logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველომ აშშ-ში სრული მხარდაჭერა მიიღო
- +

19 მარტი. 2016. 18:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამია, რომ მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში, პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. კვირის ბოლო სამუშაო დღე მან კონგრესისა და სენატის წევრებთან შეხვედრას დაუთმო. ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრის შემდეგ მან ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაფასა და კვირის განმავლობაში განხილული ყველაზე მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილა.



მინისტრ ჯანელიძის განცხადებით, ვაშინგტონში, სახელმწიფოს მაღალ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებში შეხვედრებისას, საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის მიმართულებით, ისე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.



საქართველოს პირველი დიპლომატის შეფასებით, ვიზიტის განმავლობაში დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან გამოითქვა მზაობა ალიანსში გაწევრიანების პროცესის წასახალისებლად.



„ამერიკის ხმის" კითხვაზე - ვარაუდობს თუ არა მინისტრი ფართომასშტაბიანი კონფრონტაციის ან ორმხრივი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ესკალაციის შესაძლებლობას გამომდინარე ბოლო ეტაპზე მოსკოვის მხრიდან გააქტიურებული მკაცრი რიტორიკის ან სეპარატისტულ რესპუბლიკებთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებებიდან, ისე, როგორც ამას რამდენიმე ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს (იგულისხმება მაკ-კეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტ დევიდ კრემერის ბოლო პუბლიკაცია-ავტორი), მინისტრმა უპასუხა, რომ დეესკალაცია საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია.



საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს დეესკალაცია და ჩვენს პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარების გზები მშვიდობიანი იყოს და ჩვენ შევძლოთ, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულ რეჟიმში განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჯანელიძემ.



„რუსთავი 2"-ის კორესპონდენტის დასმულ კითხვაზე, როგორ აღიქვამს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი არის, რომ პირველ რიგში, უზრუნველყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.



საქართველოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ კიდე უფრო დაგვაახლოვებს ევროპასთან და ნატო-სთან და შევინარჩუნოთ ის კონსტრუქციული მიდგომები, რომლებიც მოგვცემს ამ ყველაფრის განხორციელების საშუალებას თავისუფალ და მშვიდობიან რეჟიმში", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner