logo_geo
eng_logo
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერს ხვდება
- +

19 მარტი. 2016. 15:32


საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, დეპუტატები - გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ზურაბ ტყემალაძე.


შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გააკეთა:


„ჩვენ წარდგენილი გვაქვს წინადადებათა პაკეტი, რომელიც იწყება საარჩევნო სისტემით და მთავრდება ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვით, დანარჩენს უკვე გვაჩვენებს სამუშაო ჯგუფის სიტუაცია. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს თავისი ნება გაცხადებული, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ სამუშაო ჯგუფი იმიტომ იქმნება, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ხელისუფლებამ თავის მხრივ, გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადავდგათ, რათა მოვხსნათ კითხვის ნიშნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ერთგავარად ვუპასუხოთ ვენეციის კომისიის იმ ერთგვარად უარყოფით დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო", - განაცხადა კაციტაძემ.


უმრავლესობის წარმომადგენელის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც ხელისუფლების, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.


„მთავარია, რომ სამუშაო ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - განაცხადა ძიძიგურმა.


ოპოზიციის მოთხოვნაა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner