logo_geo
eng_logo
ომარ ქუცნაშვილი: სანდრას სიონი მოეწონა და მიშამ გზის ერთი მოკლე მონაკვეთი დააგებინა, შემდეგ მიაგდეს
- +

8 ნოემბერი. 2016. 16:50


 

- ამომრჩეველთა 60,9 პროცენტის მხარდაჭერით თქვენი ვაჟი წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში დეპუტატი გახდა. ელოდით ზაქროს ასეთ წარმატებას? - ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ბატონ ომარ ქუცნაშვილთან, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან.

 


პასუხი იყო ცალსახა:

 

 

- რა თქმა უნდა.

 

 

- ხალხი ამბობს - ზაქარია ქუცნაშვილმა თიანელებს იმდენი კარგი საქმე გაუკეთა, სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყოო.



- დავეთანხმები ამ შეფასებას და აქვე დავაზუსტებ: შესაბამისი სამინისტროების თანადგომით. იყო სხვა ფაქტორიც, არანაკლებ მნიშვნელოვანი: გაკოტრებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ საარჩევნო ოლქში ხმების მხოლოდ 9 პროცენტი მიიღო.



ეს განაპირობა იმან, რომ თუ დუშეთში „ნაცმოძრაობა" ჯერ კიდევ ფეხმოკიდებულია, ყაზბეგსა და თიანეთში მისი გავლენა განულებულია. ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს - ოტიაშვილს, დუშეთის ყოფილ გამგებელს, ამომრჩეველთა მხოლოდ 13 პროცენტმა დაუჭირა მხარი.



- დუშეთი ისეთი რა „ბეღელია" ნაციონალების?

 

 

- დუშეთიდან არის იგივე ნაციონალი შალვა ნათელაშვილი, სააკაშვილისტების აქტიური მხარდამჭერი და პროპაგანდისტი, და ერთი უზნეო ქალი (გვარის დასახელებას მოვერიდები), რომელმაც დედამთილს უთხრა, პურზე გავალო და წავიდა, მიატოვა ოჯახი, საყვარელს გაჰყვა. ჩვენთან მთაში ეს ყოვლად მიუღებელ, მორალურ დეგრადირებად არის მიჩნეული.



„ნაცმოძრაობის" და მისი მაჟორიტარის მინიმალური პროცენტებიც ძალიან დიდი დაფინანსების საშუალებით იყო მოპოვებული. როგორც ირკვევა, მგონი ჩოჩელს ჰქონდა ეგ დავალებული.



ასეთი სქემა თამაშდებოდა: ჩოჩელს, როგორც მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, სურდა, ეს რეგიონი კვლავაც თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაეტოვებინა. შენიღბულად: ორივე (ჩოჩელიც და ოტიაშვილიც) დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობდა არჩევნებში.



ჩოჩელმა ისიც კი გაბედა, რომ ავრცელებდა ხმას, თითქოს „ქართული ოცნება" უჭერდა მხარს.



- ეს ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად ზაქარია ქუცნაშვილის არჩევას.

 

 

_ დიახ, ერთი ესაა. ახლა სხვასაც გეტყვით. ჩვენთან, მთაში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის ჭარბობდნენ და ამჟამადაც ჭარბობენ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს. ოცდაათ ვერცხლზე უფრო იაფად გამყიდველებს. ბევრად იაფად.


ეს ერთი მომენტი.


მეორე. მადლიერების განცდა მთიელებში არასოდეს წაშლილა. სიტყვას საქმედ რომ აქცევ და უღალატობას შეგნიშნავს, იგი სამუდამოდ შენი ერთგული რჩება. ღალატს ვერ იტანს მთიელი.



იმასაც ვიტყვი, რომ  ხალხთან ზაქროს მიდგომა ურთიერთობაში სხვა კულტურას ნერგავს. იგი ღრმად არის დარწმუნებული, რომ დეპუტატი, უპირველეს ყოვლისა, ხალხის წარმომადგენელია, შემდეგ - კანონშემოქმედი. (14 კანონის ავტორია ზაქარია ქუცნაშვილი. - ა.ს.). ხალხის მსახურია. აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც უნდა დაუდგეს შუამავლად და მიაღწიოს ამომრჩეველთა (ხალხის) წინადადებების, თხოვნისა და სურვილების აღსრულებას. არცერთ სამინისტროს არ მოეშვებოდა, სანამ თავისას არ გაიტანდა.



აი, ძირითადად ამ ფაქტორებმა განაპირობა მისი წარმატება.



- ბატონო ომარ, მოდით, ახლა მაინც გვერდზე გადადეთ თავმდაბლობა და დეპუტატ ქუცნაშვილის მიერ გაკეთებული საქმეები ჩამოთვალეთ, თიანელთა გარდა ჩვენმა მკითხველებმაც რომ იცოდნენ...

 

 

- რახან მთხოვთ, ვიტყვი, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ საქმენი თავად მეტყველებენ ყველაფერს...



ზაქრომ, როგორც „ოცნების" წარმომადგენელმა, ჩვენებურებს დაუბრუნა იმედი. ეს უპირველესია. იმ კუთხეში, სადაც არც გზა იყო, არც წყალი, არც ელექტროენერგია (ზოგიერთ სოფელში - საბჭოთა პერიოდშიც კი), სადაც არცერთი ბიბლიოთეკა არ მუშაობდა, აღარც საბავშვო ბაღები, გაპარტახებული იყო სასკოლო შენობები, რომლებშიც საკლასო ოთახებს თუნუქის ღუმელებით, შეშით ათბობდნენ, ყველა ეს პრობლემა გადაუჭრა.



დღეისთვის ყველა სკოლა აღდგენილი და რეაბილიტირებულია, თანაც - ცენტრალური გათბობით. ყველა საბავშვო ბაღი ამოქმედდა. ყველა სოფელი გამრიცხველიანებული და უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, გადაწყდა წყალმომარაგების საკითხი. გაიყვანეს შიდასახელმწიფოებრივი გზები...



- აბა, სააკაშვილმა გაიყვანაო?..

 


- ერთი ექვსკილომეტრიანი გზა - აქეთ, ცხვარიჭამიასთან. სანდრა რულოვსს მოსწონებია ძალიან სიონი და წინა არჩევნების პიარპროგრამით დააგეს ასფალტი ამ გზაზე, თანაც - ერთ ფენად. შემდეგ მიაგდეს.



ახლა თავიდან აშენდა სასადილო-სიონის ბეტონისსაფარიანი გზა, მთლიანად რეაბილიტირებულია თბილისი-ცხვარიჭამია-ღულელები-თიანეთის გზა. დაიწყო და ნოემბერში დამთავრდება (სამი კილომეტრიღა დარჩა, უამინდობამ შეაფერხა) ჟინვალი-თიანეთის და ყველა შიდა გზა. ახმეტა-თიანეთის გზის პროექტი მომზადებულია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. დღე-დღეზე გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გაისად დაიწყებს მშენებლობას. ამ 30-კილომეტრიანი გზით თბილისს კიდევ ერთი შემოვლითი მაგისტრალი გაუჩნდება.



ეს კი ნიშნავს, რომ თიანეთს აღუდგება სამხედრო-პოლიტიკური ფუნქცია, ზურგის ფუნქცია, რომელსაც იგი ისტორიულად ასრულებდა. ჩვენი ვიწრო ხეობები სავსეა ციხესიმაგრეების ნანგრევებით, სადაც კახეთში შემოსევების დროს თავს აფარებდა დევნილი მოსახლეობა - ბავშვები, ქალები, მოხუცები და უმწეონი.



- ბიბლიოთეკები?

 


- არ დამვიწყებია. ყველა სოფელში აღდგა ბიბლიოთეკები. ზამთარი დიდია: ჩვენ ხალხს უყვარს წიგნის კითხვა, წიგნიერი ხალხია. ეს ქმნის მიგრაციის დამაბრკოლებელ გარემოს. უკუმიგრაციის პრობლემა  ბარიდან მთისკენ  თუ არ გადავწყვიტეთ, ჩვენი ქვეყნის საშველი არ იქნება. ბარემ ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც ვიტყვი მოკლედ: თიანეთში მოგვარდა წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემები, გაკეთდა ვაჟას სახელობის არაჩვეულებრივი პარკი სპორტული მოედნებით, საჭიდაო დარბაზით (ბიძინა ივანიშვილმა გვაჩუქა), ათას მაყურებელს რომ იტევს, ისეთით; საკონცერტო დარბაზით. ზაფხულში აქაურობა სავსეა დამსვენებლებით.



პარკის მიმდებარედ, ივრის მარჯვენა ნაპირზე დამთავრდა შესანიშნავი ტაძრის მშენებლობა. ეს იქნება ფშავ-ხევსურეთის მართლმადიდებელი ეპარქიის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარი.



- მაღალი სულიერება, სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული, შრომისმოყვარეობა ამ კუთხის ხალხის დამახასიათებელი თვისებებია. ეს არაერთგზის აღნიშნულა...

 


- პოეტური ბუნების ხალხი ცხოვრობს ჩვენთან - გენეტიკურად ასეა. ამიტომაა, რომ ისეთი პოეტი გვყავს, როგორიც მირზა გელოვანია. მისი ლექსები ჩვენებურებმა ზეპირად იციან. თიანეთში განახლდა მირზას სახლ-მუზეუმი, ხოლო სახელი და პოეზია არასოდეს გახუნებულა. მირზამ, სრულიად ახალგაზრდამ, სამშობლოსთვის გასწირა თავი დიდ სამამულო ომში.



მფრინავი ზურაბ იარაჯული კი საქართველოს გამთლიანებისთვის იბრძოდა. 40-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ბოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოაგდეს სოხუმთან ახლოს. ჩეჩნები და აფხაზები გარს შემოერტყნენ და დანებება მოსთხოვეს (ტყვეების გაცვლის შემთხვევაში ყველაზე ძვირად თურმე მფრინავი ფასობს). ზურაბი არ დანებდა, მიუშვა ახლოს და სამი ტყვიით, რომლებიც პისტოლეტში დარჩენოდა, სამი თავდამსხმელი გამოასალმა წუთისოფელს. იმათაც ესროლეს და მოკლეს.



ასეთი თავგანწირვა მოეწონათ აფხაზებს და ჩეჩნებს, დაკრძალეს დიდი პატივით და ქართულ მხარეს შეატყობინეს, რომ ეს ვაჟკაცი აქა და აქ არისო დაკრძალული.



ჩვენებმა მაშინვე გადმოსვენეს.



სამწუხაროდ, მთელი ოჯახი ამ უბედურებას გადაჰყვა.



ახლა ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერი კეთდება თიანეთში. ზაქრო პრეზიდენტ მარგველაშვილთან შევიდა და დაფინანსებაში მხარდაჭერა სთხოვა.


 

- მარგველაშვილმა რაო?

 

 

- არც არაფერი. მოუსმინა და მეტი არაფერი. პრეზიდენტს ურჩევნია, საერთო ენა მონახოს და მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციებს _ მსტოვართა ლეგალურ ინსტიტუტს, ვიდრე წინ წაწიოს ქართული საქმე. ბევრ შემთხვევაში ასეა.

 

ეჭვი მეპარება, რომ ქართული სულის კაცია საქართველოს პრეზიდენტი. სიტყვას რომ იტყვის და არ შეასრულებს, ის კაცი, მთიელების რწმენით, გასულია სიმართლის ველიდან.

 

 

გმირებს, ჩემი აზრით, ოჯახი და ერი ზრდის. ოჯახი არის სულიერი მასაზრდოებელი პიროვნებისაც და ერისაც. ოჯახის გარეშე ერი ვერ შედგება. თუ გვინდა, რომ უსამართლო მსოფლიოსგან დაღლილი ხალხი გათავისუფლდეს და ამდენი უბედურება არ ხდებოდეს, კაცობრიობამ უნდა შეცვალოს პარადიგმა - არა მხოლოდ პიროვნების უფლებების და თავისუფლების დაცვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, - ერი, ოჯახი და პიროვნება! პიროვნება მხოლოდ მაშინაა სრულყოფილი, როცა ოჯახიც და პიროვნებაც ერის სამსახურში დგას, ერის სიცოცხლით ცხოვრობს და მის მარადიულობაზე ფიქრობს.



ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი არის ყველაზე შენიღბული და ყველაზე უფრო საშიში ფორმა მცირერიცხოვანი ერების იდენტურობის შენარჩუნების წინააღმდეგ მიმართული.

 

 

ეს, ჩემი აზრით, არის მეთოდი იმპერიული და ნეოკოლონიური პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყენებული, მთავარი იდეოლოგიური მექანიზმი დღევანდელ მსოფლიოში. ამასთან ერთად - ეკონომიკური და ინტელექტუალური ექსპანსია.

 

 

რა დაგვრჩენია, რა იარაღი, მცირე ერებს თავის დასაცავად?



ერი, ოჯახი, პიროვნება! მამული, ენა, სარწმუნოება! ამ ორი სისტემის ერთიანობა გვაძლევს ეროვნულობის შენარჩუნების საშუალებას. ამას კი ცოდნა და ღრმა განათლება სჭირდება.

 

 

- და, არსებული რეალობის სწორი შეფასება.

 

 


- რა თქმა უნდა. მამულიშვილები უნდა აღვზარდოთ და არა მსოფლიო მოქალაქეები. ეს უკანასკნელი სიკეთე დიდ ერებს დავუტოვოთ. მცირე ერებს არა გვაქვს უფლება, ამის პრეტენზია გვქონდეს. ჯერ ოჯახიშვილობა, მამულიშვილობა არის ჩვენთვის მთავარი.



- და ბოლო შეკითხვა, რომელიც ჩვენი რეალობის უმწვავეს პრობლემას, საქართველოს მთლიანობის აღდგენას შეეხება.

 

 

ახლახან ზაქრო ქუცნაშვილმა რუსეთის მხრიდან შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც ამ ქვეყანასთან საპარლამენტო თანამშრომლობის განახლებისა და დიპლომატიური კავშირის აღდგენის შესაძლო პერსპექტივას ეხებოდა, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გამორიცხულია იმ ბარიერის მოხსნამდე, რომელიც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის შედეგად. მან ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები რუსეთთან, ევროპასთან ინტეგრაციის ჰარმონიულად, ნაკლები წინააღმდეგობის ფონზე განსავითარებლად.

 

 

რას იტყვით ამ განცხადების შესახებ?

 


- მოკლედ გეტყვით: სავსებით ვიზიარებ ამ პოზიციას.




და დაუმატა:

 

თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს

ის იწვა ერთი,

და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს

თვალებით თეთრით...

არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის

არ ეგდო სადმე,

მხოლოდ შემხმარი მოშავო სისხლი

შვენოდა წარბებს.

ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,

მკერდით დაიცავს,

გმირობას მისას არ დაივიწყებს

რუსეთის მიწა.



ეს ლექსი-მეტაფორა მირზა გელოვანისაა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner