ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან რაციონალური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.
„ეს ადვილი არ იქნება, რადგან საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვისას ტრამპისგან ისმოდა პროტექციონიზმის ელემენტები, ასევე შემაშფოთებელი გამოსვლები ქალებსა და სხვადასხვა უმცირესობაზე.
მაგრამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ წინასაარჩევნო კამპანია, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე იმ რეალობისგან, რასაც პოლიტიკოსები ატარებენ. ამიტომაც, იმედს ვიტოვებ, რომ გვექნება რაციონალური ურთიერთთანამშრომლობა",- განაცხადა მარტინ შულცმა.
შულცის თქმით, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ის მილიონობით ამერიკელის შეშფოთების საგნად იქცა, ამიტომ ახლა მის წინაშე დგას ამოცანა, რომ აშშ-ის პოლარიზებული მოქალაქეები გააერთიანოს.
„ტრამპის როლი დიპლომატიაში და შეთანხმებებში გამოიცდება პირველივე დღიდან ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია, ერაყი, უკრაინა თუ ლიბია. გლობალური დათბობიდან დაწყებული, NATO-ს მიმართ ერთგულებით დამთავრებული. მსოფლიო ელის და იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო მოღვაწეობა მიმართული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებაზე და დაიცავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს", - განაცხადა მარტინ შულცმა.