მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა მუხიდინოვი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევ მამუკა მუხიდინოვს თავისივე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ვეფხვია მათურელთან, რა დროსაც მამუკა მუხიდინოვმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვეფხვია მათურელს სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ვეფხვია მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამუკა მუხიდინოვი 2016 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არაერთგზის) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამუკა მუხიდინოვი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.