საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მას მნიშვნელოვან და კონსტიტუციაში ასატან თემად არ მიაჩნია. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვინაიდან ეს საკითხი „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა, ვერანაირ დანაშაულს ვერ ხედავს იმაში, რომ მმართველმა გუნდმა დანაპირების შესრულებაზე იფიქროს.
„პარლამენტი რომელ ქალაქში იქნება, ეს უფრო ტექნიკური საკითხია და საერთოდ, რამდენად უნდა ეწეროს ეს კონსტიტუციაში, სხვა საკითხია. რაც შეეხება ქორწინების შესახებ ჩანაწერს, ამ საკითხთან დაკავშირებით მე პოზიცია დავაფიქსირე, როდესაც იყო ძალიან აქტიური მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი უნდა დამენიშნა. მე მიმაჩნია, რომ რეალურად კონსტიტუციაში ადის მარტო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხები. ქორწინების საკითხი არანაირად არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და კონსტიტუციაში ასატან თემად. კონკრეტულად ამ თემაზე, მე მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეული შტრიხი და ნაწილი იყო. „ქართულმა ოცნებამ" დააანონსა, რომ ისინი ამ თემით შევლენ პარლამენტში და თუ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ ჩანაწერს შეიტანენ კონსტიტუციაში. ეს იყო მათი საარჩევნო დაპირება. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას" გააჩნია ვალდებულებაც და უფლებაც, რომ ეს ვალდებულება შეუსრულოს ამომრჩეველს. აქ მე წინააღმდეგობრივს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა მარგველაშვილმა.