დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ადგილას იპოვეს მეორე შავი ყუთიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებისთვის მინიმუმ ორი თვე იქნება საჭირო.
ავიაკატასტროფა გვიან ღამით მოხდა, შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 62 ადამიანი. სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, ესენია ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა. თუმცა, როგორც რუსმა კანონმდებელმა სერგეი შატიროვმა განაცხადა, ავიაკატასტროფა დიდი ალბათობით ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.
მისი თქმით, ეკიპაჟის ხელმძღვანელს უნდა აერჩია ალტერნატიული აეროპორტი დასაფრენად.
„მან გადაწყვიტა როსტოვში დაფრენა, რის გამოც ორსაათნახევრიანი ფრენის დროს საწვავი დაიხარჯა", - აღნიშნა ფედერაციული საბჭოს წარმომადგენელმა ტრანსპორტის საკითხებში.
მისივე თქმით, როდესაც მფრინავმა მოითხოვა როსტოვის აეროპორტში დაფრენა, დისპეტჩერმა მას ამის ნებართვა არ მისცა უამინდობის გამო, თუმცა, თვითმფრინავს საკმარისი საწვავი უკვე აღარ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ Fly Dubai-ის კუთვნილმა სამგზავრო ლაინერმა პირველ ცდაზე დაფრენა ვერ განახორციელა, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში აეროპორტის ცაზე იფრინა.