ქონების გამოძალვის საქმეზე დავით კეზერაშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით სოდის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ქემოკლიძე დაიკითხა.
ქემოკლიძის ჩვენების მიხედვით, მან სოდის დირექტორისგან, დევი ჭელიძესგან მიიღო დავალება, მისულიყო ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის სახლში და ეკონტროლებინა ვითარება.
„სოდის თანამშრომლები სამი დღის განმავლობაში იყვნენ ბიზნესმენის სახლში. დავალება იყო, სახლიდან როცა გავიდოდა, გავყოლოდით. ნიჟარაძემ მითხრა, რომ საქმე ჰქონდა და მის მეგობრებს უნდა შეხვედროდა. შევათანხმე ჩემს ხელმძღვანელობასთან და გავყევი მას. ის ე.წ. პიქსელის შენობასთან ჩამოვიდა ორ მეგობართან შესახვედრად, შემდეგ მანქანაში როცა დაბრუნდა, მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით ფინანსურ პოლიციაში, მის ტერმინალში აღურიცხავი ბენზინის საკითხთან დაკავშირებით. როცა ეს ფინანსური პოლიციაც გავიგე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის მოცემული დავალების მიზანი იყო ნიჟარაძის 24-საათიანი კონტროლი", განაცხადა გიორგი ქემოკლიძემ.
ბრალდების მხარის ცნობით, კეზერაშვილი სწორედ სოდის გამოყენებით ახდენდა ბიზნესმენზე იძულებას, რათა დაეთმო მისი კუთვნილი ბიზნეს-აქტივები ფოთის პორტში.