logo_geo
eng_logo
ბავშვის ძილის ოქროს წესი ერთი ქართველი დედისგან
- +

7 ნოემბერი. 2016. 12:18




ღამის ძილი ახალბედა მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ზოგი ბავშვი ძილის თანდაყოლილი „ნიჭით" იბადება, ხოლო ზოგს ცოტა ხელის შეწყობა სჭირდება. „ძილის სწავლება" ნიშნავს ბავშვის მშობლის გარეშე, დამოუკიდებლად დაძინების უნარს.


დაბადებიდან 2-3 თვე ახალშობილი გარე სამყაროსთან ადაპტაციას გადის. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ძილის სწავლება დაახლოებით 3 თვიდან დავიწყოთ.


აი, რას გვირჩევს ერთი ქართველი დედა, მარიკა შორთლანდი, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს.


„დიდი ხნის უძილო ღამეების შემდეგ, როცა ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემი 6 თვის შვილი მაინც 3-4-ჯერ იღვიძებდა ღამეში - გადავაწყდი ამერიკელი ფსიქოლოგისა და ძილის სპეციალისტის, დანა ობლემანის წარმატებული ძილის პროგრამას - შლეეპ შენსე, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.


ჩვენ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ძილის ღრმა ციკლიდან გამოვდივართ და ვიღვიძებთ. ეს პროცესი იმდენად უმნიშვნელო და ბუნებრივია, რომ უმეტეს შემთხვევაში არც გვახსოვს. პატარების ძილის ციკლიც დაახლოებით 45-90 წუთისგან შედგება. შემდეგ ისინი გამოდიან ღრმა ძილის ფაზიდან და უნდა შეიბრუნონ ძილი.


ბევრი მშობელი რწევას, კვებას და სხვა მეთოდებს მიმართავს და შემდეგ დაძინებულ პატარას ლოგინში აწვენს - ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.


 

თუ პატარას ჩაეძინა მშობლის ხელებში რწევისას, ძუძუს ან ბოთლის წოვისას - როცა გაიღვიძებს, უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ის სხვა გარემოში და იწყებს ტირილს, ხოლო თუ იგი დამოუკიდებლად დაიძინებს თავის საწოლში და ღამით გამოფხიზლდება, მან ზუსტად იცის, სადაცაა და ეცდება დამოუკიდებლადვე ძილის შებრუნებას.


ამრიგად, პატარა მანამ უნდა მოვათავსოთ ლოგინში, სანამ ის ჯერ კიდევ ფხიზელია.


აუცილებელია გვქონდეს ე.წ. რუტინა - წესები, რომლებსაც თანმიმდევულად შევასრულებთ ყოველ ძილის მოახლოების დროს.


ღამის რუტინა შეიცავს 15-30 წუთის განმავლობაში პატარას ძილისთვის მომზადებას, ეს შეიძლება იყოს: რძის მიცემა, ბანაობა, გამოცვლა, მასაჟი, ჩახუტება. არ არის რეკომენდებული: ტელევიზორის ყურება და ზედმეტი გართობა, ძილის მოახლოებამდე უნდა მივცეთ მას მოდუნების საშუალება.

 

 

ღამით გაღვიძებისას - აუცილებელი არაა, მაშინვე მივიდეთ და ავიყვანოთ ხელში. ვაცადოთ 2-3 წუთი და მხოლოდ შემდეგ მივიდეთ მასთან და ხელით ცოტა ხანი მოვეფეროთ და დავტოვოთ. თუ იგი მაინც არ დაწყნარდა, მაშინ ამოვიყვანოთ, დავამშვიდოთ და ისევ უკან ჩავაწვინოთ. თუ 2-3 საათია გასული, 3-6 თვემდე ბავშვს შეიძლება მოშივდეს და უნდა შევთავაზოთ საკვები. დღითი დღე ვეცადოთ ამ დროის გახანგრძლივებას, განსაკუთრებით 6 თვის შემდეგ - ამ ასაკის პატარებს თითქმის არ სჭირდებათ ღამის კვება - მათ უბრალოდ გამომუშავებული აქვთ ეს ჩვევა.


რა თქმა უნდა, ძილის სწავლების პროცესი არ მოხდება ერთ ღამეში. საშუალოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი 7-დან 14 ღამემდე გაგრძელდება. ჩემს შემთხვევაში 9-10 ღამე გაგრძელდა და 7 თვიდან ჩემს შვილს მინიმუმ 12 საათი სძინავს ღამეში.

 

 

წარმატებული ღამის ძილის სხვა აუცილებელი ატრიბუტები არის:


ძილის დრო - 19:00 - 20:00 საათამდე არის საუკეთესო დრო პატარას ძილისთვის მომზადებისთვის. ზოგს ჰგონია, რომ რაც უფრო გვიან დაიძინებს ბავშვი, მით უფრო გვიან გაიღვიძებს. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. პირიქით, ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ხარისხზე. წლამდე ბავშვს 12-14 საათი უნდა ეძინოს.


სიბნელე - არსებობს მითი, რომ ბავშვებს სიბნელის ეშინიათ. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. სიბნელეში ტვინში გამოიყოფა ძილის ჰორმონი მელატონინი და ეხმარება პატარას დაძინებაში. ღამით ბავშვის გაღვიძებისას კი ოთახში უნდა ავანთოთ რაც შეიძლება დაბალი შუქის მქონე სანათი, რომ არ გამოვაფხიზლოთ იგი.


საკუთარი ოთახი - 3 თვიდან ბავშვი შეიძლება გადავიყვანოთ საკუთარ ოთახში (თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გვაქვს). პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილის მშობელთან ერთად წოლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელია, თავიდანვე მიაჩვიოთ პატარა საკუათარ ლოგინს.


ბავშვის ლოგინი და ოთახი კი უნდა იყოს სადა და არა გადატვირთული სათამაშოებით და ჭრელი ნივთებით. ეს იწვევს ძილისგან ბავშვის ყურადღების გადატანას. ზოგ ქვეყანაში კი ე.წ. „ბამპერებიც" (საწოლის გვერდებზე მიმაგრებული ბალიშები) აკრძალულია, რადგან ისინიც ჩვილის სიკვდილინობასთანაა დაკავშირებული. მოკლედ, ახალშობილის საწოლიდან უნდა მოაშოროთ ბალიშები, გადასაფარებლები, სათამაშოები და ზედმეტი ნივთები.


სიცხე ან სიცივე - საქართველოში განსკუთრებით უყვართ ბავშვის ე.წ. „ჩაფუთვა". გადახურებული ბავშვი არა მხოლოდ არ დაიძინებს, არამედ სიცოცხლის რისკის წინაშე დგას. რადგან პატარებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის ტემპერატურის რეგულირება, ისინი ადვილად ხურდებიან და პირიქით. თუ ბავშვის სხეულის ტემპერატურის გაგება გვსურს, მას გულმკერდზე უნდა დავადოთ ხელი და არა ხელებზე და ფეხებზე.


ოთახის იდეალური ტემპერატურა არის 20-23 გრადუსი. ამ დროს კი ბავშვს უნდა ეცვას ე.წ. ბოდე და საძილე კოსტიუმი. ასევე შეგიძლიათ თხელი ბამბის გადასაფარებელიც დააფაროთ".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner