ამერიკის ნევადის შტატ ქალაქ რენოში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცენიდან ჩაიყვანეს.
საფრთხე, რომელიც აგენტებმა შენიშნეს, არ საჯაროვდებოდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ტრიბუნას დაუბრუნდა.
„არავის უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მარტივი იქნებოდა. მსურს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ბი-ბი-სი"-ს კორესპოდენტის ჯეიმს კუკის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ტრამპი გაიყვანეს, დამსწრეთა შორის გავრცელდა ცნობა, რომ დარბაზში შეიარაღებულმა ადამიანმა შეაღწია. რეპორტიორის თქმით, ზოგიერთმა ადამიანმა შეკრების ადგილი დაუყოვნებლივ დატოვა. მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახურმა დარბაზიდან ერთი მამაკაცი გაიყვანა, თუმცა კუკის ინფორმაციით, ცნობილი არ არის ჰქონდა თუ არა აღნიშნულ პირს რაიმე კავშირი შემთხვევასთან.
მოგვიანებით შესაბამისმა უწყებებმა განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ დარბაზში იარაღი ვერ აღმოაჩინეს, ინციდენტი კი იმან გამოიწვია, რომ სცენასთან ახლოს მდგარმა ადამიანმა დაიყვირა „იარაღი". ქმედების მოტივი უცნობია.