„სააკაშვილმა გიორგი პაპუაშვილსა და მამუკა ახვლედიანს დაავალა სასამართლო სისტემისა და მთელი იმ პროცესების თავდაყირა დაყენება, რომლებზეც ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებს ასამართლებდნენ", - ამ განცხადებას „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს. მისივე თქმით, ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ მთელი სასამართლო ჩამოიშალოს.
„პაპუაშვილის განცხადებები იმ გეგმის ნაწილია, რომელიც სააკაშვილმა და ადეიშვილმა ოდესაში შეადგინეს. საქმე ის გახლავთ, რომ სააკაშვილმა გიორგი პაპუაშვილსა და მამუკა ახვლედიანს დაავალა სასამართლო სისტემისა და მთელი იმ პროცესების თავდაყირა დაყენება, რომლებზეც ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებს ასამართლებდნენ. გეგმის თანახმად, მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ უნდა აგორებულიყო შავი პიარი, ისინი არალეგიტიმურებად, უუნაროებად და ა.შ. უნდა შერაცხილიყვნენ. ეს უნდა გაკეთებულიყო იმ ფონზე, თითქოს ლევან მურუსიძე და სხვა მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილსა და მის ბანდას არ გაემწესებინოს სისტემაში. ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ მთელი სასამართლო ჩამოიშალოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ყველა ის განაჩენი, რომელიც ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და რეჟიმის სხვა ჯალათების წინააღმდეგ გამოიტანეს".
მჟავანაძემ ასევე ისაუბრა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ თეა წულუკიანი ემუქრება პირადი კადრების გავრცელებით. მჟავანაძის თქმით, პაპუაშვილს არა წულუკიანი, არამედ სააკაშვილი ემუქრება, რადგან მან ვერ შეასრულა ის დავალებები, რაც სააკაშვილმა ოდესიდან დაავალა.
„წარმოდგენა არ მაქვს, რომელ კადრებს გულისხმობს გიორგი პაპუაშვილი, მაგრამ ერთი რამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს - 28 ათასი ვიდეოფაილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ტყუილად არ შეუქმნია. ეტყობა, მათ შორის რამდენიმე ფაილი გიორგი პაპუაშვილსაც ეძღვნება. რადგან პაპუაშვილმა და მამუკა ახვლედიანმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს სასამართლო სისტემის დანგრევა და დემორალიზება, როგორც ჩანს, პაპუაშვილს თეა წულუკიანმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა შემოუთვალა ოდესიდან - საქმე ბოლომდე მიიყვანეთ და ხელი გაანძრიეთ, თორემ ფარულ კადრებს გამოგიქვეყნებთო. ამას რომ ვამბობ, ლევან მურუსიძესა და სხვა ოდიოზურ ფიგურებს კი არ ვიცავ, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან მოკალათებულები, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების ჩამოშლა დაუშვებელია. სააკაშვილის ამ ვერაგ განზრახვას ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს", - განაცხადა მჟავანაძემ.