ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ნიუ-ჰემფშირის შტატის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში დაიწყო.
ადგილობრივი დროით, 00:00 საათზე სააჩევნო უბანი გაიხსნა ნიუ-ჰემფშირის დასახლება დიქსვილ-ნოტჩში. ტრადიციულად, ამ დასახლებაში არჩევნები ღამით იწყება, შედეგები კი ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. დიქსვილ-ნოტჩი კანადის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და იქ დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 6 ამომრჩეველია. ამჯერად დიქსვილ-ნოტჩში არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა - მას 4 ამომრჩეველმა მისცა ხმა, დონალდ ტრამპს კი - ორმა.
არჩევნების ღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დიქსვილ-ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბნენ. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.
დიქსვილ-ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე სოფელში იხსნება.
შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, გახსნან საარჩევნო უბნები შუაღამეს და დახურონ ისინი მას შემდეგ, რაც არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.
აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.