logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება
- +

8 ნოემბერი. 2016. 11:55


 




„საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება 8 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექნება მსგავსი ტიპის გამოცდილება.

 

 

„ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტებით 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭირვალე და ხარისხზე ორიენტირებული ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



ქუმსიშვილის თქმით, ტექნიკური დათვალიერების სისტემა უზრუნველყოფს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.


„საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროდ სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. საყურადღებოა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილის წორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის. ახლა კი კონკრეტულად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები. დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  პროცესის ერთიანი ცენტრალიზებიული მართვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგების ალბათობას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner