან, რომელიც ამ არხებმა შემოგვთავაზეს მაყურებელს რომელიმე განსაკუთრებული ინტერესით აერჩია, რადგან არც ერთი მათგანი არ გვთვაზობდა მთავარს - რა ხდება ახლა საარჩევნო უბნებთან, ვინ ლიდერობს, ვის რა მოლოდინი აქვს და საერთოდ რა განწყობაა პარტიების როგორც საარჩევნო შტაბებში, ისე უბრალო მოსახლეობაში, ამომრჩეველში.
ამის სანაცვლოდ კი რას დაეთმო ორსაათნახევრიანი ეთერი? პრაქტიკულად ყველაფერს და საბოლოო ჯამში არაფერს. თუმცა როგორ არა, ეს ეთერი დაეთმო იმის მცდელობას, რომ მაყურებელი (თუკი იმ საღამოს ვინმე შერჩა პირველ არხს) დარწმუნებული იყო მისი წამყვანების და განსაკუთრებით ახალი სახის, ვინმე გიორგი გვიმრაძის „მაღალ ერუდიციაში", „ყოვლისმცოდნეობაში", „სპეციფიკური ტერმინოლოგიის" ცოდნაში, ინტონაციურ დამაჯერებლობაში და უნივერსალურობაში.
დააბრალეთ ჩემს უცოდინრობას, არაინფორმირებულობას და კიდევ სხვა რამეს, რაც გინდათ, მაგრამ საინტერესო კია, საიდან გაჩნდა, საიდან მოვიდა ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, უმნიშვნელოვანესი გადაცემის წამყვანად პერსონა, რომელსაც აქამდე მაყურებელი არ იცნობდა და, აქედან გამომდინარე, მისდამი ნდობა, უბრალოდ, არ არსებობდა. არადა, ასეთი ტიპის გადაცემების წამყვანი, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ასეთ არაორდინარულ ატმოსფეროში, კი უნდა სარგებლობდეს ტელეაუდიტორიის ნდობით, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს კომპეტენციაზე, ერუდიციაზე, გამოცდილებაზე, ცნობადობაზე, რაც განსაზღვრავს კიდეც ნდობის ხარისხს.
...ისევ მივყვეთ თანმიმდევრობას, რათა უფრო კარგად გავერკვეთ იმაში თუ რას ეძღვნებოდა სინამდვილეში ეს საარჩევნოდ შემოთავაზებული პროექტი.
უშუალოდ არჩევნების დასრულების კონკრეტულ საკითხებს თამთა სანიკიძის ერთი მცირე ბლოკი დაეთმო, რომლის დროსაც, როგორც პირველკლასელებისთვისაც კი მოსალოდნელი იყო, რომ ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის ნებისმიერი კანდიდატი (ამჯერად, ნიკა რურუა) ისაუბრებდა არჩევნების გაყალბებაზე, ამომრჩევლის დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.
მოვემზადე იმისთვის, თუ როგორ მოითხოვდა წამყვანი (მაყურებლების სახელით) ჩვენთვის მეტისმეტად საინტერესო ინფორმაციას, ქონდა თუ არა ნაცმოელ რურუას ამ ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები... მაგრამ, რატომღაც, წამყვანი არ დააინტერესდა ამ თემით. არადა, ამ დღესაც, ისევე როგორც შემდგომ დღეებში, ოპოზიცია ატრიალებს და ატრიალებს ამ „ბრალდებებს", საზმაუდან კი არც იმ საღამოს და არც შემდგომ, არავითარი დაინტერესება. მისთვის მთავარი მაინც ის ყოფილა, აღიარებდა თუ არა რურუა-სავარაუდოდ უკვე დამარცხებული კანდიდატი არჩევნების შედეგებს ანუ იქნებოდა თუ არა... სკანდალი!
სკანდალის გაღვივებას კი „ცივი წყალი" გადაასხა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის ჩართვამ, რომელმაც, რა თქმა უნდა, უარყო ყველა ბრალდება და თქვა რომ ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, და რომ უკვე იცის რომ თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვა.
არც ამ „ნაადრევ" განცხადებას მოჰყოლია წამყვანის რეაქცია, თუმც, ბატონი კობახიძის დამაჯერებლობა, მაინც ითხოვდა დამატებითი და დამაზუსტებელი შეკითხვების აუცილებლობას.
ამ ორი ინტერვუდან პრაქტიკულად ახალი არაფერი გაუგია მაყურებელს, ყველაფერი რაც ამ ორი რესპოდენტის მიერ იყო ნათქვამი ადრეც ბევრჯერ თქმული და გაგონილი ქონდა მაყურებელს.
სამაგიეროდ ამის შემდეგ იწყება პირველ არხზე ის, რაც ძნელად თუ გაუგია და ან მოუსმენია მაყურებელს - ყოველ შემთხვევაში ისეთ ენაზე დაიწყო არხმა საუბარი, რომ სულ მცირე უცხო სიტყვათა ლექსიკონი მაინც მომარჯვებული უნდა ჰქონოდა, რომ გაეგო რაზე საუბრობდნენ არხის წამყვანი და მისი სტუმრები. თუმცა მხოლოდ უცხო სიტყვათა ლექსიკონი არ გეყოფოდა აზრის გასაგებად, აუცილებლად დაგჭირდებოდა სხვადასხვა მეცნიერებათა ტერმინოლოგიური ლექსიკონებიც და თუ ასეთებს ვერ მოიძიებდი, პულტი მაინც გვერდით გექნებოდა და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ისეთივე ქმედებას ჩაიდენდი, რასაც აქამდეც არა ერთხელ სჩადიოდი პირველ არხთან მიმართებაში - სხვა არხზე გადართავდი და ან მეტ ინფორმაციას მიიღებდი ან... დაისვენებდი მაინც.
მაგრამ, ვიმედოვნებ, ჩემსავით „განწირული" ვიღაც მაინც დარჩებოდა ამ არხზე იმის მოლოდინში, რომ ბოლოს და ბოლოს მას, ამომრჩეველს გააგებინებდა მისი ფულით დაფინანსებული პირველი არხის ჟურნალისტები შეასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და „გააგებინებდნენ" იმას, თუ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც მან და ათეულ ათასობით ამომრჩეველმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი (ესტუმრა მეორედ, ზოგიც - მესამედ, საარჩევნო უბნებს), რით დასრულდა მისი აქტივობა, ვინ გაიმარჯვა ან ვინ იმარჯვებს და... ამის გამო ვინ წუხს და ვის უხარია.
მაგრამ ამ მაყურებლის მოლოდინი სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. პირველმა არხმა 2 საათის განმავლობაშ ისაუბრა არჩევნების გარდა ყველაფერზე, რაც კი კაცობრიობას აწუხებს და რაც ჩვენთვისაც, როგორც კაცობრიობის ნაწილისთვის, ასევე, პრობლემურია. მაგრამ, რა შუაშია ეს თემები ჩვენი საპარლამენტო მეორე ტურთან?
ნამდვილად საინტერესო იყო ზოგიერთი სტუმრის მოსმენა, მაგალითად, ერთობ სასიამოვნო რესპოდენტია ბ-ნი პაატა ქურდაძე, მწრალი და პუბლიცისტი, გემოვნებით ჩაცმული, ინტელიგენტური გარეგნობის და ტკბილად მოსაუბრე, მაგრამ რას ვერჩოდით ბ-ნ პაატას და მაყურებელს რომ მისი საუბარი არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებულ გადაცემაში დავგეგმეთ? მიუხედავად იმისა, რომ პაატა ქურდაძე საინტერესო მოსაუბრეა, მისი საუბრის რიტმი, განწყობა და თემტიკა ემთხვეოდა კი იმ რიტმს, იმ ფსიქო-ემოციურ განწყობას რაც არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გააჩნდა ეკრანის წინ მსხდომ მაყურებელს?
ასეთი გადაცემა და ასეთი ტიპის დისკუსიები ალბათ მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ჩაცხრება ვნებათაღელვა, რაც დალაგდება მეტნაკლებად სიტუაცია და შესძლებელი იქნება საუბარი არა მხოლოდ ვარაუდებზე, არამედ რეალურ მოლოდინებზე. ამ დღეს კი ინტელექტუალური საუბრები, ბევრისთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით, სრულიად აცდენილი იყო იმ მოლოდინს, რაც ამ საღმოს გააჩნდა მაყურებელს - საქართველოს მოსახლეობას, სოფლად თუ ქალაქად. ვიმეორებ, ჩემი და ბევრი მაყურებლის სიპათიების მიუხედავად, ამ საღამოს ეთერში მისი სტუმრობა არა მომგებიანი, არამედ წამგებიანი აღმოჩნდებოდა არა მხოლოდ ამ არხისთვის, არამედ თავად რესპონდენტისთვისაც. არადა, არხი, ჟურნალისტები უნდა უფრთხილდებოდნენ ასეთ რესპონდენტებს, უნდა უქმნიდნენ მათ შესაბამის კომფორტს.
...თუმცა პაატა ქურდაძეთან საუბარი არაფერია იმასთან შედარების რაც მას უძღოდა წინ და რაც მოსდევდა ამ საუბარს შემდგომ.
არჩევნების „ინტელექტუალური" შეფასების პირველ ბლოკში გიორგი გვიმრაძის სტუმარი იყო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიის განითარებისთვის" წარმომდგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე. სავარაუდოა, რომ სტუმრის მოწვევა არჩევნების შეფასებისთვის განაპირობა მისი ორგანიზაციის დასახელების მეორე ნაწილმა - „მრავალპარტიული განვითრებისთვის". საზოგადოერივი მაუწყებელი ღიად თუ შეფარვით მიანიშნებს, რომ მრავალპარტიული განვითრება არის უფრო პროგრესული და დემოკრატიული ვიდრე ის, რაც ახლა მოხდა და ერთმა პარტიამ, შესაძლოა, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სხვა გამართლება ამ პიროვნების მოწვევას ალბათ არც ჰქონდა, რადგან პირველსავე შეკითხვაზე თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები და იყო თუ არა დარღვევები და როგორ აფასებდა ის ამ დარღვევებს, სტუმარმა უპასუხა, რომ მისი ორგანიზაცია არ იყო დამკვირვებელთა რიგებში და ისინი ეყრდნობიან საერთაშორისო და სხვა დამკვირვებლების დასკვნებს (?). ამის შესახებ, როგორც ჩანს არ იცოდა წამყვანმა და ამიტომ შეცვალა საუბრის თემატიკა და ყველა სხვა კითხვა ეხებოდა სრულიად განსხვავებულ და ხშირად არჩევნების მეორე ტურთან და, თუნდაც, პირველ ტურთნ დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად თამთა სანიკიძემ ისიც კი იკითხა, როგორ აფასებდა სტუმარი წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს. ნეტავ რას ელის წამყვანი ასეთი კითხვის დასმის დროს? რას უპასუხებს რესპონდენტი - დადებითად ვაფასებ, მივესალმები და რაც მეტს აჩვენებენ მით უფრო კარგიაო? რა თქმა უნდა ამ პატივცემულმა სტუმარმაც დაგმო ასეთი ჩანაწერების არსებობა და მათი საჯარო ჩვენება. აქვე ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ეს სერიოზული საუბარი მეტად მტკივნეულ და საჩოთირო საკითხზე მიმდინარეობდა მსოფლიო ქალაქების კოლაჟის ფონზე, რომელიც სტუმრის უკან დაკიდებულ ტელეეკრანზე გადიოდა. არა მგონია ამას რამე სიმბოლური ან პირობითი დატვირთვა ჰქონდა და გადაცემის რეჟისორს სპეციალურად შეერჩია ამ მიზნით ეს კადრები.
საზოგადოდ ერთი კითხვა უდაოდ გაუჩნდებოდა მაყურებელს ამ დიალოგის მიმდინარეობის თვალყურის დევნებისას. ნუთუ ეს ორგანიზაცია, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული განვითრებისთვის" არის ის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ყველა საკითხზე, რაც არსებობს ქართულ და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში? ნუთუ მისი მუშაობის პროფილი ეხება არჩევნებს, ნუთუ ის იკვლევს და შესაბამისად შეუძლია რჩევა მისცეს პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებს მომავალში უნდა გააგრძელონ თუ არა პოლიტიკური საქმიანობა და ა.შ.? ნეტავ, რას ელოდა წამყვანი ამას რომ ეკითხებოდა? ის რა, უპასუხებდა, უნდა დაიშალონ და გაქრნენო? და საინტერესოა, ამ პარტიებს ამ პატივცემული სტუმრის მოსაზრება სტიმულს მისცემს მომავალ საქმიანობაში? არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო, რომ ყველა ზემოთჩმოთვლილი საკითხი არის ამ ორგანიზაციის ინტერესის სფერო, მაგრამ მაუწყებელმა ამის შესახებ ხომ უნდა უთხრას მაყურებელს? ხომ უნდა განუმარტოს რატომ აფასებინებს ლევან ცუცქირიძეს არჩევნების მიმდინარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ორგანიზაცია მისივე თქმით, არ აკვირდებოდა ამ პროცესს? თუ ეს პიროვნება არის მნიშვნელოვანი ექსპერტი ამ საკითხებში, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მაყურებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებლისთვის არანაირად არ შეიძლება იყოს სარწმუნო მისი მოსაზრებები და შესაბამისად, მაუწყებლის მიმართ ნდობაც ამ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა რომ ეჭვქვეშ დადგეს.
კიდევ ორი ბლოკი იყო ეთერში, რომლებშიც საუბარი კი იწყებოდა არჩევნებით, მაგრამ ძალიან მალე თემა იცვლებოდა და... გრძელდებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხზე, რომელსაც მაყურებელი ვერც კი გაარკვევდა...რომელზე. ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირი რიგითი მაყურებლისთვის გაუგებარ საკითხზე, გაუგებარ ენაზე და გაუგებარი მიზნისთვის. რჩებოდა შთბეჭდილება, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენება მაუწყებელმა სპეციალურად ისე წარმოაჩინა, რომ მაყურებლის უმრავლესობა ვერ მიმხვდარიყო კარგია ეს თუ ცუდი, გვავნებს თუ გვასარგებლებს. წამყვანიც და სტუმრებიც ისეთ ტკბობას მიეცნენ საკუთრი მოსაზრებების საჯაროდ დემონსტრირების და ერთმანეთისთვის აზრის გაზიარების პროცესში, რომ სრულიად დაავიწყდათ ვისთვის საუბრობდნენ, როდის საუბრობდნენ და რატომ საუბრობდნენ, უკვე შუაღამეს მიტანებულ დროს, პირველი არხის ეთრში.
იგივე ითქმის გადაცემის ბოლო ბლოკზე, რომელიც, გიორგი გვიმრაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, დაეთმო „ჩვენი არჩევანის საერთაშორისო ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტს". გაფაციცებით ვუსმენდი რას ნიშნავდა ორი საათის განმავლობაში მრავალგზის წარმოთქმული ეს ფრაზა. მაგრამ ჩემი გამორჩეულად დაძაბული ყურადღების მიუხედავად ბევრი ვერაფერი გავარკვიე. ერთი კი გავიგე, რომ, თურმე, არსებობს ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, არავინ განმარტა რას ნიშნავს ეს? ასევე მოსახლეობის დიდმა პროცენტმა არ იცის რომ, თურმე, არსებობს მემარცხენე და მემარჯვნენთა შორის დაპირისპირება, რომ კიდევ არიან ცენტრისტები, რომლებსაც სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ. ასევე, მეეჭვება ბევრმა იცოდეს რას ნიშნავს ფისკალური პოლიტიკა დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ. საინტერესოა იმ შემთხვევაში თუ ამ ყოველივეს არ განმარტავს არც წამყვანი და არც სტუმრები, რატომ შეიძლება ეს ტერმინები და თემები საინტერესო იყოს მაყურებლისთვის? ვისთვის საუბრობენ სტუმრები - ერთმანეთისთვის თუ მხოლოდ წამყვანისთვის?
სამწუხაროდ მთლიანად ამ გადაცემის ენა, ლექსიკა, ალბათ, უფრო მიესადაგება სადისკუსიო კლუბს, სიმპოზიუმს, ან რამე სამეცნიერო „მრგვალ მაგიდას" და არამც და არამც სატელევიზიო მედიას, რაც გულისხმობს ენის სიმარტივეს, აზრის სისადავეს და საყოველთაო წვდომას, მით უფრო, არჩევნების მეორე ტურის დასრულების ღამეს.
საზოგადოებრივ მაუწყებელი, იმის მცდელობის მიუხედავად ეთქვა ახალი, განსხვავებული სიტყვა პოლიტიკური შოუს არქიტექტონიკის და მისი წაყვანის სტილისტიკის საქმეში, პრაქტიკულად აცდა თანამედროვე მოთხოვნებს, მაყურებლის დაკვეთას, არსებული დროის რეალურ რიტმს და, პრაქტიკულად, დაუბრუნდა იმ ძველ დროს, როცა სტუდიაში ლაპარაკობდნენ ყველაფერზე და... არაფერზე.
...შეიძლება ვინმესთვის საკამათო იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის ამ გადაცემის მსვლელობისას და, მით უმეტეს, დამთავრების შემდეგ, ცხადი გახდა , რომ ამ საღამოს პირველმა არხმა (წამყვანმა) გამოამჟღავნა ტელევიზიის კანონების (რბილად რომ ვთქვათ) მწირე ცოდნა. და ამ დებულების საილუსტრაციოდ, ორი მაგალითიც კმარა.
ჯერ ერთი: წარმოვიდგინოთ მაყურებელი, რომელიც ზის, გაფაციცებით ელოდება არჩევნების შედეგებს და ამ დროს პირველი არხი ესაუბრება იმაზე თუ ვინ უნდა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი, ქართველმა თუ არაქართველმა, რას ვასწავლით სკოლაში, პორნოგრაფიას თუ სხვას, როგორი საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს სკოლაში და როგორია ის საფრანგეთში და გერმანიაში. ეს ყველაფერი ზოგადად არ არის უინტერესო საკითხები, მაგრამ... ნუთუ ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად "მიმაჯაჭვა" საღამოს, ყველაზე ყურებად დროს (ტელეჟარგონით "პრაიმ ტაიმ"), ეკრანს არჩევნების შედეგების მომლოდინე, ისედაც აღელვებული, ერთობ დაინტერესებული მაყურებელი?
ახლა მეორე მაგალითი: როდესაც დაძაბული რიტმის, არჩევნებთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციების ბუნებრივი მოლოდინის რეჟიმში მყოფ მაყურებელს, სთავაზობ ზოგად საუბარს დემოკრატიის სტანდარტებზე, ექსპერიანსზე, მსაზღვრელ-საზღვრულზე, ზოგადსახელწიფოებრივ პოლიტიკაზე, ნეოფაშიზმზე, ევროსკეპტიციზმზე და ა.შ. როცა ამ გაგანია მოლოდინის სიტუაციაში ითხოვ ყურადღების კონცენტრაციას თემაზე : „ევროკავშირში გაერთიანება არის თუ არა სინამდვილეში ევროპასთან ინტეგრაცია?!"- რა კავშირშია ეს საკითხები ვაკეში, საბურთალოზე, მარნეულში, ხაშურში, მცხეთაში, ზუგდიდში, ბათუმში და სხვა „ცხელ" წერტილებში დეპუტატობის კანდიდატების დაპირისპირებასთან?
ახლა ჩვენ დავუსვათ შეკითხვა წამყვანს (არხს): „ევროკავშირთან გაერთიანება-ინტეგრაცია" არის მიზანი თუ ინსტრუმენტი?!"- აი, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი მისაღებად გამართეთ დისკუსია არჩევნების მეორე ტურის შედეგებისადმი მიძღვნილი გადაცემაში, თანაც, როდის? შუაღამისას?!
კი მაგრამ, პირველ არხს ხომ რამდენიმე სხვა გადაცემა აქვს, რომლებშიც ასეთი თემები მუდმივად შუქდება, ალბათ, კვლავაც გაშუქდება და, ამდენად, ამ თემებზე საუბრით ასეთი მიზნობრივი გადაცემის დატვირთვა, მხოლოდ მაყურებლის დაბნევას და დაეჭვებას რომ გამოიწვევს, ამაზე არ გიფიქრიათ?
რაც შეეხება დაეჭვებას, ეს ცალკე თემაა და ამაზედაც ღირს დაფიქრება. ასეთი გაუაზრებელი, თავსმოხვეული თემების ასე უდროო „გამოჭენება" დიახაც რომ აჩენს „დაკვეთილი" თემის ეჭვს, იმის ვარაუდს, რომ „ვიღაც" ცდილობს ამ გზით გადაფაროს უფრო მნიშვნელოვანი, უფრო „სახიფათო" თემა და მაყურებლის, ანუ საზოგადოების ემოცია სხვა გზით, სხვა კუთხით, სხვა სიბრტყისკენ წაიყვანოს. ის რომ, ამ ეჭვს, ამ ვარაუდს, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, რეალური საფუძველი ალბათ არ აქვს, კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ერთ, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს, არ აქვს უფლება ასე იფიქროს. ადგეს ახლა საზმაუს ხელმძღვანელობა და ამტკიცოს, რომ ... აქლემი არ არის!
მე, პირადად, მჯერა, რომ ასე არ არის, მაგრამ რა ვუყოთ იმ მაყურებლებს, რომელთაც რჩებათ საწინააღმდეგო შთბეჭდილება. ყველას ვუმტკიცოდ, რომ ამ ნაკლს პოლიტიკური სარჩული კი არ აქვს, არამედ მისი საფუძველი გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის „კეკლუცობაა", რომელსაც თავის პირველ მასშტაბურ ეთერში, სურდა მაყურებლის (ეგებ, ხელქვეითი კოლეგების) წინაშე თავმოწონება, იმის ჩვენება, რომ ის მაღლინტელექუალური და ყველა საკითხის უკიდურესად მცოდნე პერსონა (ხელმძღვანელი) გახლავთ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ტოკშოუს იდეალური წამყვანის შერჩევის ხანგრძლივი პროცესი დამთავრდა ახალი „დიმიტრი გელოვანის" არენაზე გამოჩენით.
(მცირეოდენი გადახვევა: საერთოდ, წამყვანების პრობლემა ერთერთი ყველაზე აქტუაალურია ჩვენი ტელეარხებისთვის და, აშკარაა, მათი შერჩევის კრიტერიუმები რადიკალურად გადასახედია. მსოფლიო ტელევიზიის გამოცდილება ამ საქმეში ამოსავალ წერტილად ინტელექტს მიიჩნევს. მერეა დანარჩენი!
ანუ, პირველი და უმთავრესი: ინტელექტი!!!! ჩვენთან?!.)
და ბოლოს, ვერ ვუძლებ ცდუნებას, არ გავამხილო ერთი პირადი მოსაზრება (რომელსაც, რატომღაც მგონია, რომ არც თუ ცოტა ვინმე იზიარებს): რჩება შთაბეჭდილება, რომ საზმაუს შიგ თუ მის გარეთ მოქმედი რაღაც ძალები (პერსონები, სტრუქტურები) ფარულად თუ ღიად ყველაფერს აკეთებენ, რომ პირველი არხი - სახელმწიფო სტრუქტურა, 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოწოდებული მუშაობდეს მაღალი პროფესიონალიზმის და ჟურნალისტური ეთიკის, უყოყმანო ობიექტურობის, დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების ურყევი განვითარებისთვის საჭირო პრინციპებით, იყოს ისეთი უღიმღამო, ისეთი უინტერესო, ზოგჯერ, პრიმიტიულიც კი, რომ ვერ შეძლოს სერიოზული კონკურენციის გაწევა ისეთი კერძო ტელეარხეებისთვის, როგორებიც არიან „იმედი", „რუსთავი-2", „ჯი-დი-ეს"...
საინტერესო კი არის ვის ინტერესებში შედის მცდელობა დააკნინონ დიდი ტრადიციების მქონე, ქართული ტელევიზიის მესაძირკვლე არხის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში. ვეჭვობ, რომ ეს დაკვეთა საზოგადოებიდან მოდიოდეს. რეალობის გარკვევა სხვა დროისთვის გადავდოთ, რამეთუ ამჯერად, გადაცემის კვალდაკვალ დაწერილ ამ გამოხმაურების მიზანი ეს არ არის.
არც ვინმე გიორგი გვიმრაძის პერსონალური კრიტიკისთვის გავრჯილვარ, მით უმეტეს, პიროვნულად არ ვიცნობ, ცუდი არაფერი გამიგია და, არც არასოდეს გადაკვეთილა ჩვენი გზები. მე მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკაში ვარ და ის ახლა „ასტუმრეს" ჩვენს პროფესიულ ოჯახს, თანაც უაღრესად მნიშვნელოვან - ჟურნალისტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმც, გაურკვეველია, განსაკუთრებით, მისი ტელედებიუტის შემდეგ, რა მონაცემების საფუძველზე... კოლეგებთან და დაინტერესებულ ადამიანებთან საუბარმა საზმაუს „სამზარეულოში" ჩამახედა და დამარწმუნა: 30 ოქტომბრის გადაცემის ჩავარდნა წამყვანის ბრალი კი არ არის, იმათი „მენეჯერული დანაშაულია", ვინც მას, აშკარა არაპროფესიონალს, გამოცდილებით და ინტელექტუალურად ასეთი საქმისთვის მოუმზადებელ პერსონას, ეს მძიმე ტვირთი აკიდა.
და არა მარტო მას.
ჰოდა, საბოლოო ჯამში მივდივართ მეტისმეტად სამწუხარო ლოგიკურ დასკვნამდე: საზმაუს მთელ მენეჯმენტს და „ბორდის" (წინა და ახლანდელი შემადგენლობის) უმრავლესობას იმის შეგნება-გაბედულება უნდა ქონდეთ, რომ აღიარონ: დროა დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლებში, რამეთუ...
პური მეპურემ უნდა აცხოს!
ავტორი: გიორგი ქობულაძე
5 ნოემბერი, 2016.წ. #207