logo_geo
eng_logo
2007 წლის 7 ნოემბრიდან 9 წელი გავიდა
- +

7 ნოემბერი. 2016. 11:44



2007 წლის ავბედითი 7 ნოემბრიდან 9 წელიწადი გავიდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.



2007 წლის 7 ნოემბერს, დილით ადრე, პარლამენტის შენობასთან, სადაც ანტისახელისუფლებო აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებში გადაცმულმა სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოშიმშილე პროტესტანტები დაარბიეს.


მოშიმშილეთა დარბევის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის გამოც მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კონფლიქტი მოხდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მომიტინგე დააპატიმრეს, ხელისუფლებამ ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც შემდგომ აღინიშნა, სრულიად უკანონოდ. მხუთავი და ცრემლმდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებში გაუშვეს, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებნიც მოიწამლნენ. 


მოგვიანებით ოპოზიციამ დარბეულ მომიტინგეებსა და მოქალაქეებს რიყეზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. სპეცრაზმელებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს.



აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ბრალი დასდეს საპროტესტო აქციის უკანონოდ დაშლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას სახით, ძალადობის ინსპირირებაში ოპოზიციის ლიდერები დაადანაშაულა.




7 ნოემბერი მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაშლით არ დასრულებულა. დღის ბოლოს, რვა საათზე პოლიცია ტელეკომპანია „იმედის" შენობაში შევიდა, ტელეკომპანიასთან შეკრებილი პროტესტანტები სპეცრაზმმა რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლმდენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის სხვებთან ერთად „იმედის" ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საზოგადოებას გააცნო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომლის თქმითაც, შეიზღუდება მხოლოდ ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მოწოდება და არავითარ შემთხვევაში, ზოგადად, სიტყვის თავისუფლება.



7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner