როგორც „აი სი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული თანხა კომპანიის განვითარებას მოხმარდება.
""საერთაშორისო სადაზღვეო კონსორციუმი" ევროპული წარმოშობისაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვყნებზეა ორიენტირებული. დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სადაზღვევო ბაზარზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს კონსორციუმის მიერ 7 მილიონი ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში" . ეს თანხა იქნება მიმართული კომპანიის განვითარებისთვის. მომდევნო წელს ძალიან ბევრი სიახლე იქნება შეთავაზებული ჩვენი კლიენტებისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სურპრიზს შევთავაზებთ იმ კლიენტებს, რომლებიც დღეისათვის არიან დაზღვეული. ჩვენ თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ უფრო კონკრეტულ პრეზენტაციას, ამ ეტაპზე ხელმოწერის ცერემონიაა, ამიტომ გარკვეულ ინფორმაციას საზოგადოებას თებერვალში გავაცნობთ, როდესაც მზად იქნება მთელი გეგმა მომდევნო წლისთვის", - განაცხადა თენგიზ მეზურნიშვილმა.
„როდესაც სურვილი გაქვს ინვესტიცია განახორციელო, ირჩევ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სფეროში და უნარი შესწევს განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. უმთავრესია ქვეყნას ჰქონდეს საჭირო განათლება ბიზნესის სფეროში და გარკვეული გამოცდილება მარკეტინგში. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, და „აი სი ჯგუფი" ის სადაზღვევო კომპანია, სადაც უნდა განახორციელო ინვესტიცია", - აღნიშნა „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა.
ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდასა და განვითარებისთვის იქნება მიმართული, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი" სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: თენგიზ მეზურნიშვილი - „აი სი ჯგუფის" გენერალური დირექტორი; ჯეიკობ ვესტერლაკენი - „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის" (ნიდერლანდები) დამფუძნებელი, დირექტორი; იოსებ გოგოლაშვილი - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე.