პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს მიმართ გაფრთხილებად აფასებს. როგორც ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და ცდილობს, ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციებზე წამოაგოს. ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სიმშვიდისა და გაწონასწორებული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
„რა თქმა უნდა, კარასინის განცხადება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. უნდა ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ასეთი მკვეთრი განცხადება საქართველოსა და მისი ხელისუფლების მისამართით არ გამოუთქვამს. მგონია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ასევე ამ ყველაფერთან კავშირშია ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. რუსეთი შეშფოთებულია. რუსეთის მაღალ პოლიტიკურ წრეებში რაღაც პროცესები მიმდინარეობს, თუნდაც ის, რომ კარასინი ახლა რუსეთის მხრიდან მხოლოდ საქართველოსთან აღარ არეგულირებს ურთიერთობას და ის მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მგონია, რომ ეს იყო გაფრთხილება. რუსეთი რომ თავის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეცვლის, ამის ილუზია ალბათ არავის უნდა ჰქონდეს. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს საკმაოდ გაწონასწორებულად და მშვიდად უნდა შეხვდეს და არ წამოეგოს პროვოკაციებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.