ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით 2030-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში იმის გამეორებას ცდილობს, რაც საქართველოში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილმა დაინახა, რომ პოროშენკო მას, როგორც ხელმოცარულ პოლიტიკოსს მალე გაუშვებდა და მან უბრალოდ დაასწრო.
„სააკაშვილმა ბრძოლა დაიწყო თავისი მამობილის, შევარდნაძის წინააღმდეგ, რომელმაც ის შეიფარა და გაზარდა. ახლა კი ბრძოლა დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე ქვეყნიდან გაქცეული სააკაშვილი შეიფარა, მოქალაქეობა მისცა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონი ჩააბარა. ის საქართველოშიც დამარცხდა და უკრაინაშიც. სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოზე ფიქრში ათენ-აღამებდა, მაგრამ როცა აქ მარცხი განიცადა და საკუთარმა პარტიამაც უგანა, ახლა დაიწყო საუბარი, რომ ის უკრაინელია და საქართველო აღარ აინტერესებს. ეს მისი სტილია და ქართული თუ უკრაინული საზოგადოება დარწმუნდა, საქმე რამდენად არასერიოზულ ადამიანთან აქვთ.
უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილის მიერ რეფორმებზე საუბარი ტყუილი ბაქი-ბუქი იყო და ის არაფრის გარდამქმნელი არ იყო. სააკაშვილს უკრაინაში არავინ გააკეთებინებდა იმას, რასაც საქართველოში აკეთებდა, როცა მოქალაქეებზე ძალადობდა. საქართველოში გასავალი ჰქონდა შოუებს, რომელსაც დგამდა, რადგან მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო კონცენტრირებული და რაღაც ეტაპზე, დასავლეთში და ჩვენს საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა არსებობდა, მაგრამ ამ პირობებშიც კი, მან ერთი პრეზიდენტობის ვადაც ვერ გაძლო და ისე იქცეოდა, პრეზიდენტობის მეოთხე წელს იძულებული გახდა, გადამდგარიყო. უკრაინაში ეს ყველაფერი გაცილებით ჩქარა მოხდა, რადგან იქ სხვა ვითარება იყო და თან, უკრაინელ ხალხს საქართველოს მაგალითი ჰქონდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.