logo_geo
eng_logo
მიხეილ ხმალაძე: ძველი მანქანების შემოყვანა არ აიკრძალება!
- +

8 ნოემბერი. 2016. 22:38



სახმელეთო ტრანსპორტის  სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხმალაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების  სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება იმიტომ გადაწყდა, რომ  პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. მისი თქმით, ძველი მანქანების შემოყვანა არ აიკრძალება, მაგრამ შესაძლოა, განბაჟების სისტემაში ცვლილებები შევიდეს.


„საქართველოს მთავრობის კონსულტანტი კომპანია კვალიფიციური იქნება, რის შედეგადაც სწორი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ. კომპანიამ ადგილობრივი ბაზარი უნდა შეისწავლოს. დღესდღეობით, ტესტირების 24 ცენტრი გვაქვს, რაც საკმარისი არ არის და დამატებითი ცენტრები უნდა აშენდეს. საკონსულტაციო კომპანია სწორი ლოკაციების შერჩევაში და ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნაში უნდა დაგვეხმაროს. ელექტრონული სისტემის არსებობის პირობებში, დამონტაჟებული აპარატურის უმეტესობა ცენტრალურ სისტემასთან ავტომატურ რეჟიმში იქნება მიერთებული და როცა ავტომობილი ცენტრში დათვალიერებაზე შევა, ინფორმაცია ცენტრალურ ბაზაში აისახება და მისი შეცვლა შეუძლებელი გახდება. ასევე მოხდება პროცესის ვიდეოგადაღება, რაც კორუფციის რისკებს შეამცირებს.

 

მაგალითად, ტარიფი სხვადასხვა, ავტომობილის წლოვანების მიხედვით დადგინდეს. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომ მფლობელებს 10-15 წლის მანქანების გაჩერება მოუწევთ. ყველა მანქანას თავისი სტანდარტი და ქარხანა-მწარმოებლისგან მინიჭებული ტექნიკური პარამეტრები აქვს და ნებისმიერი მანქანა თავისი სტანდარტის შესაბამისად შემოწმდება. მოსაზრება, რომ ძველი მანქანა პერიოდულ ტესტირებას ვერ გაივლის და ახალი გაივლის, აბსოლუტურად მცდარია. მთავარია, ავტომობილი მოწესრიგებული იყოს და თავის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს", - განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის  სააგენტოს დირექტორმა.


ხმალაძის განცხადებით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მფლობელებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაჩერება მოუწევთ.


„საერთოდ, ასეთი დაყოფა არასწორია. მოთხოვნა არის ის, რომ მანქანა უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა იყოს. ტესტირების სისტემა იქეთკენ არაა მიმართული, რომ რომელიმე მანქანა გავაჩეროთ. პირიქით, გვსურს, რომ მანქანები მოწესრიგებული იყოს და ყველამ იაროს. რაც შეეხება გაზზე მომუშავე ავტომობილებს, ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, რათა ასეთი მანქანები შემოწმდეს, მაგრამ ამ ორი შემოწმების ინტეგრაცია უნდა მოხდეს, რომ მოქალაქეს ტესტირების 2 ცენტრში მისვლა არ მოუწიოს", - განაცხადა ხმალაძემ.


როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ტექდათვალიერების სისტემა სრულად 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


„ტექდათვალიერების ამოქმედებამდე წელიწადი და 2 თვეა დარჩენილი და ყველას მოვუწოდებ, ავტომობილები წესრიგში მოიყვანონ, რათა 2018 წლის 1 იანვარს მომზადებული შეხვდნენ.  ფასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კონსულტაციები გვექნება როგორც საკონსულტაციო კომპანიასთან, ასევე - ბიზნესთან. ფასი მოსახლეობის გადახდისუნარიანობასთან და ჩვენს რეალობასთან მორგებული იქნება. აუცილებლად დაწესდება ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ქვემოთაც, თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში, კომპანიებს ლავირება შეეძლებათ", - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner