„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა და ამის შესახებ როგორც გიორგი ვოლსკი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც საქმის კურსში არიან.
„საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა. ეს იცის ყველამ და ეს იცის გია ვოლსკიმაც. მეტს გეტყვით, გარდაბანში, სპეცუბანზე თინა ხიდაშელმა კვლავ გააყალბა შედეგები და ხმები მისთვის სასურველი პროპორციით გაანაწილა. მოკლედ, კვლავ შეგვაყარა თვალში ნაცარი. ამაზე ბევრი მითქვამს და ახლა აღარ ვილაპარაკებ. არჩევნების გაყალბება უმძიმესი დანაშაულია. გამყალბებელი ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს. მესმის, რომ ვოლსკი უმრავლესობის ერთ- ერთი ლიდერია და უმრავლესობის მუნდირს იცავს, მაგრამ ტყუილის დაცვა არც სიკეთეა და არც ვაჟკაცობა. მინდა ეს გააცნობიეროს და გაითვალისწინოს ბატონმა ვოლსკიმ. გოგი თოფაძის ქმედება კი კაცურიცაა, ვაჟკაცურიც და დასაფასებელიც. რაც შეეხება ძმებ სტუკაჩოვ- ბერძენიშვილებს, ეს ხომ ცალკე ამბავია..."- აღნიშნავს ინაშვილი.
გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს გამგებლის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამის გამო, „რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გოგი თოფაძე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
თოფაძის განცხადებას გიორგი ვოლსკიც გამოეხმაურა:
„არჩევნები ჩატარდა კოალიციურად და გაყალბება არ არის დადასტურებული, რადგან აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დაიდო. რაც შეეხება კურსს, ეს კურსი არანაირად არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. პოლიტსაბჭოზე მოგვიწევს ამ საკითხზე მსჯელობა."- განაცხადა ვოლსკიმ.