logo_geo
eng_logo
არასამთავრობოები სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას დადებითად აფასებენ
- +

9 ნოემბერი. 2016. 10:52


 


ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, დროულ გადაწყვეტილებას უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო ტექნიკური დათვალიერების სავალდებულო შემოწმება უმნიშვნელოვანესია.


„ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები უნდა შეიქმნას რეგიონებში, თბილისში. ეს პროცესი უნდა იყოს ერთიანი, ცენტრალიზებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა კორუფცია გამოირიცხოს. მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირების პროცესის დროს მაქსიმალირად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მძღოლებს", - განაცხადა კვაშილავამ.


მისივე თქმით, ცნობილია, რომ გაუმართავი მანქანები იწვევენ ჰაერის დაბინძურებას, რაზეც არაერთი სტატისტიკა არსებობს.


„ზოგადად, ქვეყანაში, ჰაერის დაბინძურების 70% მოდის ავტოტრანსპორტზე. მეორე პრობლემაა საგზაო უსაფრთხოების საკითხი. ჩვენთან სტატისტიკის შეგროვება არ არის ისეთ დონეზე, როგორც სხვა ქვეყნებში, ზოგადად, ავტომანქანების გაუმართაობით, 20-30%-მდე ავარიები ხდება", - აღნიშნა კვაშილავამ.


ამასთან, საუბარში მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.



„მისასალმებელი ინიციატივაა. ამის შესახებ განცხადებას მოუთმენლად ველოდით. ავტომობილების 90%-ზე მეტი არის 12 წელს გადაცილებული, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ეს რა თქმა უნდა, დიდი საფრთხეა, როგორც გამონაბოლქვის, ასევე საგზაო შემთხვევების კუთხით", - აღნიშნა ლალიაშვილმა.


ლალიაშვილის თქმით, თუ რამდენი საგზაო შემთხვევაა გაუმართაობის გამო, ეს ინფორმაცია მას არ გააჩნია.

 

„მომავალში ყურადღებამისაქცევია, რომ ეს სტატისტიკა აღირიცხოს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ დაბინძურებული ჰაერის 70% მოდის ავტომობილის გამონაბოლქვზე. ცალსახად მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 76% ამბობს, რომ მათთვის ტექდათვალიერება მისაღებია. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა", - განაცხადა ლალიაშვილმა.


ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს.


მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.


ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner