აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო ციებ-ცხელება მთელ მსოფლიოს გადაედო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რა ელოდება მსოფლიოს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაშინ, როცა ყველასთვის ცნობილია დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიმპათიების შესახებ. საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა აზრის მიუხედავად, საინტერესოა დონალდ ტრამპის საქართველოსთან კავშირი.
ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა, როცა ბათუმში „ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას თავად ბიზნესმენი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. სააკაშვილის თქმით, ეს პროექტი იქნებოდა ერთ-ერთ ძვირადღირებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოვიდა თავად დონალდ ტრამპიც:
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვიმყოფები. გიორგი რამიშვილს („სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელი, საქართველოში ტრამპის პარტნიორი) დიდი ხანია ვიცნობ და ის არასოდეს არ ჩერდება. ჩემი გუნდი კარგად იცნობს სიტუაციას და ამიტომ დავთანხმდით აქ შემოსვლას. ის ხალხი, ვინც ბათუმში ცხოვრობს, ყველაფრის მომსწრეა და ეს მათთვის კეთდება, თუმცა მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნის გარეთ ყველა თქვენზე საუბრობს, ბატონო პრეზიდენტო და თქვენ ხართ დიდი ადამიანი. მე აქ ბრწყინვალე დღეები გავატარე და ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში", - აღნიშნა ტრამპმა, ბათუმში „Trump Tower"-ის პრეზენტაციისას.
ტრამპის ორგანიზაციასა და „სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. როგორც ცნობილია, პროექტს Silk Road Group ხელმძღვანელობს, ქართული კონგლომერატი, რომელსაც ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში ბიზნესინტერესები აქვს.
„Trump Tower"-ის თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები უნდა განთავსებულიყო, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნებოდა. მიუხედავად პროექტის საზეიმო წარდგენისა, ის ვერ განხორციელდა. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა უამრავი შეკითხვა, შესაძლოა თუ არა, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროექტი ისევ განხორციელდეს, ან პროექტი ხომ არ შეჩერებულა მიხეილ სააკაშილის ხელისუფლებიდან წასვლის გამო? ამ საკითხებზე ჩვენ Silk Road Group-ის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს აკო ახალაიას ვესაუბრეთ.
„დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ან წაგებას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი პროექტის შეჩერებასთან. ჩვენ მის ორგანიზაციასთან გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება, შესაბამისად, მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, თუ როდის განხორციელდება ეს პროექტი".
- რატომ შეჩერდა პროექტი?
- მაშინ როცა ბათუმის TRUMP TOWER-ს ჩაეყარა საფუძველი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსხვავებული, უფრო მშვიდი პოლიტიკური ვითარება იყო, იმ ბაზრებში, რომელთაც უნდა ეყიდათ უძრავი ქონება (უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა მეზობელი ქვეყნები). ჩვენ ვართ ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც პროექტს აკეთებს იმიტომ, რომ ნახოს მოგება და იყოს წარმატებული. დღეს კი, ჩვენი ინფორმაციით, ამხელა პროექტის მშენებლობას აზრი არ აქვს, რადგან ის არ იქნება მომგებიანი და არ იქნება გამართლებული.
- შესაძლებელია თუ არა, რომ ეს პროექტი ისევ განახლდეს და ბათუმის TRUMP TOWER აშენდეს?
- თუ რეგიონში ისევ იქნება მოთხოვნა პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებლებზე და ფართებზე, მაშინ ამ პროექტს განვახორციელებთ. ამჟამად ტრამპის კორპორაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, კიდევ როგორ შეიძლება შეიცვალოს პროექტი. თავიდან თუ იყო 47-სართულიან შენობაზე საუბარი, შესაძლებელია მშენებლობა უფრო მცირე მასშტაბით დავიწყოთ.
ამ ეტაპზე რამე კონკრეტულზე არ ვართ შეთანხმებულები. დონალდ ტრამპთან სალიცენზიო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რაც ნიშნავს, რომ იყენებ ბრენდს და გარდა ამისა, ბევრ სხვა სიკეთეს, რომელსაც კონფიდენციალურობის გამო ვერ გავახმოვანებთ. ასევე, საუბარი იყო 250-დან 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომელიც თაუერის აშენებას სჭირდებოდა და რომელიც სრულად უნდა ჩაედო „სილქ როუდ ჯგუფს".