logo_geo
eng_logo
გურამ ფირცხალავას გარდაცვალებიდან 2 წელიწადი გასულა…
- +

8 ნოემბერი. 2016. 10:44


 

 

გურამ ფირცხალავას გარდაცვალებიდან 2 წელიწადი გასულა... ის 74 წლისა დარჩა. კარგი მსახიობი, კარგი კაცი. რაც არ უნდა უარყოფითი როლი ჰქონოდა, მაინც დადებით ემოციას იწვევდა მაყურებელში.

 

მახსოვს, როცა 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი დააპატიმრეს და მან შიმშილობა დაიწყო, ერთი კვირა რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა. მისი პალატის კართან ბადრაგი იდგა, არავის უშვებდა, არც ცოლს, არც შვილებს, არც დებს, მხოლოდ ბატონი გურამი ახერხებდა შესვლას. მოვიდოდა, ყველას მოგესალმებოდა, მერე უცებ გვერდს აგვივლიდა, გაოგნებულ ბადრაგს წარბს აუწევდა და დაუკითხავად შედიოდა. მას ვერ უბედავდნენ, ჯაჭვლიანი პატიმარია და პალატაში შესვლა აკრძალულიაო, მისთვის ყველა კარი ღია იყო. უკან გამობრუნებული ისევ გადახედავდა ბადრაგს და ჰკითხავდა:

 

- მეგრელი ხარ, ბიჭო, შენ?

 

- კი, მეგრელი ვარ, ბატონო გურამ, - პასუხობდა თავჩაღუნული ბადრაგი.

 

- გეტყობა!

 

ბოლოს... გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ველაპარაკე. მოვიკითხე, ცუდად ვარო. საუბარი უჭირდა, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დამთანხმდა - ჟურნალისტებს აღარ ველაპარაკები, მაგრამ შენ უარს ვერ გეტყვიო. მანამდე მის მეუღლეს ველაპარაკე, ქალბატონ თანგულის, ისიც შეწუხებული იყო. ვატყობდი, ვერ იყო საქმე კარგად, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ყველაფერი ასე მალე თუ დამთავრდებოდა.

 

ბატონმა გურამმა ხუმრობაც სცადა: ბიჭო, ამ ჩემს მეუღლეს ისეთი სახელი ჰქვია, როცა შევირთე, კარგა ხანს ვერ ვიმახსოვრებდიო. ძალიან წუხდა, ეს ხელისუფლება რატომღაც სუსტობს და ეს არ მომწონსო:

 

„დააშავა კაცმა, ფული შეჭამა, რაოდენობასაც ასახელებენ, ამდენი წაიღოო, გაფლანგაო და ამისთანა კაცი კიდევ გარეთ უნდა დასეირნობდეს? ირაკლი ღარიბაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ როგორც ჩანს, გარშემო არ ჰყავს სანდო ხალხი. მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი მართლა შეკაზმავს მერანს, ისე დაერევა ამათ, რომ ეტირებათ ყოფა... ისევ ღარიბაშვილის იმედი მაქვს, კაი ჯიშიანი კახელია, ჯანმრთელი ოჯახის შვილია და მე მგონი, მალე დაერევა ამათ მათრახით. ახლა, როგორც ვატყობ, ჩვენს პატრიარქსაც უტევენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ, ეშმაკიც რომ მოვიდეს, მაგას ვერ გაუშვებენ, ვერ გადააყენებენ. მე იმის მეშინია, ფიზიკურად არ მოუწყონ რამე. ერთხელ სცადეს და ვერ მიაღწიეს მიზანს, გადარჩა".

ეს არის ამონარიდი მისი ბოლო ინტერვიუდან. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გურამი ძალიან ავად იყო,მაინც წუხდა ქვეყანაზე, ხალხზე, პატრიარქზე და მომავალზე.


გელა ზედელაშვილი



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner