logo_geo
eng_logo
„მოდი ჩემს საფლავზე და განგკურნავ“ - მამა პაისი, რომელიც სასწაულებს ახდენს
- +

7 ნოემბერი. 2016. 12:05



სიკვდილის შემდგომი სასწაულები. ავადმყოფი სხეულის დატოვების შემდეგ მამა პაისის შეუძლია უფრო ადვილად ისწრაფოს მხმობლისკენ. ზოგჯერ უცნობებთან და გულგრილებთანაც კი მიდის. ევედრებიან მას, რადგან სწამთ მისი სიწმინდისა. ბერის საფლავი ბევრისთვის მადლისა და კურთხევის წყაროა. ის იქცა ახალი სილოამის საბანელად, სადაც მრავალი კაცი იკურნება და მრავალი სასწაული ხდება. ბერი განსაკუთრებით შეეწეოდა კიბოთი სნეულებსა და ეშმაკეულებს. ბევრ ავადმყოფს ეცხადებოდა საავადმყოფოში. მამა პაისის სიკვდილის შემდგომი სასწაულების აღწერა მთლიანად შეუძლებელია. მოგითხრობთ რამდენიმე ამბავს.


კეთილსურნელება. მამა პაისის კეთილსურნელების მადლმოსილი ნიჭი გარდაცვალების მერეც არ გამქრალა. კეთილსურნელებას შეიგრძნობენ მის საფლავთან მუხლმოყრილნი, ათონზე, მისი კელიის სტუმრები. ზოგიერთს უგრძნია მამა პაისის კუთვნილ ნივთთაგან მომდინარე სურნელი.


ერთი ღვთისმოშიში მომლოცველი ემთხვია „პანაღუდას" ტაძარში ხატებს, გამოვიდა დერეფანში და უეცრად თითქოს გაიჟღინთა უჩვეულოდ ძლიერი კეთილსურნელებით. შესაძლოა, ეს იყო ნიშანი მამა პაისის სიახლოვისა ანდა ღირსი მამა ამგვარად „მიესალმა" მომლოცველს.


„მამა პაისის გარდაცვალების წელს, - ჰყვება მამა ა.კ., - „პანაღუდას" კელიის ხატობაზე ლიტურგია შესრულდა. ლიტურგიისას ვგრძნობდი კეთილსურნელებას, რომელიც ყუთლუმუშის მონასტრამდე მომყვა".


ბატონი ვასილი ცოლაკისი მოგვითხრობს: „2001 წელს ჩემმა მეუღლემ, ელენემ სალონიკში ჩვენი ვაჟი, ნიკოლოზი წაიყვანა სამედიცინო გამოკვლევაზე - ის თირკმელების აზვესტოურიით იტანჯებოდა. ცოლმა გზად წასაკითხად მამა პაისის ერთ-ერთი წიგნი წაიღო. უეცრად გადაშლილი წიგნიდან კეთილსურნელება ამოვარდა, რომელიც პატარა ნიკოლოზმაც შეიგრძნო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. მას მერე ის თავს მშვენივრად გრძნობს. ჩემი მეუღლე კი მამა პაისის წიგნს არ იშორებს".


ეშმაკის განდევნა. სალონიკელი ევანგელოსი ჰყვება: „12 წლიდან მტანჯავდა ეშმა. მიკითხავდნენ შეფუცვის ლოცვებს, რომლის მერეც ნაცემივით ვრჩებოდი. მოძღვარმა მაკურთხა, დიდმარხვის პირველ შაბათს, 1995 წელს, მასთან ერთად წავსულიყავი სუროტაში, ღამისთევის ლოცვაზე. გამგზავრებამდე უჩვეულოდ ძლიერ ბრძოლას ვგრძნობდი. მთელი ღამისთევის მანძილზე თვალი არ მომიხუჭავს. ვიჯექი იატაკზე შუა ტაძარში, გარშემო მონაზვნები იდგნენ. ღამისთევის ლოცვის შემდეგ მღვდელმა იწყო წყალკურთხევის პარაკლისის გადახდა. როცა წმინდა არსენ კაპადოკიელის ნაწილების სამთხვევად მიმიყვანეს, ცოფიანს დავემსგავსე. პირველად ვიგრძენი, რომ ეშმაკი არა მარტო სულს, სხეულსაც მიწვავდა. ახლა, როცა ამას ვწერ, თმა ყალყზე მიდგება. გაჭირვებით ამოვთქვი: „პაი... პაი..." იღუმენიამ მკითხა: „პაისი?" თავი დავუქნიე. ამის მერე უსაშინლეს კრიზისში ჩავვარდი. მიმიყვანეს საფლავთან, იქ სამჯერ დავიყვირე „წმინდანი!". გაქცევა მინდოდა. გავუსხლტი ხალხს ხელიდან, ძალით დამაწვინეს მამა პაისის საფლავზე. ანაზდად დავინახე მამა პაისი. თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, წამოდგა. ცოცხალი იყო და არა მკვდარი, ისეთივე წვერით, ანაფორით. ხილვა რამდენიმე წამი გაგრძელდა. ბერმა ხელი დამადო შუბლზე. ამ დროს პირიდან შავი კვამლი გამომივიდა. დავმშვიდდი, ოღონდ ხორციელმა ტკივილმა მაშინვე არ გამიარა. დავიძინე, მაგრამ ტკივილმა რამდენჯერმე გამაღვიძა. ამის მერე ორმოცი დღე ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, რომ სულ ვტიროდი. მაშინ ვთქვი ერთი ძალზე კადნიერი სიტყვა: - ღმერთო ჩემო, არ დავეძებ, ძველებურად რომ ვიტანჯებოდე, ოღონდ ეს სიხარული კიდევ ერთხელ, თუნდაც წუთით განვიცადო-მეთქი".


ყრმის გადარჩენა. სალონიკის ახლოს, სოფელ კესარიის მრევლის მღვდელი, დეკანოზი ქრისტოს ცანდალისი, ცხრა შვილის მამა, ჰყვებოდა: ბავშვები ჩვენი სახლის მოლიპულ სახურავზე თამაშობდნენ. განათების შახტების ლუკები ღია იყო და მათ ახტებოდნენ. ჩემმა ექვსი წლის ვაჟმა, რომელიც ჯერ ვერ ლაპარაკობდა, მოისურვა გადახტომა, მაგრამ შახტში ჩავარდა, მეოთხე სართულიდან პირველზე. გაფითრებულმა გავაღე შახტის კარები და შიშით ფერდაკარგული ბავშვი მთელი და უვნებელი ვიხილე. წავიყვანე საავადმყოფოში. ბავშვს განაკაწრიც კი არ ეტყობოდა. მივხვდით: სასწაული მოხდა. ვიფიქრეთ, ბავშვი ჩვენი სოფლის მფარველმა ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინაო. მივიყვანე ხატებთან და ვკითხე: „ამან გადაგარჩინა?" - არაო და მამა პაისის ფოტოსთან მიმიყვანა.


ძილში გამოეცხადა. ეკატერინე პატერა მოწმობდა: „ოსტეოპოროზით ვიტანჯებოდი. დავიწყე ექიმის გამოწერილი აბების სმა. რამდენიმე დღეში ათი კილო დავიკელი. ძალზე გამიჭირდა, გამოვიფიტე. ერთხელ, ძილის წინ, შევხედე მამა პაისის ფოტოს - მამაო, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გამომეცხადა და მითხრა: - შენთან მოვედი, რადგან მეძახდი. კარგად წაიკითხე ის ფურცელი, რომელიც დევს აბებიან კოლოფშიო. ამის მერე ის გაქრა. წავიკითხე - სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ყოფილიყო.


მამა პაისი ჩვენს გვერდითაა, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ".


სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება. ბატონი ნიკოლოზ ქსინარისი ჰყვება: სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისში დავამთავრე სამუშაო, იარაღს ვკრეფდი და მანქანაში ვაწყობდი. ბინდდებოდა, ცუდად ჩანდა ირგვლივეთი. იქვე გაჭიმულ სარეცხის ფოლადის მავთულზე ფოლადისავე წვერმახვილი კაუჭი იყო. უნებურად კაუჭს თვალით წამოვეგე. ადგილზე გავიყინე. დავიყვირე. ოჯახის პატრონი გამოვარდა. ვთხოვე, საკვნეტელა მოეტანა, რომ მავთული მოეჭრა და მერე საავადმყოფოში წავეყვანე.


სანამ ის საკვნეტელას ეძებდა, გამახსენდა ჩემი შვილები და ავტირდი. არ მინდოდა, მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ. უეცრად ჩემს წინ გამხდარი, შავანაფორიანი კაცი აღიმართა. ჯვარი გამოვისახე, შემაჟრჟოლა. ვიგრძენი, როგორ მომკიდა ყბაში ხელი და თავი ზემოთ ამაკვრევინა. კაუჭი თვალიდან გამომვარდა.


სახლის პატრონმა ტრავმატოლოგიურ პუნქტში წამიყვანა. ექიმებმა გამსინჯეს. გუგაზე ჭრილობის ნაკვალევი არ ჩანდა. მალამო მაინც მომცეს - თვალზე სამი-ოთხი დღე სახვევი აიფარეო.


მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და კედელზე იმ კაცის ფოტო დავინახე, რომელიც გამომეცხადა. მაღაზიის მეპატრონეს ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ცნობილი მონაზონია, მამა პაისიო. ამ სურათის ყიდვა მოვისურვე, მან კი ბერზე წიგნი მაჩუქა.

 

სიახლოვე ბერისა. ერთ-ერთმა მომლოცველმა გვიამბო: "მამა პაისის სიცოცხლეში მომლოცველთა დიდ ჯგუფთან ერთად მთაწმინდაზე მოვედი. ივერიის მონასტრიდან გამოვედით მამა პაისის მოსანახულებლად. სამწუხაროდ, გზა აგვერია და კელია ვერ ვიპოვეთ. 1998 წელს კვლავ მივედით ათონზე. ბერი უკვე გარდაცვლილი იყო. ვწუხდი: რატომ არ შევხვდი მაშინ მოძღვარს. მარტო მისი კელიის ხილვამ ამხელა სიხარულით ამავსო და რამხელა კურთხევა იქნებოდა მისი გაცნობა. ეტყობა, უდიდესი ცოდვილი ვარ, რომ ღმერთმა ამ წყალობას მომაკლო-მეთქი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. ჩავედი ფართო, ივერონისკენ მიმავალ ქვით მოკირწყლულ ბილიკზე. უეცრად ვიგრძენი, ვიღაცის ძლიერი ხელი მომეხვია, შემდეგ მხარზე ალერსიანად წამომარტყა (ისე, როგორც ჩვევად ჰქონდა მამა პაისის, - კ.კ.) და მანუგეშებელი ხმა გავიგონე: "აბა, ყმაწვილო, ახლა კი წარვედ ღვთისა მიერ". ირგვლივ მიდამო კეთილსურნელებით აივსო. გულში გამოუთქმელი სიხარული დამიტრიალდა, რომელმაც ძველი მწუხარება მთლიანად განდევნა. თუმცა ბერის სახე არ დამინახავს, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უკვე გავიცანი".


ბერის შეწევნა სატრანსპორტო შემთხვევებისას. ათონის მცხოვრები, წარმოშობით კალამატელი ს. თავისი მანქანით იანინაში მიდიოდა. გზაზე შეეჯახა შემხვედრ მანქანას, მანქანა დაიმტვრა, თვითონ კი თავის ქალას ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა.


უცებ დაინახა ნათელი ღრუბელი და მასში - მოხუცებული მონაზონი. ს. არაეკლესიური იყო. ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე ერთმა ნაცნობმა მოუთხრო მადლმოსილ მამა პაისიზე. ხილვით შეძრულმა კაცმა უნებურად ჰკითხა ბერს: "მამა პაისი ხარ?" ბერმა არ უპასუხა. გაუღიმა, თავზე ალერსიანად მოუთათუნა ხელი და დაამშვიდა: - ნუ გეშინია, გამოკეთდებიო.


ს. გონს მოვიდა. მთლად დარწმუნებული არ იყო, რა ერქვა იდუმალ მნახველს, მისი ნათქვამი იწამა. ეს ამბავი ექიმებსაც მოუყვა. ექიმები გაკვირვებულნი ამბობდნენ, ეს აუხსნელი გამოკეთება მართლაც ღვთიური სასწაულიაო!


როცა ს. საავადმყოფოდან გამოწერეს, წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი ერთი წიგნის გარეკანზე თავისი გადამრჩენელი შეიცნო. იყიდა და წაიკითხა. მამა პაისის გამოცხადებამ არა მარტო ხორციელად განკურნა, სულიერადაც შეცვალა. მან შეწყვიტა ცოდვიანი ერისკაცული ცხოვრება. ამბობდა, ვეღარ ვიცხოვრებ ძველებურად, რამეთუ მახსენდება მოღიმარი ნათელი სახე ბერი პაისისაო.


ერთი მთაწმინდელი მონაზონი ჰყვება: ერთხელ „პანაღუდაში" ორი ერისკაცი მოვიდა. ხატებს ემთხვივნენ და გვთხოვეს, მამა პაისიზე რამე მოგვიყევითო. მოვუყევით. როცა ვახსენე ავარიისას შეწევნა, ერთ-ერთი მომლოცველის თვალებში ცრემლები აკიაფდა. მიუბრუნდა მეგობარს და აღელვებულმა უთხრა: „ხედავ, ავარიის დროსაცო!" მისმენდა, თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა: „მეც ღრუბლით გამომეცხადა!" და მოკლედ მიამბო თავის სასწაულებრივ გადარჩენაზე: „120 კმ სიჩქარით მივქროდი მოტოციკლით. ტაქსის შევეჯახე და ზედ გადავაფრინდი... უეცრად ჩემს წინ ნათელი ღრუბელი გაიშალა, რომელშიც გამომეცხადა მონაზონი... და აი, მიუხედავად ასეთი საშინელი შეჯახებისა, უვნებელი გადავრჩი. ცოლმა მითხრა: „წიგნებში, ფოტოებში მოძებნე, იქნებ იცნო, რომელმა წმინდანმა გადაგარჩინაო". მამა პაისის ფოტო პირველად ერთ-ერთ კალენდარზე ვიხილე".


ერთი ღვთისმოშიში მღვდელი ჰყვებოდა: „ერთმა ახალგაზრდამ მითხრა: - მამაო, გუშინ სიკვდილს ღმერთმა გადამარჩინა. მოტოციკლეტით დიდი სიჩქარით მივქროდი, მანქანას დავეჯახე. ვიღაც ბერიკაცმა მარჯვენაზე ხელი ჩამჭიდა და გადამარჩინაო.


ზოგიერთი წმინდანისა და თანამედროვე მამების ფოტოები ვაჩვენე. მამა პაისის დანახვისას აღელვებულმა დაიყვირა: „ეს ის არისო". რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდა და მომიყვა, რომ იმ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, რომელიც ავარიის დროს ეცვა, მაცხოვრის ხატი და მამა პაისის სურათი აღმოაჩინა. ჯიბე სწორედ იმ ადგილას იყო, სადაც მამა პაისიმ ავარიისას ხელი ჩასჭიდა. სურათი და ხატი კი დედამისს ჩაედო ჩუმად ჯიბეში".


ეშმაკეულის განკურნება. 1996 წელს სუროტის მონასტრის საეკლესიო მაღაზიაში იყვნენ გამყიდველი მონაზონი, ცოლ-ქმარი, პატარა გოგონასა და მოხუც კაცთან ერთად, აგრეთვე ორი შუახნის ქალბატონი და ერთიც ახალგაზრდა კაცი. ერთ-ერთი შუახნის ქალი იატაკზე დაეცა, ღრიალი და ბორგვა დაიწყო და მამაკაცური ხმით ყვიროდა: „ჭკუას გასწავლით იმისთვის, რომ არ მიჯერებთ!.. ძალიან ცოტა დარჩა. ხელზე ყველას 666-ს დავასვამთ... ყველანი თაყვანს მცემთ... იდიოტებო, არამზადებო..." შემდეგ კი შეშინებული აყვირდა: - პაისი, მწვავ! გინდა, უკან, ტარტაროზში გამგზავნო! ეს არამზადა ქალიც სულ მონასტერში დამათრევს... რატომ ეხმარები? შენ მე მწვავო. აშკარად ჩანდა, ეშმაკი აწუხებდა, - მერე განაგრძო, - ახლა მარიამი მოვიდა!.. შენ მწვავ, პაისი. უეცრად ბორგვა შეწყვიტა, გონდაკარგულს ჰგავდა.


შიშით მიუახლოვდნენ, ქალებმა ტანსაცმელი მიაფარეს. უეცრად მან თვალები გაახილა და მშვიდად და ჩუმად ატირდა. სიღრმით გულისათ აღმოთქვამდა მადლიერების სიტყვებს: „გმადლობ შენ, მამაო... გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო..." მივიდა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატთან, მუხლი მოიდრიკა და მადლობა შესწირა. მერე კი თანამგზავრთან ერთად წავიდა. წასვლის წინ მონაზონს მოუყვა, რომ წინა ღამეს მას, ეშმაკეულს, გამოეცხადა მამა პაისი და უთხრა: მოდი ჩემს საფლავზე და განგკურნავო. ასეც მოხდა.

 

ავტორი: კახაბერ კენკიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner